მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია - 20 ნოემბერი 2022

ufleba.ge

ქალთა ინიციატივით წყლის საკითხი თუ მოგვარდა, ეს კაცებისთვის ცუდი რატომ არის?

სამყაროს ძირითადად ქალები რომ მართავდნენ, პრობლემები გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ქალთა გაძლიერება და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში სრულფასოვანი მონაწილეობა, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზით განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. ამ გზაზე,  მათი მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორების, თუნდაც გენდერული სტერეოტიპების მოცილებით სწრაფი პროგრესი გარდაუვალი გახდება.

გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ შესაძლებლობებს, მონაწილეობას და ორივე სქესის გამოჩენას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარ დონეზე. ის მიზნად ისახავს ქალების და მამაკაცების საზოგადოებაში სრული მონაწილეობის წახალისებას. ისევე როგორც ადამიანის უფლებებისათვის, გენდერული თანასწორობისათვისაც საჭიროა მუდმივი ბრძოლა, დაცვა და მხარდაჭერა.

გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოს რეგიონებში საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა, იმაზე მეტად რთული ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. ასეთი თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჩვენს რეალობაში ვხვდებით სიტუაციებს, სადაც გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება - ლახავენ ქალთა უფლებებს, რეალობაში ქალზე ძალადობის არაერთ ფაქტს ვაწყდებით“, - ვკითხულობთ IDFI- ერთ-ერთ კვლევაში.

მუნიციპალიტეტებში არსებულ რეალობაზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენი პირველი მოპასუხე ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყაროს“ პრეზიდენტი მარინა ბჟალავაა.

მარინა ბჟალავა გვეუბნება, რომ ადგილობრივ არასამთავრობო სექტორში ძირითადად ქალები მუშაობენ. მისივე თქმით, მმართველობაში ქალები ბევრად მეტნი უნდა იყვნენ, ვიდრე დღეს არიან: „ბოლნისში გადაწყვეტილების მიღება-აღსრულებაში კაცები უფრო არიან წარმოდგენილი. საკრებულოში ფერიდე ტვილდიანი, ნონა რეხვიაშვილი და ნონა ყაველაშვილი არიან; გენდერული თანასწორობის საბჭოში მათთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ეს თანამშრომლობა რომ არა, მუშაობა ძალიან გაგვიჭირდებოდა. პროექტებს ვწერთ და მათთან კონკრეტული წინადადებებით მივდივართ. ოფიციალური მიმართვები კი არა, ტელეფონზე ვრეკავ და შინაურულად გვეხმარებიან“.

მაგალითისთვის, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით ნარჩენების მართვის (უკონტროლოდ რომ არ დაეწვათ) პროექტი განახორციელეს და ბანერიც დადგეს. ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ  მათ ამ საქმეში გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი, ინგა ფოცხვერაშვილი დაეხმარა: „მათი ჩართულობა გადამწყვეტია. პროექტსაც იმ იმედით ვწერთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მხარში დაგვიდგება. თუნდაც ბანერისთვის ადგილი რომ გამოიძებნა, ამ ლიდერი ქალების დამსახურებაა. ამავე დროს, სოფლებში რომ დავდიოდით, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი დაგვყვებოდა, ჩვენთან ერთად მოსახლეობას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდიდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ბუნების დასაცავად. ნებისმიერ საკითხზე თვითმმართველობის კონკრეტულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გვაკავშირებენ და ა.შ.“

მარინა ბჟალავას თქმით, ასევე, ბოლნისის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილებასთან აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა, სადაც ქალებიც არიან წარმოდგენილი. მისივე ინფორმაციით, მერის თანაშემწეა სალომე საღინაძე, ვისთანაც ბოლო დროს კარგად თანამშრომლობენ: „მისი თანადგომით, შეხვედრებს სათემო ცენტრებში ვმართავთ. სხვანაირად პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია, რაც უნდა სასიკეთო ნაბიჯები დაგეგმო. კიდევ ვალენტინა ნავერიანია, რომელიც სოციალურ საკითხებზე მუშაობს და აქტიურად გვეხმარება. მათ შორის, შშმ ქალებთან შეხვედრებს ესწრებიან, უშუალოდ ისმენენ გადასაწყვეტ პრობლემებს. ბოლო შეხვედრაზეც ინგა ფოცხვერაშვილი (გენდერული საბჭო) და სოციალური სამსახურიდან მახლდნენ. მათ მონაწილეობას მოსახლეობა განსაკუთრებულად აღიქვამს, ეს ეთნიკურ უმცირესობას უფრო შეეხება. იგივე სოფლებში რწმუნებულებს რომ დაურეკავენ, გაცილებით პასუხისმგებლობიანად უდგებიან ნებისმიერ საქმეს. ინგა ფოცხვერაშვილმა დაურეკა რწმუნებულებს და უთხრა, რომ სოფლებში შშმ პირ ქალებს და მათ ოჯახის წევრებს უნდა შევხვედროდით.  ყველგან კარგად მიგვიღეს და მათ შესახებ სრული ინფორმაცია წამოვიღეთ. ინდივიდუალურად შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას, რათა ამ ადამიანების განათლებას და შემდეგ დასაქმებას ხელი შეეწყოს“.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის ხელშემშლელ ფაქტორებზე ქალბატონი მარინა გვეუბნება, რომ დღემდე სტერეოტიპული დამოკიდებულებაა - ქალს უფრო საოჯახო საქმე ევალება და პოლიტიკა კაცის საქმეა: „ამაზე პროექტები განგვიხორციელებია, როცა კაცები დაუფარავად გვეუბნებოდნენ, რომ ქალები პოლიტიკაში გვეცოდებიანო. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ჩვენთან ეს პოლიტიკაც ზედმეტად დამძიმებულია. ბოლო დროს ქალები შედარებით აქტიურები კი გახდნენ, მაგრამ მეტი არის საჭირო“.  

