მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ოცდაათი წელი, როგორც ერთი დღე - 13 სექტემბერი 2022

ვინ ხართ თქვენ, რა ჯიშის ხართ და თუ ატყობთ რას დაგამსგავსათ ბიძინას ხელისუფლებამ და ნაცების შიშმა?“

აფხაზეთში ტრაგიკული ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ზოგჯერ სოციალურ ქსელში ისეთ პოსტს წააწყდები, თავისი არსით საუკუნის ჩვენეულ დიაგნოზს რომ შეადგენს. ასეთია ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის მიერფეისბუქზეგამოქვეყნებული პოზიცია.

ცოტა გრძლად გამომივა, მაგრამ დამიგროვდა და, როგორც იტყვიან, უნდა ამოვთქვა.

1992 წელს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო და როდესაც ამ ომში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებიც ჩაერთნენ თავიანთი ავიაციით და არტილერიით, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მთელი ერი გაერთიანდებოდა ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, იქნებოდა იგი ზვიადისტი, ანტიზვიადიასტი, მხედრიონელი თუ პოლიტიკურ პრეფერენციებში ჩამოუყალიბებელი.

სამწუხაროდ და ჩემდა გასაოცრად მაშინ ასე არ მოხდა. იარაღით დამხობილი ხელისუფლების მომხრეთა დიდი უმრავლესობის მიერ ომი აფხაზეთში შევარდნაძის და ხუნტის ომად იქნა აღქმული და არა ქართული სახელმწიფოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად. შედეგად, მთელ დასავლეთ საქართველოს, სადაც გამსახურდიას ხელისუფლების მომხრეები აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ, ომში მონაწილეობა პრაქტიკულად არ მიუღია. უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა ომში არ ჩართულა აფხაზეთის უშუალო მოსაზღვრე სამეგრელო და გალის რაიონის ქართული მოსახლეობა. უფრო მეტიც, ჩემი ყურით მაქვს მაშინ მოსმენილი ანტისახელისუფლებო მიტინგზე, რომ თუ შევარდნაძე დამარცხდება, ეს ხელს შეუწყობს კანონიერი ხელისუფლების აღდგენას. ისიც ხშირად მესმოდა, რომ ეს ომი პრაქტიკულად თამაშია, შევარდნაძე და ელცინი შეთანხმებულები არიან, აფხაზეთი გაყიდულია და . . აჭარის მმართველი ასლან აბაშიძე კი სრულიად ოფიციალურად იყო გამიჯნული ცენტრალური ხელისუფლებისგან და ხმამაღლა ამბობდა, რომ არ აპირებს შევარდნაძის ავანტიურაში მონაწილეობას.

ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც მტრის წინააღმდეგ ერთმანეთის მხარდამხარ დადგნენ ზვიადისტებიც და მხედრიონელებიც, იყო სოხუმის დაცვა. სოხუმელები მაშინ გააერთიანა საერთო საფრთხემ და შიდაპოლიტიკური უთანხმოებები გვერდზე გადაიდო. მნიშვნელოვანწილად ამიტომაც იყო, რომ სოხუმმა ერთი წელზე მეტხანს გაუძლო რიცხობრივად და შეიარაღებით ბევრად უფრო ძლიერი მტრის შემოტევას.

სამწუხაროდ სხვაგან ასე არ იყო. . . ზვიადისტებში  გადატრიალების შედეგად მოსულ ხელისუფლებასთან დაპირისპირება უფრო პრიორიტეტული გახლდათ და ამიტომაც ვერაფრით მოხერხდა ეროვნული კონსოლიდაცია რუსეთის აგრესიის და აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ.

რით დამთავრდა ეს ყველაფერი, ცნობილია. ძნელი სათქმელია რა მოხდებოდა ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის შემთხვევაში, თუმცა, ვფიქრობ, ოჩამჩირის და გალის რაიონების სამ დღეში აღებას რუსების და სეპარატისტების გაერთიანებული ძალები ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ.

ახლა, რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი?

