მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ციფრული ბოტასი - მორიგი თაღლითური პირამიდა - 29 ივლისი 2022

დღევანდელი საზოგადოება ასეთ თაღლითურ სქემებში ვცხოვრობთ და ბოლომდე ახლართულები ვართ“

სოციალური სიდუხჭირე ხშირად ადამიანებს აიძულებს ფულის შოვნის ექსტრავაგანტურ (რბილად რომ ვთქვათ) გზებს მიმართოს. მაგალითად, ასეთია STEPN-ის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს (ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული აძლევდა) ფეხით სიარულით თანხა გამოიმუშაონ. საუბარია  სპორტულ ფეხსაცმელზე, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით (ვირტუალური ბოტასია). ამ სპორტული ფეხსაცმლით უნდა იაროთ დღეში ორჯერ, რაღაც ენერგია დახარჯოთ და ამაში გამოიმუშავებთ კრიპტოვალუტას, რომელსაც შემდეგ გადააკონვერტირებთ რეალურ ფულში  და გამოიტანთ  თქვენი ანგარიშზე.

სწორედ მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული საზოგადოება აქტიურად ადევნებს  თვალს ციფრულ ბოტასებს, რომელთა მფლობელებს შესაძლებლობა ჰქონდათ სუფთა ჰაერზე სეირნობით, ძუნძულითა და სირბილით თანხა გამოემუშავებინათ. ერთი ნაწილი მას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საშუალებად მიიჩნევს, ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, რომ NFT ბოტასი, იგივე StepN ფინანსური პირამიდის მორიგი სახეობაა. ბოლო რეალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ აპლიკაცია მოგებულ თანხებს ვეღარ გასცემს და უკმაყოფილო აპლიკანტთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს.

ამ თემაზე ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს ვესაუბრეთ.

- მოგეხსენებათ, 21- საუკუნეში ათასი პირამიდული სქემა არსებობს - ყველაზე ცნობილი დანაშაულები სწორედ თაღლითური სქემებია. ადამიანებს გარკვეულ ილუზიას უქმნიან (შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს) და პოტენციურ მსხვერპლებს მახეში აბამენ. ანალოგიურია .. აპლიკაცია ბოტასი, რომელსაც უკვე პრობლემები შეექმნა. ანუ, ამ ადამიანებმა საზოგადოებაში ნდობა მოიპოვეს (ნეგატიურმა თუ პოზიტიურმა პროპაგანდამ მათთვის შედეგი გამოიღო), გარკვეულ თანხას დაეუფლნენ და ჩემი ინფორმაციით საერთოდ გაქრნენ. ფაქტობრივად, ახლაბოტასისყიდვა რომ მოინდომოთ, უკვე კაპიკებში იყიდით. მაგ; თუ აქამდე 2000 დოლარი ღირდა, დღეს 500 დოლარადაც შეგიძლიათ შეიძინოთ. ყველა ყიდის უკვე .. ბოტასს, რადგან ხვდებიან მორიგი თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.

როცა რისკავ, არ იცი თანხას ვისთან და რაში დებ, საერთოდ აღნიშნული ბიზნესის წარმომავლობაზე არაფერი იცი, როგორც წესი თაღლითურ სქემას ეხები. ამიტომ თქვენი ჟურნალის მეშვეობით საზოგადოებას ვუხსნი - თაღლითს შენი მორალი საერთოდ არ აინტერესებს; მაგალითად, მოხუცი ხარ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სოციალურად დაუცველი თუ .. მათგან თავი უნდა დაიცვათ, ეს პირველ რიგში თვითონვე უნდა გააკეთოთ. 

- როგორ უნდა დაიცვა?

- უპირველესად, კითხვების დასმით. მაგალითად, თანხა რაში უნდა ჩავდო? რეალურად, ვისთან უნდა დავაბანდო? ამის ყოველთვიური მოგება რა იქნება და .. რაც მთავარია - ამ ყოველივეს იურიდიულად გამყარებული ხელშეკრულება თან უნდა ახლდეს. შემდეგ მოთხოვნის საფუძველი გექნებათ, რომ ეს თანხა ამოიღოთ (არ დაგეკარგოთ). არა ასე, მთელი საქართველო ბრმად რომ ენდობოდა აღნიშნულ აპლიკაციას. განსაკუთრებით ახალგაზრდები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში დადიოდნენ-დარბოდნენ მოგების იმედით, მთელი ქვეყანა ამ ციებ-ცხელებით გადავსებული იყო.

