მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„გენჩ ინშაათი-ის“ მფარველები, დამსაქმებელნი და დაზარალებული სახელმწიფო - 03 აგვისტო 2022

ჩვენს წინა წერილში აღვნიშნეთ, რომ გოქსელ გენჩისა და მისი კომპანიის ,,გენჩ ინშაათ”-ის დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლას განვაგრძობდით და სიახლეებსა და შესაბამისს მიგნებებს გავაცნობდით მკითხველს. 

წინა წერილში ასევე მოგახსენეთ, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს შორის 2019 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული, სავარაუდოდ, კორუფციული ტენდერის შესწავლა ვთხოვეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, გენერალურ პროკურატურასა და ,,სუსი”-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს. 

ზემოხსენებულ უწყებებში განცხადებების შეტანიდან ორიოდე დღეში დუშეთის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოდან დაგვიკავშირდნენ და მოგვახსენეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურმა აპარატმა საქმე შესასწავლად მათ გადაუგზავნა. ერთი მხრივ, სამართლებრივად ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფორმალურ რეაგირებას ახდენენ, თუმცა, ეფექტური გამოძიების მოლოდინი ნაკლებად უნდა გვქონდეს, რადგან, როგორც წესი, ის საქმეები, რომელთა მიმართაც ოპერატიული ინტერესი არსებობს, რომ გამოძიებულ იქნას, პირიქით, რაიონიდან ცენტრალურ აპარატში გადმოაქვთ, ხოლო აქ საპირისპირო მოხდა, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გოქსელ გენჩის კომპანიაზე სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გამოძიება ორი წელია სწორედაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მიმდინარეობს. რაც შეეხება არგუმენტს, რომ საქმე დუშეთის სამმართველოში ტერიტორიული ქვემდებარეობის მიხედვით იქნა გადაგზავნილი ფორმალურია და ვერავითარ იურიდიულ კრიტიკას ვერ უძლებს. რეალური სურათი კი ამდაგვარია : არსებობს გოქსელ გენჩის მიერ ჩადენილი არაერთი, არამედ მრავალ დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო მათი ცენტრალიზებულად გამოძიება მნიშვნელოვან საგამოძიებო ორგანოში, იგივე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, ფინანსურ პოლიციაში, ანდაც შს სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში, სადაც ყველა ეს საქმე გაერთიანდება, არ ხდება. პირიქით, საქმეები გაფანტულია. მიმდინარეობს ცალკე წარმოება ( 180-ე მუხლი - თაღლითობა) მარნეულში, ცალკე წარმოება ამჟამად უკვე დუშეთში და ცალკე წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კონკრეტული ინტერესი ამ საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენისა სადღეისოდ არ არსებობს. თუმცა, ვნახოთ, ამ ფონზეც კი, გვინდა უკეთესის მოლოდინი გვქონდეს, მით უფრო, რომ სხვა ძალოვანი უწყებებიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. 

პირველ რიგში, ამ ინფორმაციის მიწოდება გვსურდა მკითხველისთვის. გარდა ამისა, ჩვენ დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, კახაბერ ჩიტაურს ვესაუბრეთ, რომელსაც, როგორც წინა წერილში აღვნიშნავდით, ვერ ვუკავშირდებოდით და ვთავაზობდით ბრალდებებზე პასუხის გაცემას.  

- ბატონო კახა, 2019 წლის 10 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალმა გაიმარჯვა, უფრო სწორად, ვიღაცამ ეს ტენდერი ამ თაღლითურ კომპანიას ლანგარზე მიართვა. არსებობს ინფორმაცია, რომ ,,გენჩ ინშაათ”-ს ზაქარია ქუცნაშვილი ლობირებდა, მეტიც, ამბობენ, თქვენც იყავით ამ ტენდერში გარეული… ამაზე რას იტყვით?   

- საიდან უნდა მქონოდა ამ ტენდერთან შეხება ?! ზღაპარია, ეს არის ცრუ ინფორმაცია. თქვენ ვიღაცამ შეცდომაში შეგიყვანათ. თუ გნებავთ ოქროპირ ჯიქურს დაუკავშირდით, მოგცემთ მის საკონტაქტო ნომერს. 