ბჟალავას თქმით, ადრეულ და იძულებით ქორწინებაში რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ პროგრესი შეუქცევადი უნდა გახდეს. მისივე თქმით, გენდერულ საკითხებზე 2001 წლიდან მუშაობენ (დღეს ქალთა რადიოც აქვთ) და ურთულესი რეალობის წინაშე იდგნენ: „ჯერ გათიშულობა ეთნიკურ ჯგუფებს შორის. მოგეხსენებათ, 90-იანებში ბოლნისში ამ ნიადაგზე შეტაკებაც მოხდა. ამ ამბებმა კიდევ უფრო დაშორიშორება გამოიწვია. მაშინ ადგილობრივი ხელისუფლებაც კი სამოქალაქო აქტივისტებს მტრებად აღგვიქვამდა. ახლა მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ბევრი საკითხი გადაგვიწყვეტია“.

ქალბატონი მარინა აზუსტებს, რომ ადრეულ ქორწინებაში უფრო ეთნიკურ უმცირესობას გულისხმობს. იმასაც იხსენებს, ერთხელ 11 წლის გოგონა როგორ მოიტაცეს და 12 წლისას უკვე ქორწილი გადაუხადეს: „ასეთი საშინელებები დღეს აღარ ხდება. იყო სოფლები, საიდანაც სკოლიდან შეიძლება მეექვსეკლასელი გამოეყვანათ და დაენიშნათ. სოფელ ნახიდურში პედაგოგად 10 წელი ვიმუშავე. ადგილებზე საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებას ხელი შევუწყვეთ, რომელიც ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებდნენ. საამაყო წინგადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია, რომ დღესაც მოქმედებენ - „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში“ და „ქვემო ქართლის ახალგაზრდა სომეხ ქალთა კავშირი“ - პროექტებსაც მათთან ერთად ვახორციელებთ. ამ ადამიანებს საკუთარ თემში უფრო მეტი კონტაქტები და შესაძლებლობები  აქვთ, ენის ბარიერიც არ აქვთ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ამ გზით სამოქალაქო ღირებულებები უნდა გავზარდოთ და განვავითაროთ. ფონდი „ტასოს“ პროექტიც გვაქვს და პირდაპირ ამ საინიციატივო ჯგუფების გააქტიურებაზე ვმუშაობთ; რათა შემდეგ ოფიციალურად ორგანიზაციები გახდნენ და მეტ შედეგებს მიაღწიონ. ეს ახალგაზრდები ნელ-ნელა წამოვიდნენ, მუდმივად პროგრესირებენ. მათთან ერთად სოფლებში დავდიოდით და გოგონებს ვეკითხებოდით, რა საჭიროებები აქვთ, რა უნდოდათ. მაგალითად, სოფელ ნახიდურში ბიბლიოთეკა არ გვაქვსო. ვცდილობთ ისინი არ დაფრთხნენ და ნელ-ნელა ვიაროთ პროგრესის გზით. არ გვავიწყდება, ადრე სოფლებში სკოლას ვერ ამთავრებდნენ, განათლებას ვერ იღებდნენ, მაღალ კლასებში გოგონას ვეღარ ნახავდით. ბოლო წლებია სკოლასაც ამთავრებენ და მოტაცების ფაქტებიც კი შემცირებულია. მახსოვს გოგონა, შეხვედრისას გვითხრა, რომ თვითმკვლელობამდე იყო მისული, როცა ძალით დანიშნეს და ათხოვებდნენ. მთელი თავგადასავალი, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩარევა დაგვჭირდა (ძალიან გამოგვადგა), რომ „ნიშანი“ უკან დაებრუნებინათ. აზერბაიჯანულ თემში ნიშნის უკან დაბრუნება ერთი სერიოზული ტრაგედია თუ ძალიან მძიმე შემთხვევაა. გოგონები ამ ყველაფერს უკვე წინააღმდეგობას უწევენ“.

ასოციაციის პრეზიდენტი ძალადობის ერთ შემთხვევაზე სასამართლო პროცესზე დასწრებასაც აპირებდა, - ჯერ არაო, უთხრეს. მისივე ინფორმაციით, ქალი სახლიდან გამოუშვეს, შვილები წაართვეს: „აზერბაიჯანელ კაცებს მეზობელ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ხშირი ურთიერთობა აქვთ, ეკონომიკურადაც ქალებზე უფრო ძლიერები არიან. ამ მხრივ ქალი იჩაგრება. როდესაც ქალი ეკონომიკურად ფეხზე ვერ დგას, ნაკლებად დაცულია. ამიტომ ვიბრძვით ეკონომიკურად გავაძლიეროთ, ვზრუნავთ განათლებაზე. გოგონებს ვუხსნით თუ რამდენად ცუდია ადრეული გათხოვება განათლებისა და მისივე კარიერისთვის. სხვათა შორის, კაცებსაც ვუხსნით უარყოფით შედეგებს, რასაც ქალებისთვის განათლების შეზღუდვა იწვევს - საზოგადოებისთვის, მათივე ოჯახისთვის და ა.შ“.

მარინა ბჟალავას თქმით, გენდერული სამართლიანობის გასაუმჯობესებლად გამოსავალი მეტი ინფორმირებასა და განათლებაშია. მისივე დაკვირვებით, ხშირად კაცებსაც ჰგონიათ, რომ მათ საწინააღმდეგოდ მუშაობენ, როცა ქალების უფლებების დაცვას და გაძლიერებას ხელს უწყობენ: „მაგრამ ჩვენ ამით კაცების უფლებებს კი არ ვარღვევთ, ქალმაც ასე არ უნდა გაიგოს. მიზანია ოჯახში იყოს ჰარმონიული ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა. პოლიტიკაშიც ქალების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან განსხვავებული ხედვა აქვთ. ქალს ბუნებრივად სოციალური საკითხებისადმი უფრო მეტი მგრძნობელობა აქვს. ერთი აქაური შემთხვევა მახსენდება - კაცებმა სოფლის კრებაზე პრიორიტეტად სასაფლაოს შემოღობვა აირჩიეს, ხოლო ქალებმა წყლის საკითხი, რეკრეაციული ზონის გაკეთება, გარემოს დაცვა ამჯობინეს. და თუ ქალთა ინიციატივით წყლის საკითხი (პრობლემა) მოგვარდა, ეს კაცებისთვის ცუდი რატომ არის?“

მართლაც რიტორიკული კითხვაა- ამიტომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი ცენტრალურ თუ ადგილობრივ პოლიტიკაში. მასმედიამ ამ პროცესს მხოლოდ ხელი უნდა შევუწყოთ, ისევ და ისე ჩვენივე უკეთესი მომავლისთვის.