იმიტომ, რომ დღეს, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს რუსეთის სამხედრო აგრესია, როდესაც ამ აგრესიას უპირისპირდება მთელი ცივილიზებული სამყარო, როდესაც პუტინს პირდაპირ აქვს გაცხადებული იმპერიალისტური ზრახვები საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ და უკრაინის გმირული ბრძოლა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ფაქტობრივად საქართველოსთვის ბრძოლაცაა, როდესაც თითქოს არანაირ კითხვის ნიშნებს არ უნდა იწვევდეს ის, თუ რომელ მხარესაა ამ ომში სიკეთე და რომელ მხარესაა ბოროტება, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი ახერხებს და არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში აღიქვამს  ამ ომს, არამედ პრაქტიკულად რუსეთს გულშემატკივრობს იმის შიშით, რომ ემანდ უკრაინის გამარჯვებამ საქართველოში ნაცების მობრუნება არ გამოიწვიოს.

ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოს ხელისუფლებაზე ამ შემთხვევაში არაფერს ვამბობ. ბიძინას პოზიცია სადღაც გასაგებიცაა: უკრაინის გამარჯვება დემოკრატიის და დასავლეთის გამარჯვებას ნიშნავს, რაც ბიძინას მსგავსი ჩრდილოვანი მმართველების ერთპიროვნულ და შეუზღუდავ ძალაუფლებას პრინციპულად გამორიცხავს. მისი მარიონეტებისაც მესმის გარკვეულწილად: მათ ხომ მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში აქვთ შანსი რაღაცას წარმოადგენდნენ, თორემ ისე ან კობახიძე ვის დაჰკარგვია, ან მდინარაძე, ან მით უმეტეს ოცნების ფარად განდგომილი ოთხეული? 

მაგრამ ვინც ხელისუფლებაში არ ხართ, უშუალოდ ბიძინასკარმუშკაზეარ ზიხართ, ათას ხუთას ლარიან ექსპერტებადაც არ მუშაობთ და თან რომ გკითხოთ ვინმემ, სამშობლო ძალიან გიყვართ, აი, რანაირად ახერხებთ, რომ ამ ომში ფაქტობრივად პუტინს გულშემატკივრობთ? რანაირად შეგიძლიათ იმეორებდეთ რუსულ პროპაგანდას იმის თაობაზე, რომ ამერიკა თურმე ომში ითრევს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რომ ზელენსკი არის ტაკიმასხარა და ამერიკის დაკვეთით უკრაინელ ხალხს საზარბაზნე ხორცად იყენებს? რანაირად შეგიძლიათ დაიჯეროთ და გაიმეოროთ მსგავსი უსინდისო ბოდვები? და საერთოდ რანაირად შეგიძლიათ ახლა, როდესაც ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომი მიდის რუსეთის იმპერიის ნარჩენებსა და დემოკრატიულ სამყაროს შორის, ებრძოდეთ ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს და აგინებდეთ უკრაინის ხელისუფლებას? ვინ ხართ თქვენ, რა ჯიშის ხართ და თუ ატყობთ რას დაგამსგავსათ ბიძინას ხელისუფლებამ და ნაცების შიშმა?

სამწუხაროდ დღეს კვლავ მეორდება ის, რაც უკვე იყო ოცდაათი წლის წინ, როცა შიდაპოლიტიკური ანტაგონიზმი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაცნობიერება და თუ ოცდაათი წლის წინ ეს კიდევ რაღაცნაირად გასაგები იყო, რადგან სულ ახალი გამოსული ვიყავით საბჭოთა კავშირიდან და იმდროინდელი ხელისუფლებაც კანონიერად არჩეული პრეზიდენტის დამხობის შედეგად იყო მოსული, დღეს ასეთი მიდგომა არა მხოლოდ კატასტროფაა, არამედ ერთგვარი ანაქრონიზმიც. დღეს, თუ საზოგადოებაში სახელმწიფოებრიობის ანაბანაზე მაინც არის სრული  ეროვნული თანხმობა, ხელისუფლების ასეთი კოლაბორაციონისტული პოზიციის გამო წესით ქვეყანა ყალყზე უნდა იდგეს და არათუ ვერცერთი ხელისუფალი, ხელისუფლების მომხრეც კი ვერ უნდა ბედავდეს გვაკადროს ის, რასაც სახელისუფლო მედია და ექსპერტები კადრულობენ და გვეუბნებიან.