- ეს ის ოქროპირია (,,გენჩ ინშათი”-ის მიერ დაქირავებული მუშახელი), რომელზეც წინა წერილებში ვწერდით, ვის შესახებაც ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციაში არ მოიპოვება. დაგვაკავშირეთ იდუმალებით მოცულ ოქროპირთან, თუკი არის ამის შესაძლებლობა…

- დიახ, მას უშუალო შეხება ჰქონდა ამ ტენდერთან და ის გაგცემთ ამომწურავ პასუხს. თუმცა, მეც მზად ვარ ყველა კითხვაზე გიპასუხოთ, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია, რადგან არ ვიყავი ამ პროექტში ჩართული. დეტალები მას ეცოდინება. ჩემს ინტერესშია, სიმართლე დადგინდეს. 

- ჩვენც სწორედ ეს გვინდა, ამიტომაც ამ ტენდერის შესწავლა შესაბამის ორგანოებს ვთხოვეთ… დუშეთის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველო უკვე დაგვიკავშირდა. ცნობისთვის, კომპანია ,,გენჩ ინშაათ”-ზე საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული…  

- იმიტომაც გითხარით, რომ ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდათ. არ ვიცი გამოძიება დაიწყო თუ არა, მაგრამ მე ამ ტენდერში გარეული არ ვარ, ეს დანამდვილებით ვიცი. თუ დაიწყო გამოძიება, გამოიძიონ, მხოლოდ მივესალმები. თუ რაიმე დარღვევა იქნება, კანონის დამრღვევნი უნდა დაისაჯონ. თქვენ გინდათ ჭეშმარიტება დაადგინოთ, ეს არის თქვენი მიზანი, ჩემიც, ასე რომ, დაგეხმარებით და ოქროპირს დაგაკავშირებთ. 

- დაბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,არაგველები 21-ე საუკუნე”-ს ხელმძღვანელის, ვაჟა საღირაშვილის ბრალდებებს რას უპასუხებდით ? მისი თქმით, თქვენ ქუცნაშვილთან ერთად ძარცვავდით ბიუჯეტს… 

- ვაჟას ინტერვიუ არ წამიკითხავს, ასე რომ, ვერაფერს ვიტყვი. 

ჩვენ დავუკავშირდით ,,გადამალულ” ოქროპირ ჯიქურს, რომელიც არაერთი სამშენებლო კომპანიის, მათ შორის, შპს ,,ფლოლისეს ინსთრაქშენ”-ის მფლობელია. ამ პიროვნებაზე დანარჩენს ქვემოთ მოგახსენებთ. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. 

ოქროპირ ჯიქური: ამ ტენდერში ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალის ქვეკონტრაქტორი შპს ,,ტექნო კონსტრაქშენი”იყო. ამ კომპანიის მფლობელი დარეჯან ბეჟანიშვილია, მე კი, ამ კომპანიის პარტნიორი ვიყავი. სხვათა შორის, ,,ტექნო კონსტრაქშენი” დღეს აღარ ფუნქციონირებს. დუშეთის მუნიციპალიტეტს ეს ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციაში, წესით, ატვირთული უნდა ჰქონდეს. 

- პირველ რიგში, გვითხარით, როგორ მოხდა თქვენი და გოქსელ გენჩის დაკავშირება ?

- გოქსელ გენჩის კომპანია ,,გენჩ ინშათ”-მა მოიგო ტენდერი და ჩვენ მათ სერვისი შევთავაზეთ. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, შესაძლებლობა, გვყავს სამშენებლო ტექნიკა და ა.შ. გარდა ამისა, დუშეთი ჩემი რეგიონია. შესაბამისად, მე ვასრულებ იქ სამუშაოებს. ამიტომ არჩევანი ჩემზე გაკეთდა. მე პირადად გოქსელ გენჩთან ურთიერთობა არ მქონია, არ ვიცნობ. მე მისი წარმომადგენელი, ქალბატონი მაკა ნაცვლიშვილი დამიკავშირდა. მაკას კარგად ვიცნობ, მქონია მასთან ურთიერთობა. ის თავის საქმის პროფესიონალია. 

