მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ აკმაყოფილებს მთავრობა სასწრაფოს პერსონალის კანონიერ მოთხოვნებს? - 28 სექტემბერი 2022

 „გაფიცვასა და სასწრაფო მანქანების გაჩერებას აპირებენ, იმ დონეზე არიან გაბრაზებულები“

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა (პროფკავშირებთან ერთად) მთავრობის ადმინისტრაციასთან ხელფასების 100%-ით ზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ორთვიანმა მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო. სასწრაფოში დასაქმებულები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

იყო ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრები. ჩაითვალა და გამოსვლებიც იყო თითქოს, ჩვენ მოლაპარაკებაზე წავედით და ისინიც წამოვიდნენ, მაგრამ 3- კვირიანი პაუზა იყო იმისთვის, რომ არაფერი გაკეთებულიყო. რაღაც გაურკვეველი იმედებია, მაგრამ რეალურად შედეგის მომცემი არც ერთი არ არის. ჩვენი უკიდურესი მოთხოვნაა ხელფასების მატება. გვინდა პრემიერ-მინისტრს ხმა მივაწვდინოთ და იმედი გვაქვს, რომ ნამდვილად ჩაერევა და ადეკვატურ შედეგს მივიღებთ“, - აცხადებს აქციის მონაწილე, ნუგზარ ფოცხიშვილი.

აქციის ორგანიზატორებმა, ხელფასის გაორმაგების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე დაწერილი წერილი მთავრობის ადმინისტრაციაში ჩააბარეს.

ამ თემაზემედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირისთავმჯდომარეს, ირაკლი ამირანაშვილს ვესაუბრეთ.

- ბატონო ირაკლი, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები რაში მდგომარეობს?

- პირველი მოთხოვნა დასაქმებული მედპერსონალისა და მძღოლების ხელფასის ზრდაა. მათ იციან, რომ წელს სრულად ვერ მოხერხდება, რადგან ბიუჯეტი დამტკიცებულია. მაგრამ 50%-იანი კოვიდ დანამატი ჰქონდათ და აპრილის თვიდან ესეც შეუწყდათ. მით უმეტეს, დამსაქმებელი დაჰპირდა, რომ ეს დანამატი მინიმუმ წლის ბოლომდე ან იქამდე გაგრძელდებოდა, სანამ კოვიდი იქნებოდა. მოგეხსენებათ, კოვიდი არ დასრულებულა - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ გამოუცხადებია. მით უმეტეს, სადღეისოდ კოვიდპაციენტების რაოდენობა ისევ იზრდება. როგორ თავად სასწრაფოში დასაქმებულები ამბობენ, ბოლო პერიოდში რამდენიმე ათეულით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა. უბრალოდ, ადრინდელივით აღარ იტესტებიან და ცხელება ასეთ ფორმაში გადადის. 

ამიტომ ექიმების მოთხოვნაა, წელს მათი შრომა ნაწილობრივ მაინც დააფინანსონ და დეკემბრის თვეში, ახალი ბიუჯეტის დამტკიცებისას ხელფასები უკვე პროცენტულად სრულად გაიზარდოს.

ამას გარდა, მოთხოვნა ზეგანაკვეთური საათების, უქმე დღეების შრომის ანაზღაურებაზეა;  თუ კარგად მახსოვს, წლის განმავლობაში თექვსმეტ დღეზეა საუბარი - აღდგომა, გიორგობა, ახალ წელი და მისთ. ამასთან, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს მძღოლებს დამატებით ათი სამუშაო დღე აქვთ, ეს ყველაფერი ექიმებზეც (მათ რეალურ  დატვირთვებზეც) რომ აისახოს.

ეს მარტო ექიმებისა და პროფკავშირების მოთხოვნა კი არაა, კანონში წერია, თუ მორიგეობა უქმე დღეებში მოუწია, ეს შრომა ორმაგად უნდა აუნაზღაურდეს. როგორც აღვნიშნე, აქცენტია ზეგანაკვეთურ შრომაზეც. წარმოიდგინეთ, დილის 9 საათზე მორიგეობა უნდა გადააბარო, ამ დროს პაციენტმა გამოიძახა, ან გადასაყვანია და ადგილზე დახმარება უნდა აღმოუჩინოს - ხომ არ მიატოვებს, პაციენტს ბოლომდე ხომ უნდა მიხედოს და უპატრონოს? შესაბამისად, ესეც არ უნაზღაურდებათ. ამ დროს, კანონშიც წერია, რომ 125%-ით მოხდეს ამის ანაზღაურება.

ქვეყანას კანონში რაც გვიწერია იმას ვითხოვთ (ხელფასების ზრდას) და ამაში გაუგებარი წესით არაფერი უნდა იყოს.

- დღევანდელი რეალობა როგორია, დაახლოებით რამდენი აქვთ ხელფასი და რამდენის დამატებაზეა საუბარი?

- უფროსი ექიმის ხელფასი სადღაც 1300 ლარია და 900-დან ათას ლარამდე აქვს მძღოლს. ოღონდ მათ 7,5 (შვიდ ნახევარ) მორიგეობა ეკუთვნით. ზოგჯერ რომ შვებულებაში ან ბიულეტენზე, ან მედპერსონალი დაინფიცირდა და სხვა შესაძლებლობა არაა - ისინი მორიგეობას იმატებენ და ამის ხარჯზე ადიან, სიტყვაზე 1500-1600 ლარზე. ანუ, სადღაც დაახლოებით 160 და 110 ლარია, მედპერსონალისა და მძღოლის ოცდაოთხსაათიანი მორიგეობის ანაზღაურებისას.

რომ გამოდიან და ამბობენ, სასწრაფოს თანამშრომლებს ხელფასი 2000 ლარამდე აქვთო, ასე ნამდვილად არ არის. მხოლოდ მორიგეობები თუ დაიმატეს, ამის ხარჯზე დაახლოებით 1600 ლარი გამოსდით.

- რამდენის დამატებაზეა საუბარი?

- ახლა, სადღაც 50%-მდე გაზრდა რომ მოხდეს (ის ზეგანაკვეთური, უქმე დღეების შრომისა  და შვებულებისა დაემატება), ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტში ასი პროცენტით გაიზარდოს ხელფასები.

- ადგილზე სამუშაო პირობების მხრივ რის გამოსწორებას ითხოვენ?

- რასაკვირველია, ფორმებთან აქვთ პრობლემები. სულ ტენდერი და მსგავსი გართულებებია, რის გამოც ძველი, გახეული და დაძონძილი ფორმა აცვია ზოგიერთს. მაგრამ რა ქნან? შეგვპირდნენ, რომ ამ ფორმების პირდაპირი წესით შესყიდვა მოხდება და ამას გამოასწორებენ.

მანქანებიც უნდა ჩაანაცვლონ, წარმოიდგინეთ 24 საათი არ ჩერდება - მორიგეობიდან მორიგეობას გადაეცემა. რა თქმა უნდა, ესეც დიდი გამოწვევაა. ზოგს კონდიციონერი არ უმუშავებს, უკანა სავარძელი მომტვრეული აქვს, პაციენტის საწოლი, ზოგან ფანჯარა არ იხსნება და .. არის მანქანა, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია და გამოძახებაზე არც უნდა გამოდიოდეს. რაღაც ეტაპზე ავტოპარკის ჩანაცვლება უკვე მოხდა და ახლაც შეგვპირდნენ, რომ ახალი ავტომობილების გამოყვანა მოხდება.

- ექიმებს ფორმის პრობლემა რომ ჰქონდათ, აქამდე სათანადოდ რატომ არ რეაგირებდნენ?

- ეს ეხება დამსაქმებელს და ჯანდაცვის სამინისტროს. მერე ეს ფინანსები, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროში და ზედა რგოლებში ადის. ამ მხრივ, ყველაფერი მაინც სახსრებზეა დამოკიდებული. რა გითხრათ, ტენდერებსა და მსგავს პრობლემებს აბრალებდნენ, რაც თითიდან გამოწოვილი თემებია. შეეძლოთ აქამდეც ეს ყველაფერი მოეგვარებინათ.

სანამ პროფკავშირი არ ჩაერთო და აღნიშნული მოთხოვნებით აქციები არ გავმართეთ, მანამდე არაფერი მოგვარდა. პრობლემისადმი ასეთი მიდგომა კი სამწუხაროა. უფრო სწორად, სანამ არ დაიძრა ეს პროცესი, რადგან სრულად ჯერ არ მოგვარებულა.

-  ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ორ თვიანმა მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი რომ ვერ გამოიღო, ეს რით არის გამოწვეული?

- ისინი დაგვპირდნენ, რომ დატვირთვებიდან გამომდინარე სტატისტიკას გადახედავდნენ და ხელფასებს ისე გაზრდიდნენ...

ამ დროს, რეალურად დატვირთვა არ შემცირებულა. რატომ იყო 50%-იანი კოვიდ დანამატი? რადგან სასწრაფო დახმარებას მუშაობა გაეზარდა. ამაზე სახელმწიფომ თავის დროზე გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და 50%-ით დაფინანსება გაუზარდა. ახლა კოვიდი ადრინდელივით თითქოს აღარ არის, მაგრამ 17-20-22 გამოძახებაა; შეიძლება ითქვას იგივე რაოდენობის გამოძახებებია.

ასევე, მოსახლეობა, მოთხოვნები გაიზარდა. ეს ყველაფერი უკრაინელი დევნილებისა თუ რუსი ტურისტების შემოსვლამაც გამოიწვია.

- მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში რა ნაბიჯებს გეგმავთ?

- თვითონ სასწრაფოში დასაქმებული პერსონალი როგორც გეგმავს, ისე იქნება. პროფკავშირები ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი, მათი მოთხოვნები კანონის ფარგლებში მოვაქციოთ; რადგან მათ არ იციან იურიდიული კუთხით რა დარღვევები შეიძლება იყოს. საერთოდ კი, გაფიცვასა და სასწრაფო მანქანების გაჩერებას აპირებენ, იმ დონეზე არიან გაბრაზებულები.

- პრემიერის ოფისიდან თუ გაქვთ უკვე რაიმე ტიპის რეაგირება?

- ჩვენი ინფორმაციით, პრემიერი ამ დროისთვის ქვეყანაში არ იმყოფება და ჩვენს მოთხოვნაზე ოფისის მხრიდან რეაგირება კანონით გაწერილ ვადებში მოხდება.

ვფიქრობთ, რომ პრემიერი გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს, განიხილავს და მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მართლა სირცხვილია, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გვაქვს და სასწრაფოში დასაქმებული ქუჩაში გამოდის და ხელფასის ზრდას ითხოვს. დღემდე ერთადერთი დამაკმაყოფილებელი პასუხი უქმე დღეების ანაზღაურებაზე მივიღეთ; მაგრამ როდესაც ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობ, უქმე დღეების მორიგეობა შეიძლება საერთოდ არ დამემთხვეს, ამიტომ ეს მოთხოვნა ჩემზე არ აისახება

 

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2023 ყველა უფლება დაცულია