ბურბონებზეა ნათქვამი, ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლესო. ამ ანალოგიით ჩვენზეც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ვერაფერი ვისწავლეთ, ოღონდ ჩვენ, ფრანგი მონარქებისგან განსხვავებით, არც არაფერი გვახსოვს.

მოკლედ, ოცდაათი წელი, როგორც ერთი დღე. მითამცა არა ყოფილა“.

* * *

ესე იგი პირიქითა ფეისბუქში  გადვიხედე ჩუმად, იქაურს ვერვის რომ ვერ გაეგო ისე და მინდა ვთქვა, რომ სურათი არის უმძიმესი.

კერძოდ, ვითარდება შემდგომი მოსაზრებები:

) უკრაინა და სრულიად დასავლეთი ომს აგებს (არ მოგესმათ. . .).

) ამერიკას ეგონა, რომ რუსეთს ეკონომიკურად დაანგრევდა სანქციებით, მაგრამ ჩემი ფეხები, იქით ენგრევათ ეკონომიკა (არც ეს არ მოგესმათ. . .).

) ერთადერთი შანსი იმისა, რომ ამერიკამ მისივე პროვოცირებული ომი (კი, კი, ასე ამბობენ. . .) არ წააგოს, არის ის, რომ გააფართოოს ომის არეალი, ჩართოს ამ ომში სხვა ქვეყნები (მიხვდით ხომ საით უბერავს ნიავი? . .), რითაც რუსეთს გამოიყვანს აგრესორად ევროპელთა თვალში, რადგან უკვე აშკარა ხდება ევროპელ ლიდერთა უკმაყოფილება ამერიკის მიმართ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების გამო (ამათ მგონი ევროპა ალტინფოსგან ვერ გაურჩევიათ. . .).

) და ამას შესწირა ამერიკამ შვეიცარიის მრავალსაუკუნოვანი საბანკო სისტემა (აღიარეთ, რომ ასეთ დასკვნას, მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, მაინც არ ელოდით. . .).

აი, ყველაფერ ამაზე მიდის მსჯელობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, შიგადაშიგ კამათიც კია რაღაც არაარსებით დეტალებზე. აგინებენ ტაკიმასხარა ზელენსკის, ომს მოწყურებულ მანიაკ ნაცებს და მათთან გათანაბრებულებს (ამ უკანასკნელებში მოიაზრება ყველა უკრაინის მხარდამჭერი პროდასავლელი), აღფრთოვანებულები არიან ბატონი ბიძინას უდრეკი მამულიშვილობით და სწამთ, რომ ღმერთი არ გაგვწირავს აშუშუსგან განაწირსა.

მე არ ვიცი ამას რა შეიძლება ეშველოს! ეს ყველაფერი მხოლოდ პირიქითა ფეისბუქში რომ ხდებოდეს, რა გვიჭირდა, მაგრამ ხომ ვიცით, რომ მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ამაზე დგას და დგას იმიტომ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მსგავს ბოდვებს ჯერაც გასავალი აქვს?

მოკლედ, რა დავაშავეთ ასეთი უფლის წინაშე და რით დავიმსახურეთ მსგავსი, ბოდიში მომითხოვია და სა...ვეთი, არ ვიცი, მაგრამ რაღაც სერიოზული რისხვა რომაა ჩვენ თავს მოწეული, ფაქტია“, - წერს დავით ზურაბიშვილი.

დანარჩენი ჩვენს მკითხველს დავუტოვოთ განსასჯელად.

 

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2023 ყველა უფლება დაცულია