- დაგვიკონკრეტეთ, სამშენებლო სამუშაოები სრულად თქვენ შეასრულეთ თუ,,გენჩ ინშაათ”-იც იღებდა მონაწილეობას ?

- ,,გენჩ ინშაათ”-ს არაფერი გაუკეთებია. ვიმეორებ, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია შპს ,,ტექნო კონსტრაქშენი”ასრულებდა. 

- არადა, მაკა ნაცვლიშვილის თქმით, სამშენებლო სამუშაოებს ,,გენჩ ინშაათი” ასრულებდა. მიღება-ჩაბარების აქტში ვკითხულობთ, რომ სამუშაოები,, ,,გენჩ ინშაათ”-მა შეასრულა. ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაში არ დევს… რით შეიძლება აიხსნას ეს ?  

- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ვიმეორებ, სამშენებლო სამუშაოები ჩვენ შევასრულეთ, თანაც ხარისხიანად, რაშიც ჯამაგირს ვიღებდით. და აქ რა დარღვევაა, სიმართლე გითხრათ, არ მესმის ?

- აგიხსნით - სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მე-16 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ქვეკონტრაქტორებს შესასრულებლად გადაეცეს შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობის 40 %-ზე მეტი. მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით აცნობოს შემსყიდველს, ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეკონტრაქტორებთან ხელშეკრულებების დადების თაობაზე და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა აღნიშნულზე. ამ მიზნით შემსყიდველს წარედგინება ქვეკონტრაქტორების მიერ შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულების მითითებით და გასაფორმებელი ქვეკონტრაქტორების ასლები. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეკონტრაქტორებთან დადებული ხელშეკრულებების ასლები წარუდგინოს შემსყიდველს აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, რაც ,,გენჩ ინშაათმა” არ გააკეთა. ,,გენჩ ინშათ”-ს ჩაერიცხა ბიუჯეტის თანხა - 157 ათასი, ხოლო ქვეკონტრაქტორმა და მუშახელმა რა თანხა მიიღო, ეს ინფორმაციაც არსად ჩანს. ამიტომ, იქნებ, თქვენ მაინც გვითხრათ, რა იყო თქვენი ჯამაგირი და თქვენთან წერილობითი ხელშეკრულება გაფორმდა თუ ზეპირი ?  

- ,,გენჩ ინშაათ”-ს არ ჰქონდა წარმოდგენილი ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის თაობაზე ? არ არსებობს! რა გამოდის, გოქსელ გენჩმა ბიუჯეტის თანხა მიითვისა ?  გამორიცხულია! სხვათა შორის, პროექტები წამგებიანი იყო, რაც ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ. გაინტერესებთ, დადებული მქონდა ხელშეკრულება ,,გენჩ ინშაათ”-თან თუ არა ? მოვიკითხავ. მე ეს, არ ვიცი. ყველაფერი იყო კანონის შესაბამისად. 

- არ იცით ხელშეკრულება დადეთ თუ არა? ანუ ვერ წარმოგვიდგინეთ ხელშეკრულებას და ვერც ინფორმაციას თქვენი ჯამაგირის შესახებ ? ბატონო ოქროპირ, სახელმწიფო ტენდერში, რომ მონაწილეობდით, თქვენი, როგორც ქვეკონტრაქტორის მონაწილეობა ხელშეკრულებაში ასახული, რომ არ იყო, ამით არ დაინტერესდით ? მაპატიეთ, მაგრამ იურისტების თქმით, რეალურად თქვენც არღვევდით კანონს…. 

- ზედნადებები თუ არ ჰქონდათ, აბა, რანაირად ხდებოდა ანგარიშსწორება? შეუძლებელია. გიმეორებთ, ჩვენ ვასრულებდით სამუშაოებს. კერძოდ, ორი მუშა იყო დასაქმებული, რადგან დიდი სამუშაოები არ იყო. ჩვენ რა თანხა ჩაგვერიცხა ? ეს საჯარო ინფორმაციაა, შეგიძლიათ გამოითხოვოთ. 