* * *

ქონების გადანაწილების ტრადიციული წესი ქალებს სიღარიბისა და დამოკიდებულებისთვის წირავს

რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ხაშურის მუნიციპალიტეტის დონეზე; როგორია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები; რაზე მიგვანიშნებენ ადგილზე ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკები?

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი ნინო სუხიაშვილი გვეუბნება, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში  ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა მაღალი არ არის, თუმცა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც გენდერული კვოტები პარტიულ სიებში სავალდებულო გახდა, ქალთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 წევრიდან 8 ქალია, რაც 29,62%–ს შეადგენს:

„აქედან 4 ქალი წარმოადგენს მმართველ პარტიას – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, 3- „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 კი –  პარტიას „საქართველოსთვის“. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიას, 10 მუნიციპალური სამსახურიდან ქალი მხოლოდ 1–ს ხელმძღვანელობს, 9 განყოფილებიდან 5–ის ხელმძღვანელი ქალია, ხაშურის მუნიციპალიტეტი არ შედის იმ მცირერიცხოვანი მუნიციპალიტეტების რიგებში, სადაც არჩეული მერი ქალია“.

მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემწყობ ფაქტორებზე საუბრისას, ნინო სუხიაშვილი უპირველესად ისევ კვოტირებას აღნიშნავს. მისივე განმარტებით, საკრებულოს წევრი 8 ქალიდან 7 პარტიული სიით მოხვდა საკრებულოში, 1 კი – მაყვალა მაისურაძე – არჩეულია მაჟორიტარული წესით სურამის მაჟორიტარულ ოლქში:

„ქალბატონი მაყვალა პროფესიით ექიმია და საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.  საყურადღებოა, რომ სურამის მაჟორიტარულ ოლქში ქალი დეპუტატის გამარჯვება უკვე ტრადიციად იქცა. მაყვალა მაისურაძე უკვე მეორე ვადით არის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, მანამდეც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში სურამის მაჟორიტარი იყო ირინე გელაშვილი. უფრო ადრე კი 2006 და 2010 წლების თვითმმართველობის არჩევნებზე სურამის მაჟორიტარად ორი ვადით იყო არჩეული ნინო ლომიძე–დოლიძე.

ისიც აღსანიშნავია, რომ სურამი მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი მრავალრიცხოვანი მაჟორიტარული ოლქია, სადაც ყოველთვის მაღალი კონკურენციაა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო იმ გამონაკლისთა შორისაა, სადაც არჩეული თავმჯდომარე ქალია. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნინო ლიპარტელიანი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ხელმძღვანელობს. 

რაც ეხება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელისშემშლელ ფაქტორებს – ეს კომპლექსური საკითხია და მოიცავს ისეთი გარემოებების ერთობლიობას, როგორიცაა საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები, რომელიც გადაწყვეტილების მიმღების როლს მამაკაცს მიაკუთვნებს, ქალთა დაბალი თვითშეფასება, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ქალებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვისთვის საკმარისი განათლება და ცოდნა აქვთ; ქონების გადანაწილების ტრადიციული წესი, რომელიც ქალებს სიღარიბისა და დამოკიდებულებისთვის წირავს, ვინაიდან პოლიტიკაში ჩართულობა დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს მოითხოვს და ა.შ.“

ნეგატიურ გენდერულ სტერეოტიპებზე ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ მოხსენიებული, როგორც ქალთა პოლიტიკური აქტიურობის შემაფერხებელი ფაქტორები, მხოლოდ ამას არ უშლის ხელს. მისივე თქმით, დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები ხელს უშლის ქალთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში: „დიდი ხანია, ვაკვირდები ქალთა მონაწილეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ სასოფლო კრებებზე და სამწუხაროდ, მათი ჩართულობის ხარისხი უკეთესის სურვილს იწვევს. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით პირველად გამოიყენა სასოფლო კრებებზე ქალთა გააქტიურების დამატებითი მექანიზმები, როგორიცაა მათთვის პერსონალური მიმართვა სოციალური ქსელების ან პირადი ნაცნობობის მეშვეობით. ამ მეთოდმა ქალთა მონაწილეობა სასოფლო კრებებზე გაზარდა. ასევე კრების მიმდინარეობისას ხშირად გამოყენებული იყო ქალებისთვის პერსონალურად მიმართვის ხერხი: როცა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სთხოვდნენ, მათაც საკუთარი პერსპექტივიდან დაესახელებინათ გადასაჭრელი პრობლემა. უნდა ითქვას, რომ მიდგომამ გაამართლა, თუმცა, ქალთა გააქტიურებისთვის კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო“.

ნინო სუხიაშვილის თქმით, ოჯახში ძალადობა ხაშურის მუნიციპალიტეტში მწვავე პრობლემას წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებული ფემიციდის შემთხვევებიდან რამდენიმე ხაშურის მუნიციპალიტეტში მოხდა: „ოჯახში ძალადობის განმაპირობებელია კვლავ სტერეოტიპული შეხედულება ქალისა და მამაკაცის როლებისა და ოჯახში გენდერული ურთიერთობების შესახებ, ასევე საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულება, რომ ოჯახის პრობლემა მისსავე ფარგლებში უნდა გადაწყდეს. ამასთანავე, სახეზეა ქალთა ეკონომიკური სიდუხჭირე. ხშირად, ქალები იძულებული არიან მოითმინონ ძალადობა, რადგან უბრალოდ, წასასვლელი არსად აქვთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების გარკვეული ხარისხზე მიუთითებს და ცალსახად დადებითი ტენდენციაა.