ამიტომ საზოგადოებისთვის ჩემი თხოვნა და რეკომენდაციაა, რომ მსგავს შემთხვევებში ყოველთვის კრიტიკული კითხვები დასვან, თუ სად მიემართება მათი ფული. მიღებული პასუხებიც აუცილებლად გადაამოწმონ. ასეთი ტერმინი არსებობს - ენდე, მაგრამ გადაამოწმე! რათა მორიგი დაზარალებულის ამპლუაში არ აღმოჩნდე.

- ეს .. პირამიდა მუშაობის რა პრინციპზე დგას?

- მაგალითისთვის, სულ ახლახან იყოქიუნეტისპირამიდული სქემა, სადაც ორი კაცი უნდა მიგეყვანა, მოგცემდნენ ათას დოლარს, მერე იმათ სხვები მიჰყავდათ და .. ასე აგროვებდნენ ფულს, რაღაც ვაუჩერებს გჩუქნიდნენ... აქაც ანალოგიური პრინციპი მოქმედებს. ჩაერთვებოდი ამ სისტემაში, დადიოდი-დარბოდი და გარკვეულ თანხას გამოიმუშავებდი. დიდი სქემის ნაწილია, რომ აპლიკანტების დაინტერესება ყოფილიყო, მარტივად ფული როგორ გეშოვნა.

მაგრამ ეს ადამიანები კითხვას არ სვამდნენ - ასე მარტივად სხვა ფულს როგორ გაშოვნინებს? მაშინ ამ მსოფლიოში ამდენი გაჭირვება არ იქნებოდა! აქ მთელი რიგი გასააზრებელი ნიუანსებია.

ასევე, აღნიშნული კომპანია სადღაც ავსტრალიაშია დაფუძნებული, ვიღაც იქს პირების მხრიდან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას რაიმე როგორ უნდა მოსთხოვო? ანუ, რა საფუძველი გაქვს, შენი თანხის უკან ამოღება შეძლო? ამას ვერ გააკეთებ, გამორიცხული ამბავია იქ რომ მისწვდე ავსტრალიაში. რეალურად არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობს - ხელშეკრულება არ არის. ასეთ პირამიდაში თანხას როცა დებ, ფაქტობრივად ჰაერზე ყრი, რასაც ბრმად გარისკვა ჰქვია, მეტი არაფერი.

- არანაირი ტიპის წინასწარ შეთანხმებაზე საუბარი არაა?

- არანაირი ხელშეკრულება და შესაბამისად, ვალდებულებაზე საუბარიც ნულის ტოლფასია. ის გთავაზობს მიმზიდველ აპლიკაციას, რომ დღეში ორმოცდაათ დოლარს იშოვი. ახალგაზრდა იქნება თუ ასაკოვანი, რასაკვირველია გაწყობს სიარულში იშოვო 50 დოლარი. აი ასე მარტივად მაქინაციაში ერთვები. შედეგიც სახეზეა - დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი რომ ჩაერთო ამ ყველაფერში, ეგრევე აორთქლდნენ; რადგან მათ თავის მიზანს მიაღწიეს.

- პირამიდა თავისთავად გულისხმობს, რომ რაღაც ეტაპზე მოგებას ვეღარ გასცემ?

- რასაკვირველია და ჩვენ ეს ყველაფერი 90-იანების დასაწყისიდან გვახსოვს. აგროვებ და პირამიდულად ატრიალებ თანხას - ერთისგან ვიღებ, სხვას ვაძლევ, მერე სხვისგან კიდევ მორიგ გზააბნეულს ვაძლევ და მერე სადღაც იჭედები. და როცა იჭედები, ეს პირამიდა უკვე თავის მაქსიმუმს აღწევს. ასე დაემართაბოტასსაც“, როგორც მანამდე სხვებს ემართებოდა.

- სიარულით ფულის გამომუშავება რაღაც ახალი ტიპის სატყუარაა...

- თაღლითური სქემაც ამაზეა დაფუძნებული, რომ არაფრისგან ფულს აკეთებ. კი, შეიძლება დღეს ვიღაცამ რაღაც გაშოვნინოს, მაგრამ ხვალ აუცილებლად ასმაგად დაზარალდები; ვხედავთ, რამდენი უკვე დაზარალდა კიდეც. თქვენ რომ შეხვიდეთ მაგალითად მათ გვერდზესტეფნ ჯორჯია“, ხალხი უკვე ძალიან ცუდ სტატუსებსა და კომენტარებს აქვეყნებს, რადგან მიხვდნენ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.

- ადამიანები ასეთ რისკებზე რატომ მიდიან?

- გაჭირვებულ ადამიანს სწრაფად გამდიდრება სურს; სწრაფად ამოვიდეს იმ პრობლემებიდან, რის წინაშეც დგას. ჰგონიათ, რომ მსგავსი ტიპის თაღლითური სქემა მათთვის ხსნაა. ის კი არ იციან, რომ გაჭირვების რუტინას კიდევ უფრო ამძიმებენ. ამიტომ ლოგიკა ძალიან მარტივია - როდესაც რეალურად ოცდაათლარიანი ბოტასი გაცვია და ვირტუალურად ათასდოლარიან ბოტასს ყიდულობ (ფულს ვიღაცას აძლევ), უნდა იცოდე ეს შედეგი დადგება.

- დაზარალებულებს რა სამართლებრივი ბერკეტები აქვთ?

- არ აქვთ, რადგან კლასიკური თაღლითური სქემის მსხვერპლები არიან. ვიმეორებ, მსგავსი სქემები ჩვენ ეპოქაში ძალიან ბევრია. ფაქტობრივად, დღევანდელი საზოგადოება ასეთ თაღლითურ სქემებში ვცხოვრობთ და ბოლომდე ახლართულები ვართ. ვცდილობთ ამ თაღლითებისგან არ დავზარალდეთ და რამენაირად თავი დავიცვათ. სულ მაგას ვუმეორებ ჩემ კლიენტებს და არაკლიენტებსაც, საზოგადოებას - ისე უნდა იმოქმედო, რომ არავითარ შემთხვევაში საკუთარი ინტერესები არ დაიზიანო. ეს არ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გეცოდინება თანხას რაში აბანდებ.

სამწუხაროდ, არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არაა. წარმოიდგინეთ ახლა ვიღაცამ ბანგლადეშიდან ათი ათასი დოლარი რომ ჩამირიცხოს, მერე ჩემგან როგორ უნდა ამოიღოს? ეს რა კანონმდებლობით უნდა მოხდეს, ან მე ვინ უნდა გამასამართლოს? მან ხომ თავისი ნებით ჩარიცხა, მე ხომ არაფერი დამიძალებია. მე შევქმენი ეს აპლიკაცია, მოეწონა და ჩამირიცხა - აქ ზედმეტი კითხვები არ არსებობს. კლასიკური თაღლითური სქემის გამოვლინებაა.

- ამ პროცესში სახელმწიფო რაიმე ფორმით არ უნდა მონაწილეობდეს?

- სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს. ისეთი ბრმა პროცესია, ფიზიკურად წარმოუდგენელია სახელმწიფოს მხრიდან მისი კონტროლი. მაშინ არც სოციალური ქსელი უნდა არსებობდეს და არც მსგავსი არაფერი. ეგ უკვე სხვა განხილვის საკითხია.

მაგალითად, რუსეთში ასეთი პრეცედენტია, რომ გარკვეული პერიოდი კრიპტოვალუტის ხმარება საერთოდ შეიზღუდა. მაგრამ მოგვიანებით ისევ აამოქმედეს. რადგან აზრი არ ჰქონდა, პროცესს მაინც ვერ აკონტროლებდნენ.

- და ბოლოს, პოტენციური მსხვერპლებისადმი ადვოკატის რჩევები როგორია?

- კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - უნდა გადაამოწმონ ნებისმიერი ინფორმაცია, რა ბიზნესია, ვინ დგას მის უკან, დათვლადი უნდა იყოს ეს ყველაფერი (ბიზნესი ყოველთვის დათვლადია) და ხელშეკრულება უნდა იყოს გაფორმებული. ასე ბრმად თუ ვიღაცას ფულს აძლევთ, დღეს თუ ხვალ მსგავსი თაღლითური სქემის მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდებით.

 

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2023 ყველა უფლება დაცულია