- გიმეორებთ, ხელშეკრულებას უნდა ერთოდეს ეს ინფორმაცია, მაგრამ არ ერთვის, ამიტომ თქვენ გეკითხებით… 

- წესით, ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს, მაშინ გამოითხოვეთ. რა ჯამაგირი ავიღეთ, არ მახსოვს. ზოგადად, ქვეკონტრაქტორი რაში გამოიხატება, ჩვენ შეიძლება ვასრულებდეთ ნებისმიერ სამუშაოს და ქვეკონტრაქტორად ჩავითვალოთ. ყველაფერი მე გავაკეთე. 

- ზემოთაც გითხარით, მაკა ნაცვლიშვილმაც დამალა ინფორმაცია თქვენსა და შპს ,,ტექნო კონსტრაქშენი”-ის შესახებ, რატომ აცხადებს ის, რომ სამუშაოებს,,გენჩ ინშაათი”ასრულებდა ? 

- შეიძლება ჩვენ გვთვლის მის თანამშრომლებად. 

- შეგახსენებთ, ეს იყო სახელმწიფოს ფული… 

- გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, არ ვიცი ამ კომპანიამ როგორ მოიგო ტენდერი… იმასაც გეტყვით, რომ ორივე პროექტი წამგებიანი იყო. ასე რომ, არ მგონია,  ამ პროექტებით ვინმემ რამე მოიგო, ან რაიმე სარგებელი ნახა. 

- და რატომ დათანხმდით წამგებიანი პროექტების შესრულებას ? 

- ჩემი რეგიონია. მინდოდა ყველაფერი კარგად გაკეთებულიყო. ეს იყო ჩემი მოტივაცია. მე დამიქირავა ,,გენჩ ინშაათ”-მა, სამუშაოები შევასრულე. მაინც ვერ ვხვდები პრობლემა რაშია? გეუბნებით, ბიუჯეტის თანხა არ გაფლანგულა. რა თანხა მივიღე არ მახსოვს, მიზერული იქნებოდა. 

- ჩვენი ინფორმაციით, ,,გენჩ ინშაათ”-მა 40 ათასი აიღო, დანარჩენი თანხა მისი თანამზრახველების ჯიბეებში წავიდა…    

- არ იქნება ასე. მე გთავაზობთ ერთ დღიან ტურს გუდამაყარში, თქვენ ნახავთ სამუშაოები რა კარგად შესრულდა. ისე, შეიძლება სამუშაოების 40 %-ზე მეტი არც შევასრულე, შესაძლოა, 30 % შევასრულე, არ მახსოვს. ეს უნდა ჩანდეს ფორმა 2 - ში. ვინაიდან შპს ,,ტექნო კონსტრაქშენი” აღარ ფუნქციონირებს, ,,გენჩ ინშაათ”-თან დადებული ხელშეკრულებებიც არ იქნება შენახული. მეც არ მაქვს. თავად მოიძიეთ.  

- ბოლოს და ბოლოს, გვითხარით სიმართლე : ფახლადინ უსუფოვმა დაგაკავშირათ ,,გენჩ ინშაათ”-თან, თუ დუშეთის ,,სუსი”-ის უფროსმა ზურაბ კაჭკაჭურმა და მისმა ახლო მეგობარმა, დუშეთის მაშინდელმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ? ამ პირებმა გთხოვეს არაფრისმქონე და არაფრისშემძლე ,,გენჩ ინშაათი”-ის მაგივრად სამუშაოების შესრულება ? 