მუნიციპალიტეტში საქმიანობს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის ფარგლებშიც გასულ კვირას ჩატარდა გენდერული კვირეული. კვირეულის ერთი დღე ოჯახში ძალადობის პრობლემას დაეთმო. ამაზე იმსჯელეს გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, პოლიციის წარმომადგენელმა, პედაგოგებმა თუ სკოლებისა და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებმა – იმ ადამიანებმა, ვისი ჩართულობაც შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ძალადობის პრევენციისას. პრობლემის მოგვარების გზაზე პროგრესის მიღწევა  მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი“, - დასძენს ნინო სუხიაშვილი.

როგორც ვხედავთ, ცალკეული „გამონათებების“ მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებაში ქალების პოლიტიკურ გააქტიურებას უამრავი გამოწვევა ხელს უშლის. გაცილებით მეტი პროგრესია მისაღწევი, რადგან მეტი (გადაწყვეტილების მიმღები თუ განმახორციელებელი) ქალი პოლიტიკაში ქვეყნის წარმატებული ხვალინდელი დღის საწინდარია. ამ გზაზე ნაბიჯები დროულად უნდა გადაიდგას.

* * *

ქალი პოლიტიკოსები გადაწყვეტილების მიღებისას უფრო პრინციპული,  მოქნილი  და გაწონასწორებული არიან

რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დონეზე? ადგილობრივი ასოციაციადეასხელმძღვანელი მადონა ხარებავა გვეუბნება, რომ  ზუგდიდის საკრებულოს შემადგენლობის 27 % ქალია.  მისივე თქმით, თუ დავაკვირდებით  დინამიკას, ამ მიმართულებით გადადგმული დადებითი ნაბიჯები აშკარად შეიმჩნევა:

ჩემი მოსაზრებით, საკრებულოში  ქალთა რაოდენობის გაზრდა მრავალ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ამ ფაქტორებიდან გამოვყოფდი   რამდენიმეს:

გენდერული კვოტირება  -    მსოფლიო   აღიარებს   კვოტირებას,   როგორც     ქალთა პოლიტიკაში  მონაწილეობის   ზრდის  სწრაფ და   ეფექტურ   მექანიზმს.   ყველას კარგად გვახსოვს, რომ   2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების  წესებში შევიდა  ცვლილება -  შემოტანილი იქნა   გენდერული  კვოტირება,   რომლის  თანახმად    პოლიტიკურ პარტიებს გაუჩნდათ ვალდებულება პროპორციული სიის  სამეულში შეეყვანათ  მინიმუმ ერთი  საპირისპირო  სქესის კანდიდატი.

გენდერულ სფეროში  დადებითი   ნაბიჯები გადაიდგა.   კერძოდ, არსებობს   ეროვნული    საკანონმდებლო ბაზა,  რატიფიცირებულია   მნიშვნელოვანი საერთაშორისო   აქტები,        შექმნილია  ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმები და სხვა.

გენდერული საკითხები პრიორიტეტულია  როგორც საერთაშორისო  დონორი ორგანიზაციებისთვის  (გაერო, ევროკავშირი, იუესაიდი და სხვ ), ასევე  ადგილობრივი საერთაშორისო და  არასამთავრობო, განსაკუთრებით ქალთა ორგანიზაციებისთვის.

დონორების ფინანსურ-ტექნიკური მხარდაჭერით   განხორციელდა მრავალი კვლევა, თუ საგანმანათლებლო პროგრამები, რომელმაც ხელი შეუწყო   ფართო    საზოგადოების  ინფორმირებულობას;  განსაკუთრებით ქალების,   გენდერული  თანასწორობის  საკითხებზე  ლიდერი ქალების წარმოჩენას, მათი უნარების გაუმჯობესებას და სხვა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მზარდ დინამიკაში ნაკლებად არიან წარმოჩენილი მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები.  იმაზე მიგვანიშნებს, რომ დროულად უნდა მოხდეს  ქალთა პოლიტიკური გაძლიერების  საკითხებში შესაძლებლობათა შეზღუდვის საკითხების მეინსტრიმინგი“.

მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელ ფაქტორებსა და კარგ პრაქტიკებზე მადონა ხარებავა ამბობს, რომ აქ უმნიშვნელოვანესია პარტიების ხედვა  ქალი პოლიტიკოსების მიმართ.  მისივე დაკვირვებით,  ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ძალებში შიდა დემოკრატიის დონე დაბალია: 

პარტიებში ნაკლებადაა შიდა რეგულაციები, რომლებიც გაზრდის ქალების წარმომადგენლობას და ხელს შეუწყობს მათ წინსვლას პარტიის შიდა სტრუქტურებში;    სტერეოტიპულია  პოლიტიკური პარტიების ლიდერი მამაკაცების   დამოკიდებულება თანაპარტიელი  და აქტივისტი ქალებისადმი,  რადგან ისინიც განიცდიან ქალების პოლიტიკური აქტიურობისადმი საზოგადოების პატრიარქალური მიდგომების  ზეგავლენას;  პოლიტიკური პარტიების  ლიდერები  ცუდად იცნობენ ამომრჩეველ ქალებს და მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს,  ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ქალი ამომრჩევლების სპეციფიკური საჭიროებებს. დაბალია სოლიდარობა ქალი ამომრჩევლების მიმართ. თვით ქალთა ერთი ნაწილიც  თვლის, რომ პოლიტიკა არაა ქალის საქმე“.

მისივე შეფასებით, ჯერ კიდევ დაბალია   საზოგადოების მზაობა   და ინფორმირებულობის  დონე,   რაც გამოწვეულია  სხვადასხვა ფაქტორებით: „კერძოდ - არ არსებობს პარტიათაშორისი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მოახდენს გენდერული საკითხების ლობირებას პოლიტიკურ პარტიებში;  არ არსებობს კონსოლიდირებული, ორგანიზებული და ფართო მოძრაობა, რომელიც  საზოგადოების ინფორმირებას და გათვითცნობიერებას უზრუნველყოფდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც,  რომ  მედია, რომელიც საზოგადოების ინფორმირებულობის მასობრივი საშუალებაა,  ხშირად თავად ქმნის და ამყარებს სტერეოტიპებს  ქალი პოლიტიკოსების მიმართ და სხვ“. 

რაც შეეხება  წარმატებულ პრაქტიკას, მადონას მოჰყავს მრავალი მაგალითი, როცა ლიდერი ქალების ერთი ნაწილი შეგნებულად ამბობს უარს  კენჭი  იყაროს   პოლიტიკური პარტიის სახელით ( პროპორციული არჩევნების გზით ) და ხშირად  მონაწილეობს  როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი: „ამით  საზოგადოებას და, უპირველესად, თავის თავს უმტკიცებს, რომ ის ძლიერი  და ღირსეული კანდიდატია.  ქალი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი გადაწყვეტილების მიღებისას პრინციპულია და, ამავდროულად, მოქნილი  და გაწონასწორებული“.

რაც შეეხება ზუგდიდში ნეგატიურ გენდერულ სტერეოტიპებს, მადონა ხარებავას თქმით,  რა თქმა უნდა  საუკუნეების განმავლობაში არსებული  გენდერული სტერეოტიპის  რღვევა არაა მარტივი და სწრაფი  პროცესი. მისივე დაკვირვებით,  ცხადია, სხვა ქვეყნების მსგავსად    საქართველოში, მათ შორის ადგილობრივ დონეებზე ქალთა ემანსიპაციის  პროცესი  უფრო გაძლიერდა,  რამაც გენდერული თანასწორობის გაძლიერებას შეუწყო ხელი:

მიუხედავად ამისა, როდესაც საკითხი ეხება განათლებას, დასაქმებას, სამსახურებრივი პოზიციების გადანაწილებას და საზოგადოების დამოკიდებულებას - კაცებს უპირატესი პოზიციები უკავიათ. ასეთი გენდერული სტერეოტიპები თაობიდან თაობას გადაეცემა.    ხდება ისე, რომ ამას ხშირად დედებიც უწყობენ ხელს.

ჯერ კიდევ საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია,  რომ არსებობსმამაკაცური და ქალური პროფესიები“. დღესაც აქ ხშირად  გაიგონებთ გამონათქვამებს: „გოგო ხომ არა ხარ     ვარდისფერი   პერანგი რომ გაცვია“; „რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ? და . .   საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ მამაკაცებმა   უფრო  მაღალი სოციალური სტატუსი   სამართლიანად დაიმსახურეს, რადგან ისინი  უფრო გონიერები და ძლიერები არიან.   მახსოვს, როცა გოგონა  განსაკუთრებულ  უნარებს ავლენდა   საბუნებისმეტყველო მეცნიერებისადმი, განსაკუთრებით მათემატიკისადმი, არსებობდა ასეთი   გამონათქვამი  (ალბათ დღესაც არის), ყოჩაღ, ბიჭივით  აზროვნებ“.

მისივე შეფასებით, პერიფერიებში, სხვადასხვა მიზეზთა გამო  სტერეოტიპების რღვევა, განსაკუთრებულად დიდხანს    მიმდინარეობს. მადონა ამბობს, რომ როცა კაცსა და ქალს შორის    სოციალური როლების განაწილებაზეა საუბარი, კაცები და, მათ შორის ქალების ერთი ნაწილი თვლის, რომქალი უპირველესად დედა უნდა იყოს“:

ამ ლოგიკით ქალის მთავარი მოვალეობაა  ოჯახზე ზრუნვა, მამაკაცმა უნდა იზრუნოს   ოჯახის მხოლოდ   ფინანსებით  უზრუნველყოფაზე; მიუხედავად იმისა, რომ  ბოლო  რამდენიმე ათეული წლის   განმავლობაში, ბევრ  ოჯახში  ქალია ერთადერთი  შემომტანი“,  მამაკაცების უმრავლესობა თვლის, რომ  მან, როგორც  მამაკაცმა, ოჯახის თავმა, თვითონ   უნდა განკარგოს  ფინანსები.  ეს  ხომ სტერეოტიპის ნათელი მაგალითია  ეკონომიკურ ძალადობასთან ერთად“.  

მადონა ხარებავა გვეუბნება, რომ ოჯახში ძალადობა შესაძლოა გენდერული ნიშნითაც მოხდეს. მისივე შეფასებით, ასეთი ძალადობა   გენდერული უთანასწორობის  ერთ-ერთი უმძიმესი  ფორმაა, -  რას შეეხება  ოჯახში ძალადობისას  აუცილებელი არაა დაზარალებული იყოს მხოლოდ ქალი;  შესაძლოა ეს იყოს  ხანდაზმული ქალი ან მამაკაცი, ბავშვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ან თუნდაც შრომისუნარიანი მამაკაცი:

ოჯახში ძალადობის პრევენციისა და   აღმოფხვრის მიზნით საქართველოში გარკვეული დადებითი ნაბიჯებია გადადგმული. არსებობს  საკანონმდებლო ბაზა, რატიფიცირებულია  მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტები,  სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, სხვადასხვა სახის სოციალური სერვისები დაზარალებულებისთვის  ეროვნულ თუ ადგილობრივ დონეზე -   ნაბიჯები გადაიდგა საზოგადოების გათვითცნობიერების კუთხითაც.  მიუხედავად, იმისა, რომ შესაბამის სამსახურებში   მიმართვიანობა იზრდება  ძალადობის   გათვითცნობიერების ხარჯზეც, ჯერ კიდევ ბევრი ვერ აცნობიერებს რა არის ძალადობა და რომ მხოლოდ   ფიზიკური  ძალადობა არაა ძალადობისა ერთადერთი ფორმა. არსებობს ისეთი ფორმები როგორიცაა ფსიქოლოგიური,  ემოციური, ეკონომიკური, უგულებელყოფა...“, - დასძენს მადონა ხარებავა.

* * *

კაზრეთი - დასაქმებას შეწირული ადამიანების ჯანმრთელობა

გენდერული სამართლიანობის საკითხი ამჯერად ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის მაგალითზე განვიხილოთ. ჩვენი რესპონდენტი (ქალბატონი დოდო) ყოფილი პედაგოგია, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო ზუსტი ვინაობის დასახელება არ სურს. - ჩემი ოჯახის წევრები „მადნეულში“ მუშაობენ და არ მინდა ზედმეტი პრობლემები შეექმნათო, - გვეუბნება. 

მისი ინფორმაციით, კაზრეთის საკრებულოსა და გამგეობაში ქალებიც (მათ შორის, ბოლნისის გამგეობაში ნინო ასლანიშვილი) მუშაობენ. მისივე შეფასებით, ადგილზე გენდერული ბალანსი სრულად დაცული არ არის, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში:

„ჩვენი ქალები მუშაობენ კაზრეთის სამთო-მომპოვებელ საწარმოებშიც. კერძოდ, მადნეულის გაფილტვრაზე, გადამამუშავებელ ლაბორატორიაში. ამ კონკრეტულ სფეროში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულნი. მეორე მხრივ, მადნეულის გარდა კაზრეთში სხვა სამსახურს ფიზიკურად ვერ ნახავ. გამონაკლისი რამდენიმე მაღაზიაა, სადაც ასევე ქალები მუშაობენ“.

დოდოს შეფასებით, - „დიდი პრობლემაა, რომ კაზრეთში საბავშვო ბაღი არ გვაქვს, რადგან თავის დროზე დაგვიკეტეს“. მისივე თქმით, ამხელა დაბა შენობის ავარიულობის გამო საჭირო ინსტიტუციის გარეშეა დატოვებული:

„მხოლოდ ერთეული კაზრეთელი ბავშვები (რომელთა მშობლებიც მუშაობენ) დადიან მეზობელი სოფლის, ბალიჭების საბავშვო ბაღში. უმუშევრების შვილებს ბაღში არ იღებენ. პასუხი ერთი და იგივეა - თქვენთვის ადგილი არ გვაქვსო. მაგალითად, ჩემი გოგო არსად არ მუშაობდა და ამის გამო შვილიშვილი ბაღის გარეთ დარჩა - დღემდე ვერ დაჰყავს“.

კითხვაზე, ამისთვის მშობელი სად უნდა მუშაობდეს, ჩვენი რესპონდენტი განგვიმარტავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს სად - მთავარია იქიდან ცნობას მიიტანა შეძლონ და მათ ბავშვებს მაშინვე იღებენ.

„კაზრეთის ბაღის მასწავლებლები ამჟამად სახლში არიან, ხელფასს ჩვეულებრივად იღებენ. ზოგმა დამატებითი სამსახური იშოვა და იქაც აქვს ანაზღაურება. კარგია, რომ ბაღის მასწავლებლებს ხელფასის მიცემა არ შეუწყვიტეს“.

დოდო ზოგადად ვერ ადასტურებს, რომ კაზრეთში ქალები გენდერული ნიშნით იჩაგრებიან. მისივე თქმით, მსურველი ეძებს სამსახურს და რაღაცას მაინც პოულობს:

„ახლა ვისაც სახლში ყოფნა და მხოლოდ ოჯახური საქმეების გაძღოლა სურს, სამსახურს არც ეძებს. ჩვენთან ბევრი ქალი ღამის ცვლებშიც (მადნეულში) კი მუშაობს, მაგრამ ეს ნებაყოფლობითი არჩევანია. ხშირად, მედიაში ვრცელდება ინფორმაციები ოჯახში (ქალთა მიმართ) ძალადობაზე - საბედნიეროდ, ჩვენთან ასეთები არ ხდება და მგონი არც იქნება. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ საწარმოებში დასაქმების მაღალი მაჩვენებელია“.

მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და შეუძლებელია კაზრეთში გენდერული სამართლიანობის პრობლემა ეკოლოგიურ ჭრილშიც არ განვიხილოთ. ჩვენი რესპონდენტიც გვიდასტურებს, რომ ჰაერის დაბინძურების მხრივ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. კვლევებით დადგენილია, რომ სამთო-მომპოვებელი (ღია წესი) საბადოების გამო, დაბა და მთელი შემოგარენი სიმსივნის გავრცელების მხრივ ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია.

ამის გამო კაზრეთში ერთ-ერთი მოთხოვნადი ირმის რქაა, რადგან სჯერათ, რომ მძიმე გართულებებს მისი საშუალებით გაუმკლავდებიან. რეალობას ირმის რქის დაფშვნა, თაფლში არევა და მიღება რამდენად უშველის, ცალკე განხილვის საკითხია იმ ფონზე, როცა ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება მწვავე პრობლემის აღიარებასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს.

კაზრეთში უმუშევრად დარჩენის შიშით პრობლემაზე ღიად საუბარს ერიდებიან, მაგრამ ჭირს ბოლომდე ვერ მალავენ. დოდოს თქმით, სიმსივნის (სხვა დაავადებების) გავრცელება აქ წლების განმავლობაში ჩვეულებრივი ამბავი გახდა და საშველი არ ჩანს:

„შეიძლება, ვიღაცამ არც დაგვიჯეროს, აქაური ქალების უმეტესობას უკვე გვეშინია, რომ, ადრე თუ გვიან, სიმსივნე ჩვენც დაგვემართება. ამას დაბაში არსებული სამწუხარო სტატისტიკაც ხელს უწყობს. ვისაც ეს ეხება, დროზე უნდა მოგვხედოს, რათა ეს დაძაბულ-ნერვული ფონი მაინც მოიხსნას. ხომ იცით, შიშს რამხელა თვალები აქვს?“

კითხვაზე, გამოსავალი სად არის, ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ ადამიანები ღიად საუბარს ერიდებიან, რადგან „არემჯი“ რეგიონში ძირითადი დამსაქმებელია. მისივე შეფასებით, მოწამლულ ჰაერზე ცხოვრება არავის ახარებს, მაგრამ უსაქმურად დარჩენაც გამოსავალი არ არის:

„ვიღაცას გაუვრცელებია, რომ სიმსივნეს ირმის რქა შველის. ამის გამო დაბაში მასზე დიდი მოთხოვნაა. პირადად მეც ბათუმიდან ახლობლებმა მატარებლით გამომიგზავნეს. დაფშვნილს თაფლში ვურევთ და ისე ვიღებთ. ყველასგან მიტოვებულებს, ამ გზით გადარჩენის იმედი გვასულდგმულებს“.

ერთი პერიოდი არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობდნენ კაზრეთის ეკოლოგიის დასაცავად. ქალბატონი დოდოს განმარტებით, სამწუხაროდ, მათ წინააღმდეგ ისევ ადგილობრივმა მოსახლეობის ნაწილმა გაილაშქრა, რადგან ყველას, ისევ და ისევ, სამუშაოს - ოჯახის საარსებო წყაროს დაკარგვა აშინებს:

„გეცოდინებათ, თავის დროზე დაბაც წარმოების გვერდზე გაშენდა. იმ ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები აქ წესიერად აღარ გამოჩენილან. მოკლედ, ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა, ოჯახის საარსებო ხელფასსა და შერყეულ ჯანმრთელობას შორის. ისევ სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს კომპანიის ხელმძღვანელობას, რომ დაიცვას საშიში წარმოების წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავა წლები და გენოციდს დაემსგავსება ეს ყველაფერი. ერთეულები მილიონებს შოულობენ და კეთილი ინებონ ნაწილი წარმოების გამართულობაზე დახარჯონ, რათა დაბა, ჩვენი რეგიონი ყოველდღიურად არ იწამლებოდეს და ადამიანებს ნაადრევად არ ისტუმრებდეს“.

ამ ფონზე, შეუძლებელია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესებაზე ვისაუბროთ, როცა ადგილზე ლამის ყოველ მესამე-მეოთხე ქალს მკერდის სიმსივნე აღენიშნება. დაუშვებელია დასაქმებას ეწირებოდეს ადამიანების ფუნდამენტური უფლება ჯანმრთელ გარემოში ცხოვრებაზე. შუბი ხალთაში დიდხანს არ იმალება და მთავრობამ მწვავე პრობლემას დროზე უნდა მიხედოს. 

* * *

ქალს უფრო მეტი ძალისხმევა და შრომა სჭირდება იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდროს პოლიტიკურ ასპარეზზე

ორგანიზაციანაბიჯი ხარაგაულისდამფუძნებელი რუსუდან გურგენიძე გვეუბნება, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოში - საკრებულოში  ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო და არის დღესაც. მისივე ინფორმაციით, ამჟამად საკრებულოს 33 წევრიდან 22 ქალია:

ამათგან 4 მაჟორიტარულ ოლქში არჩეული საკრებულოს დეპუტატია.  ქალს უკავია საკრებულოს თავმჯდომარის, ერთ-ერთი  ფრაქციის და ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარის პოსტი.  წინა 2 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც  ქალები იყვნენ. მუნიციპალიტეტის მერიაშიც სამსახურების ნაწილს ქალები ხელმძღვანელობენ.  ფართოდ არიან ქალები განყოფილებების უფროსებადაც წარმოდგენილები“. 

რუსუდანი ამბობს, რომ ხელშემშლელი ფაქტორებიდან ჯერჯერობით მაინც არის საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმა- „ქალი სუსტი არსებაა“. მისივე დაკვირვებით, ქალს უფრო მეტი ძალისხმევა და შრომა სჭირდება იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდროს პოლიტიკურ ასპარეზზე:

ამასთან ქალს საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად უწევს საოჯახო საქმეების შეთავსება. ფაქტობრივად, ქალი ორმაგ და ხშირად  უფრო მეტ სამუშაოს ასრულებს შედეგის მისაღწევად. სოფლად მცხოვრები ქალებისათვის კი, ამას ემატება შინამეურნეობაში მუშაობაც. მათ ხშირად მიწაზე მძიმე მუშაობა უწევთ“. 

ადგილზე ნეგატიურ გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით რუსუდან გურგენიძე გვეუბნება - ხშირია შეხედულება, რომ ქალმა ოჯახს უნდა მიხედოს, მისი საქმე არაა პოლიტიკა და მსგავსი მიდგომები:

ქალი ხშირად თავისი შესაძლებლობების მიუხედავად მხოლოდ დიასახლისია. ამას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში უმუშევრობის პრობლემაც. მართალია ბოლო პერიოდში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა ხორციელდება, მაგრამ დასაქმება მაინც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა მუნიციპალიტეტში“.

მისივე თქმით, ოჯახში ძალადობა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. რუსუდანის ინფორმაციით, ხშირად არის არა მარტო ფიზიკური ძალადობის ფაქტები, არამედ ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობაც.

იყო შემთხვევა, როცა ოჯახის დიასახლისი, შშმ პირი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა არა მარტო მეუღლის, არამედ მთლიანად ოჯახის მხრიდან.  საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ჩაერია მუნიციპალიტეტი, მოხერხდა მსხვერპლის გამოყვანა და უზრუნველყოფა საცხოვრებელი პირობებით. სამწუხაროდ ჯერ კიდევ აქტუალურია ძალადობის მსხვერპლის მხრიდან შიში - სად წავიდეს, რა მოხდება ოჯახიდან თუ წავა? მსხვერპლი ვერ მიდის მოძალადისგან და რჩება ოჯახში; თუნდაც იმ სტერეოტიპის გამო, რომოჯახი მაინც ოჯახია“, „ბავშვებს მამა სჭირდებათ“, „მარტო მე რა ვქნადა .. ამ ყოველივეს ხელს უწყობს ქალთა დაბალი ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელი“, - აღნიშნავს რუსუდან გურგენიძე.

* * *

ქედაში ქალებისთვის ბიზნესზე ფიქრი უფრო მარტივი გახდა, ვიდრე პოლიტიკურ კარიერაზე

ქედის მკვიდრი, აჭარის ტელევიზიის (საზოგადოებრივი მაუწყებლის) ჟურნალისტი ილონა შავლიძე გვეუბნება, რომ ქედის საკრებულოს 24 დეპუტატიდან სამი ქალია.

მისივე თქმით, ეს სურათიც საკმარისია დავასკვნათ, თუ რამდენად ნაკლებად არიან ქალები პოლიტიკაში ჩართული:

ეს ციფრიც ალბათ კვოტირების (საარჩევნო) სისტემამ მოგვცა, რომელიც საკრებულოს პროპორციულ სიაში ყოველ მესამე კანდიდატად ქალის დასახელებას გულისხმობდა. ის ფაქტი, რომ ადგილზე მაჟორიტარი ქალი საერთოდ არაა, ჩემს არგუმენტს მხოლოდ ამყარებს“.

ილონას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიაში ცხრა სხვადასხვა სამსახურის უფროსის პოზიციაა. მისივე თქმით, მათგან სამსახურის უფროსი ქალი მხოლოდ ერთ - განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის პოზიციაზეა დასაქმებული:

ვფიქრობ, რომ თუნდაც ასეთი პრეცედენტები გვაძლევენ კარგ მაგალითებს იმისა, რომ სამომავლოდ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. მანამდე, ნაკლებად ვხედავთ ქალებს სხვა მაღალ თანამდებობებზეც. მაგალითად, ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედ ()იპებისა და შპს-ების ხელმძღვანელებად მხოლოდ ორში, „ბაგა ბაღების გაერთიანებისადასახელოვნებო სკოლისხელმძღვანელად ქალები არიან წარმოდგენილი“.

ჩვენი რესპონდენტის შეფასებით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები სათავეს იმ სტერეოტიპებიდან იღებს, რომელიც უძველესი დროიდან დამკვიდრდა და აქამდე ვერ მოვიშორეთ:

მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ და დღემდე სოფლებში გადაღებებზე გასვლისას ქალები კამერებს გაურბიან. არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის მიზნით, კარდაკარ სიარულსაც ითვალისწინებდა - ოჯახში მისულს კი ქალები ხშირად მეუბნებოდნენ: „მე არა, ჩემს ქმარს დავუძახებანოჯახის უფროსს დავუძახებ და იმას უთხარიდა .. სამწუხაროდ, დღემდე ჭარბობს ისეთი სტიგმა, რომლის მიხედვითაც ოჯახში ერთადერთიდომინანტიკაცია. ქალი კი, მითუმეტეს მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ითვლება ოჯახის დიასახლისად, ქალი არის შვილების აღმზრდელი...“

მისივე დაკვირვებით, ის ქალები, რომლებიც მუშაობას სკოლებსა თუ ბაღებში ახერხებენ, საკმაოდ შრომატევადი საქმე უწევთ:

მათ ოჯახში საოჯახოს გარდა უამრავი საქმე უნდა მოასწრონ, რომელიც საქონლის მოვლას, საკარმიდამო ნაკვეთში თამბაქოსა თუ ბოსტნეულის მოყვანას გულისხმობს. ზაფხულობით კი ზოგიერთ ოჯახს, ოთხი თვის განმავლობაში, საქონელი მთაში მიჰყავს, სადაც რძის პროდუქტებს ამზადებენ. ამდენი საოჯახო თუ საკარმიდამო საქმე კი მათ უბრალოდ დასაქმების, მით უმეტეს კი პოლიტიკაზე ფიქრის საშუალებას არ აძლევს“.

ილონა გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტში განათლებამიღებული ქალებისთვის კარიერის შესაქმნელად მთავარი დაბრკოლება ტრანსპორტირებაც არის, რადგან სოფლებიდან მიკროავტობუსი ყოველდღიურად არ გადაადგილდება:

თუ გადაადგილდება ისიც იმ დროს, როცა ადგილობრივებს დილის 7 საათზე მოწეული მოსავალი ბათუმის აგრარულ ბაზარში ჩააქვს და უკან საღამოს საათებში ბრუნდება“.

ამ ფონზე, იმასაც ფიქრობს, რომ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ქალებისთვის მარტივი გახდა უფრო ბიზნესზე ფიქრი, ვიდრე პოლიტიკურ კარიერაზე. მისივე თქმით, მოწეულ პროდუქციას თუ თავიანთი ხელსაქმით შექმნილ სხვადასხვა ნაკეთობებს რეალიზაციას უკეთებენ - რაც მათთვის უკვე შემოსავლის წყაროა:

ქედაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, პარალელურად მატულობს საოჯახო სასტუმროები და მარნები, რომელსაც ხშირად ქალი უძღვება. ქედის მერიას უკვე აქვს პროგრამაქალთა მეწარმეობის განვითარება“, რომელიც ქალთა ბიზნესში ჩართვას და მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ქედის მერიაში მუშაობსქალთა ოთახი“, რომელიც არაერთ ტრენინგს ატარებს გენდერული თანასწორობის, ადრეული ქორწინების, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა თუ სხვადასხვა თემებზე. მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოების, განსაკუთრებით კი ქალების სწრაფვა ნელ-ნელა მიგვიყვანს იქამდე, რომ საზოგადოება გაითავისებს გენდერული თანასწორობის პრინციპებს და საბოლოოდ დაასამარებს გენდერულ უთანასწორობას“.

ილონა ასევე გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ნაკლებად ფლობს. მისივე თქმით, რადგან ქედის მერიამ აამოქმედა ახალი პროგრამა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, . ასეთი შემთხვევები (სამწუხაროდ) არსებობს.

მუნიციპალიტეტშიქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის მხარდამჭერი მუნიციპალური ორკომპონენტიანი პროგრამა წელს ამოქმედდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) მხარდაჭერით ახორციელებს; რომლის მიზანია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, პროგრამა ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ფინანსურ დახმარებას და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას ითვალისწინებს. ასევე, ცნობიერების ამაღლებას ტრენინგ-სემინარების საშუალებით“ - დასძენს ილონა შავლიძე.

დაბოლოს, ქედაში არსებული პრობლემები ბევრი მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელია. კარგია, რომ ნელ-ნელა განვითარების მცირეოაზისები“ (საარჩევნო კვოტირება, ქალთა მეწარმეობის განვითარება, ქალთა ოთახი, ძალადობის მსხვერპლებისთვის პროგრამა) ჩნდება. ამ პროცესს სხვადასხვა აქტორების (მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია) მხრიდან მაქსიმალურად ხელი უნდა შეეწყოს.

ჩვენი რესპონდენტების ნაამბობიდანაც ჩანს, რომ ქართული მხარე ბოლო წლებში რეალურ ნაბიჯებს დგამს ვითარების გასაუმჯობესებლად. ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, თავისუფალ მედიას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აკისრია. ბრძოლა გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისთვის გრძელდება - საქართველოს ქალები ამას ნამდვილად იმსახურებენ.

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2023 ყველა უფლება დაცულია