- რაც შეეხება ფახლადინ უსუფოვს,მე მას ვიცნობ. მე დავუკავშირდი მაკა ნაცვლიშვილს, რადგან ჩემს რეგიონში მოიგო ტენდერი. ვინ არის ზურაბ კაჭკაჭური ? ამ ადამიანს არ ვიცნობ. ზაქარია ქუცნაშვილს კი ერთადერთხელ შევხვდი. 2010-2014 წლებში საკრებულოს დეპუტატი ვიყავი, ამიტომ მასთან შეხვედრა მომიწია. სხვა კვეთა არ მქონია, შესაბამისად, ვერაფერს მთხოვდა. ჩემი სახელის დაკავშირება ხდება, ერთი მხრივ, ზაქარია ქუცნაშვილთან, მეორე მხრივ, ზურაბ კაჭკაჭურთან, რაც მე არ მომწონს. გთხოვთ, პოლიტიკასთან არ დამაკავშიროთ. დიდი ხანია იქიდან წამოვედი. 

ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,არაგველები 21-ე საუკუნის” ხელმძღვანელს ვაჟა საღირაშვილს რამდენიმე დეტალის დაზუსტება კვლავ ვთხოვეთ, ვინაიდან ეს ადამიანი ბევრ კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობს და თავადაც უჩივის კორუფციული სქემების გამო დუშეთის ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირებს.

 - დავიწყებ იმით, კახაბერ ჩიტაურმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ არცერთ ტენდერში არ ერეოდა… გარდა ამისა, დუშეთის შინაგან საქმეთა რაიონულმა სამმართველომ ამ, სავარაუდოდ, კორუფციული ტენდერის შესწავლა დაიწყო. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს? თქვენ ხომ იცით მათი მუშაობის სტილი… 

- ჩიტაური არ ერეოდა ? ზღაპარია ? თუ ეს ინფორმაცია სისულელეა, მაშინ მე მივწერ ჩიტაურს, რომ თავადაც მოითხოვოს ეფექტური გამოძიება და ვნახოთ, რა ,,ზღაპარი” დადგინდება. ჩიტაურმა კარგად იცის, რომ მე ბევრი რამ ვიცი. დუშეთის სამმართველოს რაც შეეხება გეტყვით ერთს, არაფრის გამკეთებელნი არ არიან. მართალია, დუშეთის სამმართველოს უფროსს, გიორგი იმერლიშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ, ვინც არ უნდა დასვა უფროსად, ზურაბ კაჭკაჭურის ნება თუ არ იქნება, არავინ არაფერს გამოიძიებს. საქმეს თაროზე შემოდებენ. და, საერთოდაც, ამ ტენდერის შესწავლა ,,სუსი”-ის ანტიკორუფციული სააგენტოს პრეროგატივა იყო. რა შუაშია დუშეთის სამმართველო ?! 

- ზურაბ კაჭკაჭური შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების საქმიანობაში ერევა ? ეს კანონის დარღვევაა! 

- კაჭკაწური ყველაფერში ერეოდა და ახლაც ერევა. ის ქუცნაშვილის დაჯგუფების წევრია. ყველა საქმის კურსში იყო და არის. და თუ ვინმეს რაღაც გაუკეთებია მისი გვერდის ავლით, იმის შიშით, რომ შემდეგ მისი დევნის ობიექტი არ გამხდარიყო და არ დაეკავებინა, წილი მიჰქონდა კაჭკაჭურთან. ახლა თქვენც ვიღაცას მოგიგზავნით….  ის არა მარტო ტენდერებში ერევა, ყველაფერში. ის არის დუშეთის მაკონტროლებელი, ე.წ. ,,პალაჟენეცი”. დუშეთში ნეპოტიზმი ყვავის, რაც მისი დამსახურებაა. სახელმწიფო სტრუქტურებში მისი ახლობლები მუშაობენ. მაგალითად, სამაშველო სამსახურია და კაჭკაჭურის ძმაა უფროსი, დუშეთის იუსტიციის სახლია და მისი ძმის ცოლია უფროსი და ა.შ. დუშეთის მერიც კი ზურაბ კაჭკაჭურის ცოლის დაა. მეტი ნეპოტიზმი რაღა გინდათ ?! ნეპოტიზმი აშკარაა. ასე რომ, ტენდერებისა და ფულის თემა კაჭკაჭურის გარეშე გამორიცხულია, გადაწყდეს. ეგ წყვეტს ვისთან რამდენი უნდა მივიდეს. 

გადახედეთ მის ქონებას, შეისწავლეთ და შემდეგ შეგიძლიათ მისაყვედუროთ. მამამისს რესტორანი აქვს და ამბობს, ამხელა ქონება აქედან მაქვსო, რაც ზღაპარია! ვიმეორებ, დუშეთის სამმართველო არაფერს გამოიძიებს. ზურაბ კაჭკაჭური თავის თავს ხომ არ დაიჭერს ან თავის სამეგობროს ?

- თქვენს მიერ ნათქვამის რაიმე მტკიცებულება თუ გაქვთ ?

- ეს ინფორმაცია სანდო წყაროდან მაქვს. სხვათა შორის, ჩემი თქვენთან ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ  შემომითვალეს, რომ კაჭკაჭურს უთქვამს: იქნებ ვაჟასთან ურთიერთობები დავათბოთო. 

- კაჭკაჭურს ვინ მფარველობს, ვისი კადრია, საიდან მოდის?

- კაჭკაჭური ნაციონალების დროს, ჯერ კიდევ 2006 წელს, ,,კუდ”-ში მუშაობდა. შეიცვალა ხელისუფლება და დააწინაურეს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმიანობა უამრავ კითხვას იწვევდა. ასეთი პიროვნებები, ალბათ, ახალ ხელისუფლებასაც დასჭირდა. ხომ გითხარით, ქუცნაშვილის გარეშე დუშეთში არაფერი კეთდებოდა და მან კაჭკაჭური ,,გაათეთრა” და თავის თვალად და ყურად დატოვა. ახლა ზაქრო მისი ხელით  აკონტროლებს ვითარებას დუშეთში. ჩემი ნება რომ იყოს დუშეთის შესასვლელში დავაწერდი  - ,, კაჭკაჭურ- ქუცნაშვილის სამფლობელო”. 

- დაბოლოს, გიორგი თანიაშვილი ხელს აწერს სატენდერო ხელშეკრულებას. რას იტყვით მის შესახებ, იქნებოდა გარეული კორუფციულ სქემაში ?

- გიორგი თანიაშვილი არ არის ცუდი პიროვნება. თქვეს კიდევაც, ცოდოა ეს ბიჭი, დანაშაულებრივ სქემაში არ გახვიონო. ვფიქრობ, ის ამ კორუფციულ ტენდერში გარეული არ იყო. 

ჩვენ დუშეთის ,,სუსი”-ის უფროსს, ზურაბ კაჭკაჭურს დავუკავშირდით. გვინდოდა ამ ტენდერის შესახებ და ვაჟა საღირაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, მისი პოზიცია მოგვესმინა. მან როგორც კი გაიგო, რა საკითხზე დავუკავშირდით, მობილური გაგვითიშა. ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. როგორც ჩანს, სათქმელი არაფერი აქვს. 

დასკვნა : დუშეთის მუნიციპალიტეტთან 2019 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების მე-16 მუხლი ექსპლიციტურად და ერთმნიშვნელოვნად ავალდებულებდა  ,,გენჩ ინშაათ”-ს, ნებისმიერი ინფორმაცია ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე, წარედგინა დამქირავებლისათვის. უფრო მეტიც, ხელშეკრულება პირდაპირ კრძალავდა 40 %-ზე მეტი სამუშაოს ქვეკონტრაქტორისთვის გადაბარებას. გამოდის, რომ ორივე ნაწილში ,,გენჩ ინშაათ”-მა ინფორმაცია დამალა. ასევე, გოქსელ გენჩმა დამალა რეალურად არსებული ქვეკონტრაქტორი - შპს ,,ტექნო კონსტრაქშენი”, რომელმაც 40 % კი არა, არამედ 100 %-ით შეასრულა სამუშაოები, რაც გენჩმა მიაწერა თავის კომპანიას. აღნიშნულით გენჩმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელშიც ჯგუფურად თაღლითობდა ქვეკონტრაქტორიც, რადგან ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება არამხოლოდ ,,გენჩ ინშაათ”-ს, არამედ, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, უშუალოდ ქვეკონტრაქტორსაც ევალებოდა. 

დუშეთის მუნიციპალიტეტმა კი, შპს ,,მშენ ექსპერტ”-თან ერთად, რომელიც იყო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გულგრილად შესრულება და გადამეტება, ვინაიდან მათ არ გააკონტროლეს ,,გენჩ ინშაათი”, არ დაადგინეს ქვეკონტრაქტორების არსებობა და არ მოითხოვეს ხელშეკრულების სრულად შესრულება.

როგორც ჩანს, ჯგუფური ამნეზია დაემართა ,,გენჩ ინშაათ”-ის მინდობილ პირს, მაკა ნაცვლიშვილს ქვეკონტრაქტორს და მის პარტნიორს ოქროპირ ჯიქურს, დუშეთის ყოფილ მერს, ბატონ ზურაბ სეხნიაშვილს, შპს ,,მშენ ექსპერტ”-ის დირექტორს, მალხაზ წიქარიშვილს, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენს, რამეთუ აშკარაა, რომ ყველამ თავისი ხეირი ნახა. მხოლოდ სახელმწიფო დაზარალდა…. 

ორი სიტყვით, შპს ,,ტექნო კონსტრაქშენ”-ზე, რომელთან დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, ტელეფონი სდუმს. 

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს ,,ტექნო კონსტრაქშენი”-ის დირექტორი დარეჯან ბეჟანიშვილია. ეს კომპანია აქტიურია. ამ კომპანიის კავშირი ზაქარია ქუცნაშვილთან და მის გუნდთან ფორმალურად არ ჩანს, ირიბი კავშირები კი, სახეზეა - ყველა დუშელია, ყველა ერთმანეთის მეგობარია, ნათესავია, ახლობელია… სხვათა შორის, მაკა ნაცვლიშვილისა და ყოფილი ,,ნაციონალის” ოქროპირ ჯიქურის ახლო მეგობარი, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დუშელია... ,,გენჩ ინშაათი” მათ მიერ არჩეულია და დასაქმებული. ფასადის როლი თურქულმა კომპანიამ შეასრულა და ამისთვის გენჩმა 40 ათასი ლარიც ჩაიჯიბა. ჩვენი ინფორმაციით, გოქსელ გენჩი ზაქარია ქუცნაშვილის გუნდის გარდა, 2016 წლიდან თანამშრომლობდა ,,სუსი”-სა და ,,შსს”-ს ზოგიერთ მაღალჩინოსანთანაც. როგორ გადანაწილდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი დანარჩენი თანხა, ეს გენერალური პროკურატურის გამოძიების საგანია. 

წერილი არ გვქონდა დასრულებული, როცა ქალაქის პროკურატურიდან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მივიღეთ. შოთაძის უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს აძლევს შემდეგ მითითებას : ,,სისხლის სამართლის N 010251119001 საქმეზე დასართავად და რეაგირებისთვის გეგზავნებათ განცხადება - გოქსელ გენჩისა და მისი კუთვნილი კომპანია ,,გენჩ ინშაათის” მიერ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტზე”. დოკუმენტს ხელს აწერს საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე, იოსებ ხუციშვილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტს მოუწევს დუშეთის სამმართველოდან ამ, ,სავარაუდოდ, კორუფციული ტენდერის საქმის დაბრუნება ცენტრალურ აპარატში და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან ( N 010251119001 ), რომელიც ორი წელი გამოძიებაშია, გაერთიანება.   

და რა გამოდის ? გომელაურის უწყება საქმეებს არ აერთიანებდა, ხოლო შოთაძის უწყებამ ახლა მიუთითა, რომ გააერთიანოს. და თუ იმას გავითვალისწინებთ, რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაშინ შეგვიძლია დაჯერებულად ვთქვათ, რომ გოქსელ გენჩის მფარველები და დამსაქმებლები ,,შსს”-ში კვლავ სავარძლებზე ამხედრებულები არიან, ხოლო პროკურატურაში სულს ღაფავენ. 

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია