მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას - 19 თებერვალი 2023

 

მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტები აფინანსებდნენ ახალგაზრდების იდეებსა და ინიციატივებს, კერძო სექტორი კი მუდმივად იყოს ორიენტირებული მოტივირებულთა მოძიებასა და ღირსეულ დასაქმებაზე“

გელა მამულაშვილი

ახალგაზრდობა ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის ხერხემალია. მით უფრო ეს გარდამავალი პერიოდის საქართველოს შეეხება, სადაც ახალი თაობის სიტყვას და ენერგიულ საქმეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. დუხჭირი ცხოვრების მიუხედავად, დაუშვებელია ახალგაზრდების დასაქმების (პერსპექტივის) გარეშე დატოვება, რის შემდეგაც ერთადერთ გამოსავლად მშობლიური კერის დატოვება და უცხოეთში გადაბარგება (ზოგჯერ სამუდამოდ) რჩება.

საქართველოში ახალგაზრდობის ასაკი (კანონმდებლობის მიხედვით) 14-29 წლამდე განისაზღვრება. თავის მხრივ ეს დიდი სოციალური ჯგუფი ქვეკატეგორიებად იყოფა. ბოლო წლებში რამდენიმე კვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, ახალგაზრდების რამდენი პროცენტი შეადგენს განათლების, დასაქმების და ტრენინგის მიღმა მყოფ კატეგორიას. ყველა კვლევაში (მცირე სხვაობებით) ნათლად ჩანს, რომ საქართველოში NEET (დასაქმების, განათლების, ტრენინგის მიღმა მყოფი) ახალგაზრდები 25% აღემატებიან.

ბოლო პანდემიამდელი კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებში NEET მაჩვენებელი უკვე 30%- აღწევდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს; მით უფრო იმ ფონზე, რომ ახალგაზრდების წილი ზოგად მოსახლეობაში, დემოგრაფიული პრობლემების გამო, მცირდება და მათი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და ამავდროულად პასიურობის პრობლემას; როგორია ამ კუთხით დაინტერესებული მხარეებისმთავრობის, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო ორგანიზაციების, ბიზნესის, საგანმანათლებლო ინსტიტუტების როლი და ჩართულობა; როგორია ამ გზაზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზები - ერთგვარი გამოსავალი.

სანამ პრობლემებზე გადავალთ, რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ, ოპტიმიზმის კარგ საფუძველს რომ გვიქმნის.

ჩვენმა რესპონდენტმა, გიორგი მენაბდემსამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისონლაინ-სასწავლო პროგრამა გაიარა დაოქროსბეჭდიანისერტიფიკატიც მიიღო. მისი თქმით, როგორც სამოქალაქო აქტივისტს აღნიშნული კურსი სასიცოცხლოდ სჭირდებოდა და შემდგომ მუშაობაში აქტიურად გამოიყენებს:

დაახლოებით ორთვიანი ლობირება-ადვოკატირების კურსი გავიარე. დარგის სპეციალისტებისგან იმდენი ახალი ცოდნა და ინფორმაცია მივიღე, რომ პრაქტიკულ საქმიანობაში აუცილებლად გამომადგება. სხვა თუ არაფერი, ადვოკატირების რეალურ არსს ჩავწვდი და პროექტის ნორმალურად შედგენა ვისწავლე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

ნინი დათუნაშვილმა ილიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. რაიონში დაბრუნებულმა ნახა, რომ მიღებულ სპეციალობას დიდად ვერ გამოიყენებდა. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ყველაზე მეტად ფსიქოლოგიური მეცნიერება აინტერესებდა; თან იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში ადამიანის სულიერი მოძრაობების მცოდნეებზე მოთხოვნილება იზრდება:

დაოჯახების შემდეგ გაჩენილი პრობლემების გამო ჯერ თვითონ დამჭირდა ფსიქოლოგი და კონსულტაციებიც გავიარე. ამის შემდეგ სპეციალისტების ონლაინ-კურსებით დავინტერესდი და ხშირად ვუსმენდი, ამ გზით ჩემთვის ბევრ საკითხში გავთვითცნობიერდი. ბოლოს აღმოვაჩინე, რომ არათუ ჩემთვის, უკვე სხვა, ჩემ დღეში მყოფთათვისაც შემეძლო თანადგომის გაწევა. მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი მოწოდება და თავიდან ჩავაბარე ფსიქოლოგიის სპეციალობაზე. იცით რამდენი ადამიანი ელოდება ჩემგან, უკვე პროფესიონალისგან დახმარებას?“.

მანუჩარ .- ცხოვრება ისე წარიმართა, რომ არასრულწლოვანებიდან მოყოლებული საპატიმრო დაწესებულებებში სასჯელი ორჯერ მოიხადა. მისივე თქმით, ხელობა, მობილური ტელეფონების შეკეთება რომ არ შეესწავლა, ალბათ კიდევ მოხვდებოდა ციხეში დარეციდივისტადაცჩამოყალიბდებოდა:

ბოლოს თავისუფლებაზე გამოსული საქმით დაკავებამ, ხელობამ გადამარჩინა. სმასაც მოვუკელი და ნელ-ნელა ამქვეყნიურ ცხოვრებას დავუბრუნდი. რაიონში ვმუშაობ, მეორად ტელეფონებს იაფად ვიძენ, ვაკეთებ და ძირითადად თბილისში ვასაღებ. ჯიბის ფული ნამდვილად არ მაკლია. ჩვენ მთიან, ტურისტულ რეგიონში ვცხოვრობთ. ახლა, უცხოეთში სამუშაოდ წასული ჩემი და სასტუმროს აშენებს და ამისთვის გიდობის პრაქტიკული კურსი უნდა გავიარო, რომ ტურისტები თავადვე მოვიზიდოთ“.

სიდონია მამულაშვილმა უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. აქამდე არსად უმუშავია, ახლა თავს საზოგადოების სრულფასოვან  წევრად, კარგ სპეციალისტად მიიჩნევს:

სენაკის სათემო განათლების ცენტრში ბუღალტერიის შესასწავლად მოვედი. როცა ქალთა კლუბში გაწევრიანება შემომთავაზეს, წუთითაც არ დავფიქრებულვარ. ვიფიქრე, დიდი ხანია საზოგადოებას მოწყვეტილი ვარ ჩემი ავადმყოფობის გამო და, ალბათ, ეს შანსია დავუმტკიცო საკუთარ თავს, მეც შემიძლია ვიყო აქტიური, ვიურთიერთო ადამიანებთან, ვისწავლო და გავაზიარო ცოდნა და გამოცდილება. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, გავხდი უფრო მიზანდასახული, საკუთარ თავში და შესაძლებლობებში თავდაჯერებული“.

სიდონია ცენტრის ყველა აქტივობაში ჩართულია, მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და საქმიანობა წამოიწყო:

მე ამ პროექტმა გამომაფხიზლა, დამანახა საკუთარი თავი სხვა კუთხით. პიროვნული განვითარების კურსებს ვესწრებოდი და ყველა საჯარო შეხვედრასაც. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი და ეს მაიმედებს, ვუყვები მეგობრებს, როგორ შეიძლება ზრდასრულმა (ჯერ კიდევ ახალგაზრდა)  ადამიანმა დაიწყოს ახალი ცხოვრება, აიმაღლოს კვალიფიკაცია, იყოს აქტიური მოქალაქე და ეს ყველაფერი აკეთო სიამოვნებით“.

თეონა ქუთელიაც სენაკის ახალგაზრდული კლუბის წევრია, რაც ძალიან ახარებს და აბედნიერებს:

მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, მყავს სამი და-ძმა, მე უფროსი ვარ. ჩემს მშობლებს უწევთ მძიმე შრომა, ოჯახის უზრუნველსაყოფად, მოხუცი ბებია და ბაბუაც ჩვენთან ცხოვრობენ.  მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვა არ არის ადვილი, ჩემს მშობლებთან ერთად მე ვინაწილებ ამ პასუხისმგებლობას. სანამ ჩემი მშობლები ოჯახის სარჩოზე ზრუნავენ, მე საოჯახო საქმეებს ვაკეთებ: ვალაგებ, სადილს ვამზადებ, ჩემს პატარა და-ძმაზე ზრუნვა მე მეკისრება, მოხუცებზეც“.

მისივე თქმით, საოჯახო საქმეებზე ზრუნვამ სწავლაში ხელი შეუშალა, ჩამორჩა მეგობრებს, აქედან გამომდინარე გაუბედავიც გახდა, თანდათან საკუთარ თავში იკეტებოდა.

სათემო ცენტრში, რომელსაც თემში სიყვარულითსინათლის და ბედნიერების ქოხსეძახიან, დამიბარეს, ჩემი აზრი აინტერესებდათ, რა სახის აქტივობებში ჩაერთვებოდა ჩემნაირი მოზარდი. გაუბედავად გამოვთქვი ჩემი შეხედულებები. ცოტა ხანში ახალი პროექტის პრეზენტაციაზე დაგვიძახეს და მაშინ ვთქვი, ეს ჩემი შანსია, უნდა ვცადო-მეთქი. სულ სამი თვეა, რაც ახალგაზრდული კლუბის წევრი ვარ. გავიარე ტრენინგების ციკლი, შევიცვალე, აზრსაც გამოვთქვამ თამამად, საქმეებსაც ვასწრებ, სკოლაშიც ხალისით დავდივარ და ვსწავლობ. აქ ყირაზე დგომაც ვისწავლე და არ მრცხვენია, პირიქით ჩემი სითამამე, გაბედულება ფრთებს მასხამს და მაიმედებს. აქ ვისწავლე გუნდურობა, ლიდერობა, ფიქრი, სიხარული. აქ მე საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვარ, ჩემი აზრი არ არის დასაცინი, შეცდომის უფლებაც მაქვს და არავინ გამკიცხავს“, - გვეუბნება თეონა ქუთელია.

25 წლის შალვა თამაზაშვილი ახალბედა ხის ოსტატია, სუვენირების დამზადებას სწავლობს. ახალციხის სათემო განათლების ცენტრში 9 თვეა და 15-მდე ნამუშევარი აქვს შესრულებული:

ცოდნის გაღრმავება მსურს. გხვდება რაღაცები, გგონია, რომ იცი, არადა, არ იცი და კეთებისას ახალს სწავლობ. ფრინველის ან ცხოველის სახე ან ფიგურები მომწონს, ვცდილობ გამომივიდეს. პირველი ნამუშევარი ძალიან კარგი გამომივიდა და გაჩუქებულიც მაქვს. შეყვარებულისთვის გავაკეთე სუვენირი, საქართველოს რუკა გულებით, სასანთლეებით. მეორე ვაზა გავაკეთე, იქით ყველაზე ბოლოს დევს“, - გვაჩვენებს შალვა.

18 წლის კესო შიშინაშვილი, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნის დღიდან, სხვადასხვა პიროვნული განვითარების კურსებში აქტიურად იყო ჩართული. წლებია სოფელში ტარდება სამოყვარულო ტურნირი ფეხბურთშიხვანჭკარის თასი“,  სოფელ ხვანჭკარის სავალალო მდგომარეობაში მყოფ საფეხბურთო მოედანზე. კესომ თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო ფიქრი, როგორ შეიძლებოდა მოედნის რეაბილიტაცია და სავარჯიშო ტრენაჟორების დადგმა; რაც ახალგაზრდობის გამოკითხვის შედეგად, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოიკვეთა.

ამ მიზნით შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერს. ასევე, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სოფლის საერთო კრებაზე, რომელსაც რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა, ახალგაზრდებმა ლობირება გაუწიეს სოფლის მოედნის რეაბილიტაციას და ტრენაჟორების დადგმას. დღეს სოფელს აქვს აღდგენილი მოედანი და სავარჯიშო ტრენაჟორები, რომლის მოვლა-პატრონობა ისევ ახალგაზრდებმა ითავეს.

მინდა მადლობა გადავუხადო ამბროლაურის განათლების ცენტრის ტრენერებს, მათთან გატარებულმა თითოეულმა საათმა გამიჩინა რწმენა იმისა, რომ შენი სოფლის პატრონი უნდა გახდე შენ თვითონ და თუ მოინდომებ, სწორი მიდგომებით ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. მე წელს გავხდი სტუდენტი, დარწმუნებული ვარ ზრდასრულთა განათლების ცენტრში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემი მომავლის სწორად დაგეგმვაში გამომადგება. ის მეთოდები და ხერხები, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, როგორ შევძლოთ პრობლემების ადვოკატირება, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის თანადგომით ბევრ საქმეს გაგვაკეთებინებს ჩვენი მუნიციპალიტეტის და მასში შემავალი სოფლების საკეთილდღეოდ“, - დასძენს კესო შიშინაშვილი.

CENN (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) უკვე მესამე წელია, პარტნიორ ორგანიზაციებთან (KRDF და Green Lane NGO) ერთად, ახორციელებს ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტს „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში“ . პროექტის მიზანი საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა.

CENN-ის კოორდინატორი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ირინა კარსლიანი გვეუბნება, რომ  ახალგაზრდების დასაქმების კუთხით უამრავი ღონისძიება ჩატარდა - ორგანიზაციებთან თანამშრომლობა (თანამშრომლის სტაჟირებაზე აყვანა), ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები საწარმოებში. ყველაზე წარმატებულად კი საგრანტო კონკურსებმა და იდეათონმა იმუშავა:

იდეათონზე ძირითადად არასრულწლოვანებმა მიიღეს მონაწილეობა და გამოყოფილი თანხებიც ძალიან კარგი საშუალება იყო რამე დაეწყოთ. თანაც იდეათონის ფარგლებში სხვადასხვა ტრენინგი ჩატარდა, სესიები მეწარმეობაზე, გარემოს დაცვაზე. ასევე, რას ნიშნავს სოციალური მისია და სოციალური მეწარმეობა, როგორ უნდა ვნახოთ, რა პოტენციალი აქვს ჩვენს რეგიონს - კონკრეტულად რა შეიძლება განვითარდეს და გახდეს ჩვენი საქმე, შემოსავლის წყარო.

არამხოლოდ იდეათონის ფარგლებში, საგრანტო კონკურსის ფარგლებშიც ჩავატარეთ ტრენინგები, თუ როგორ დაწერონ პროექტი, შექმნან ბიზნეს გეგმა, მოამზადონ ბიუჯეტი და .. საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი 40 000 ლარს შეადგენდა და ჩვენთან ოთხმა განმცხადებელმა მიიღო დაფინანსება. ესეც დანარჩენებისთვის მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ, ისწავლონ და რამე ღირებული გააკეთონ, შექმნან.

მაგალითისთვის, 15 წლის ანჟელა ღარსლიანი პლასტმასასა და ლითონის ბოთლების გადამუშავებით ხელნაკეთ სამკაულებს აკეთებს. ანჟელა ნინოწმინდაში ცხოვრობს. იდეა, ანჟელას, „მწვანე მეწარმეობის იდეათონშიმონაწილეობის შემდეგ გაუჩნდა. ანჟელასთან ერთად, ნინოწმინდის იდეათონში მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 ახალგაზრდა იყო ჩართული. ახალგაზრდები ჯგუფებად დაიყვნენ და ხუთი საპროექტო იდეა შეიმუშავეს. ჟიურიმ ოთხი მათგანი შეარჩია და ფულადი პრიზით დააჯილდოვა.

ანჟელინას იდეამ პირველი ადგილი მოიპოვა. საინტერესო იდეები ჰქონდათ მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებსაც. ანჟელინას მსგავსად, მათი ასაკიც მხოლოდ 14-16 წელია. სედა კაზარიანი, ნანული სტამბოლციანი და კარინა ამირხანიანი ქსოვილის ნარჩენებისგან ეკო-მეგობრულ ჩანთებს შეკერავენ. ანი ავაკიანი და არმან ქოსიანი კი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან ნატურალურ წვენებს, .. ფრეშებს დაამზადებენ და გაყიდიან. იდეათონი კარგი შესაძლებლობა იყო ახალგაზრდებისთვის განვითარებისა და დასაქმების თვალსაზრისით. ახლა მათ უკვე იციან, რა არის სოციალური მეწარმეობა, როგორ მოიძიონ დაფინანსება და დასაქმდნენ. ახალგაზრდებს მივეცით შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ თავიანთი საქმე და არ დატოვონ რეგიონი“.

კითხვაზე, რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას, ირინა კარსლიანი გვეუბნება, რომ მიზეზი განუვითარებელი ეკონომიკა, სამუშაო ადგილების ნაკლებობა და კლანური სისტემაა, სადაც სამუშაოს მიღება შესაძლებელია მხოლოდსწორი კავშირებითდა არა ცოდნა-უნარებით: „შედეგად, ახალგაზრდებს არ უჩნდებათ რაიმეს მიღწევის სურვილი. თუ არის .. კავშირები, მის გამოყენებას ეცდებიან, თუ არა, მაშინ აზრი არ აქვს რაღაცის გაკეთებას. გარდა ამისა, ძველი საბჭოთა ფსიქოლოგია ჯერ კიდევ მოქმედებს, როდესაც სხედან და ელიან ვინმე რაიმეს გააკეთებს მათთვის, დაუფიქრებლად და ინიციატივის გარეშე“.

რა ნაბიჯები უნდა გადადგან დაინტერესებულმა მხარეებმა (მთავრობა, მუნიციპალიტეტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ბიზნესი, საგანმანათლებლო ინსტიტუტები) ამ გზაზე არსებული პრობლემების გადასაჭრელად? ირინას თქმით, მოაწყონ კვალიფიციური გასაუბრება დასაქმების მიზნით: „საჭიროა საკრებულოებში ახალგაზრდული საბჭოების შექმნა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალი თაობის ჩართვა; გამოცდილებისა და უნარების მოსაპოვებლად უფასო სტაჟირების ახალი შესაძლებლობების შექმნა; ტრენინგ-კურსების ორგანიზება ახალგაზრდებისა და ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით“.

ახალგაზრდული ცენტრი ახალი თაობა (Youth Center New Generation)“ გორის საზოგადოებას კარგი პროექტით უბრუნდება. ,,ესაუბრე მეგობარსმოიცავს შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები საინტერესოდ გაატარებენ საღამოს: „თუ ფიქრობ, რომ გჭირდება ინგლისური ენის პრაქტიკა, მაშინ შემოგვიერთდი 4 საათიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში, სადაც დაგხვდებათ მეგობრული და მყუდრო გარემო. პროექტი გათვლილია ახალგაზრდებზე, რომლებსაც სურთ  ინგლისურის სასაუბრო დონეზე სწავლა ან პრაქტიკა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო შესაძლებლობა არ აქვთ. შეხვედრის განმავლობაში შეგვიძლია ვუყუროთ ფილმებს ინგლისურად, ვიმსჯელოთ მათ შესახებ ან გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება. შემოგვიერთდით და გაატარეთ საღამო ნაყოფიერად ჩვენს გუნდთან ერთად!“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მანამდე ორგანიზაციამ CENN-თან თანამშრომლობით საზოგადოებაბილიკში“ (რეგიონულ ჰაბში) სამაგიდო თამაშები ჩაატარა და 45 ახალგაზრდას უმასპინძლა: „სამაგიდო თამაშები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და აზროვნების განვითარებაში. ის მათ ეხმარება ლოგიკის, მსჯელობის, კომუნიკაციის, კონცენტრაციის, დეტალებზე ყურადღების გამახვილების, სივრცის აღქმისა და კოგნიტიური უნარების განვითარებაში. შეხვედრა რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ამ დროის მანძილზე კი სტუმრებმა სხვადასხვა სახეობის სამაგიდო თამაშები ითამაშეს. ჩვენ ამით არ ვწყვეტთ სამაგიდო თამაშების სერიას და კიდევ ბევრჯერ გიმასპინძლებთ“.

ასევე, „ახალგაზრდულ ცენტრ ახალი თაობისწარმომადგენლები ქალაქში მდებარეგორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრსესტუმრნენ და მათი სურვილები მოისმინეს, რეალობად აქციეს: „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში" მცხოვრებ გიგას ოცნებად მობილური ჰქონდა; ჩვენმა  ორგანიზაციამ კი მისი ნატვრა აასრულა და ახალ წელს გიგა საკუთარი მობილურით შეხვდა. მადლობას გიხდით ჩვენს მხარდამჭერებს, თქვენი წყალობით მოხდა ამ ყველაფრის შექმნა და განხორციელება. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და კიდევ ბევრჯერ  გავახარებთ ახალგაზრდების გულებს“.

ახალგაზრდული ცენტრი ახალი თაობა Youth Center New Generation“, - ლიდერი ზურა მაჭარაშვილი გვეუბნება, რომ ახალგაზრდებში უმუშევრობის და ამავდროულად პასიურობის პრობლემას იწვევს ვაკანტური ადგილების არარსებობა, რადგან კომპანიებში და საჯარო დაწესებულებებში თაობათა ცვლა თითქმის არ, ან ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. მისივე დაკვირვებით,  დამსაქმებლებს არ სურთ გარისკვა, თავისი დროის ინვესტიცია ახალგაზრდებში -  ურჩევნიათ უკვე გამოცდილი, თუნდაც ხანშიშესული კადრის აყვანა და მისი დასაქმება, სანამ ის შრომისუნარიანი იქნება:

დიდი პრობლემაა დღემდე შემორჩენილი ნეპოტიზმი - შედარებით მცირე დოზით, მაინც ხშირად გვახსენებს ხოლმე თავს. ასევე, წლების განმავლობაში დანერგილი და უკვე ძალზედ გავრცელებული სტერეოტიპები, რომ დასაქმებისთვის აუცილებელიავიღაც გყავდეს“, რაც ისევ და ისევ შემორჩენილი მცირე ნეპოტიზმის შემთხვევების ბრალია. არსებული ვაკანტური ადგილები ახალგაზრდებისთვის არც ისე მაღალანაზღაურებადია. ამასთან შეგუება შესაძლებელია და ნორმალურიცაა, თუ მათ  განვითარებას და კარიერულ წინსვლას ხელს უწყობს. სამწუხაროდ ასეთი სამუშაო ადგილები არ იძლევა განვითარების შესაძლებლობას და მომავლის იმედს. სხვა უამრავი ფაქტორი იწვევს ახალგაზრდების ნიჰილისტურ დამოკიდებულებას და დემოტივაციას, რაც შემდგომში  მათი პასიურობით გამოიხატება“.

ბოლო დროს განხორციელებული აქტივობებიდან (პროექტებიდან) გამომდინარე ზურა ამბობს, რომ ადგილობრივი მთავრობა  ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმების ტემპის აჩქარებას. მისივე თქმით, გამოარჩევს დასაქმების ფორუმს, სადაც კარგად ჩანდა კერძო სექტორის ჩართულობა ამ საკითხში, რაც გასახარია:

ასევე, ბოლო დროის გადასამზადებელი პროგრამები, რომლებსაც სამოქალაქო ორგანიზაციები სთავაზობენ ახალგაზრდებს - კარგი გზაა მათ განსავითარებლად და სამუშაო უნარების გასაუმჯობესებლად. არსებული პროგრამების დახმარებით ახალგაზრდები გახდნენ ბევრად კონკურენტუნარიანები სამუშაო ბაზარზე. გამოვარჩევდი საზოგადოებაბილიკს“, ამჟამად ისინი სთავაზობენ ახალგაზრდებს ასეთ პროგრამებსა და ანაზღაურებად სტაჟირებებს;  საშუალება აქვთ ამ პროგრამიდან მიღებული უნარები აჩვენონ დამსაქმებელს და ადგილზე მიიღონ ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ  განვითარებასა და კარიერულ ზრდაში დაეხმარება“.

ზურას აზრით, ამ გზაზე გამოსავალი დაინტერესებულ მხარეებს შორის სწორი კომუნიკაციაა. მისივე შეხედულებით, თუ მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი თანამშრომლობას და ერთად მუშაობას გადაწყვეტს, დადებით შედეგს მალე მივიღებთ.

ამასთან აუცილებელია თვითონ ახალგაზრდებს გაესაუბრონ და ადგილობრივ დონეზე არსებული რესურსები და მათზე მორგებული განმავითარებელი  პროგრამები გააცნონ. ყველა დაინტერესებული მხარე დათმობაზე უნდა წავიდეს და უპირველესად ხელი შეეწყოს ნახევარგანაკვეთური სამუშაოების დამატებას მუნიციპალიტეტში; ხელს შეუწყობს ახალგაზრდების და სტუდენტების დასაქმებას, გარკვეულ დროს მისცემს სასწავლებლის დამთავრებამდე საჭირო გამოცდილების დაგროვებისთვის; რათა შრომის ბაზარზე საჭირო ცოდნით და გამოცდილებით კონკურენტუნარიანი გახდნენ და ბევრად მარტივად დასაქმდნენ. ასეთი ტიპის სამუშაო ადგილი ხელს უნდა უწყობდეს სტუდენტებს მუშაობის სწავლასთან შეთავსებაში, რათა ერთი პრობლემის მოგვარებით მეორე არ გაჩნდეს.

ქალაქს მეტი გადამზადების პროგრამა უნდა ჰქონდეს, ახალგაზრდები მოვიცვათ და შევასწავლოთ ის საბაზისო უნარ-ჩვევები, რაც დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ დიდმა ნაწილმა არ იცის როგორ შექმნას საკუთარი CV და როგორ დაწეროს სამოტივაციო წერილი დამსაქმებლისთვის. სწორი და დროული კომუნიკაციით, საჭირო მხარეების ჩართვითა და ინფორმაციული ვაკუუმის ჩახშობით, ვფიქრობ ამ პრობლემების მოგვარებაც დაიწყება“, - დასძენს ზურა მაჭარაშვილი.

გიორგი ედიშერაშვილი ერთ-ერთი მობილური ახალგაზრდული მუშაკია, რომელიც ორგანიზაციაგადავარჩინოთ ბავშვებისპროექტის (პარტნიორებთან ერთად) ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების გაძლიერებაზე ზრუნავს. მისი თქმით, ქართულ რეალობაში ახალგაზრდების პასიურობისა და უმუშევრობის მიზეზები კომპლექსური და არაერთგვაროვანია: „ეს შეიძლება ეხებოდეს, როგორც აღზრდას და ბავშვობის ასაკში მიღებულ გამოცდილებას (რომელიც ხშირად აისახება ქცევაზე, ცხოვრების წესსა თუ სტილზე), ასევე არასრულფასოვან ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას, რომელიც უმეტესად ორიენტირებულია მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე და არა ღირებულებების და უნარების გაძლიერებაზე“.

გიორგი ამბობს, რომ ამ საქმეში აქტორების (დაინტერესებული მხარეების) როლი უდიდესი, თუმცა ჩართულობა არასრულფასოვანია. მისივე შეფასებით, დასაქმების და განათლების მიღმა დარჩენილ ათასობით ახალგაზრდას საჭირო ყურადღება არ ეთმობა: „არ ჩატარებულა საფუძვლიანი კვლევა და არ შემუშავებულა ამ პრობლემის გადაჭრისკენ მიმართული კომპლექსური პროგრამები. ამ  მხრივ შედარებით აქტიური სამოქალაქო სექტორია. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება ცალკეული პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სხვადასხვა უნარის განვითარებას. მაგალითად პროექტიუნარები წარმატებისთვისფარგლებში დასაქმდა 20 მობილური ახალგაზრდული მუშაკი, რომლებიც სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების გაძლიერებაზე და ჩართულობაზე ზრუნავენ“.

პრობლემების გადაჭრის გზებზე რესპონდენტი გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემები, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე. მისივე თქმით, ახალგაზრდებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ფინანსებზე, ახალგაზრდულ სივრცეებზე, ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე.

დაასაქმონ საჯარო უწყებებში, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და არაფორმალური განათლებას მიღებას, მათ შორის ისეთ დასახლებებში, სადაც მსგავსი შესაძლებლობები არ არსებობს. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტები აფინანსებდნენ ახალგაზრდების იდეებსა და ინიციატივებს, კერძო სექტორი კი მუდმივად იყოს ორიენტირებული მოტივირებული ახალგაზრდების მოძიებასა და მათ ღირსეულ დასაქმებაზე“, - ამბობს გიორგი ედიშერაშვილი.

Save the Children International-ის (გადავარჩინოთ ბავშვები) წარმომადგენელი თამთა უტიაშვილი განგვიმარტავს, რომ ახლანდელი პროექტიუნარები წარმატებისთვისსაქართველოს 4 რეგიონსა და 10 მუნიციპალიტეტში მობილური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას გულისხმობს. მისივე ინფორმაციით, ჩართულები არიან გურია, რაჭა, კახეთი და შიდა ქართლი.

ევროკავშირის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტებში მობილური ახალგაზრდული საქმიანობის სერვისს ვავითარებთ, რაც საბოლოო ჯამში, გვინდა, რომ ადგილობრივი სერვისი გახდეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მუნიციპალიტეტებმა გადაიბარონ ეს საქმიანობა. გადამზადებული მობილური ახალგაზრდული მუშაკები მუნიციპალიტეტებში მუშაობენ მოწყვლად ახალგაზრდებთან; გადიან სამეწარმეო ტრენინგების კურსს, რის შემდეგაც გამოცდილ მეწარმე მენტორებთან ერთად ამუშავებენ საკუთარ ბიზნეს იდეას. აღნიშნული პროგრამა ჯერჯერობით საპილოტეა და ითვალისწინებს იმ ახალგაზრდებთან მუშაობას, რომლებიც სწავლის, დასაქმებისა და ტრენინგს მიღმა არიან დარჩენილები. ეს პროცესი მუნიციპალიტეტების დონეზე მოქმედ სამეწარმეო ლაბორატორიებში ხორციელდება. ლაბორატორიებში მომზადებული ბიზნეს იდეები წარედგინებაიდეათონის“ (იდეების კონკურსის) ფარგლებში შექმნილ ჟიურის, რომელიც წარმოდგენილი წინადადებების ხარჯ-ეფექტურობის, ინოვაციის ხარისხისა და მდგრადობის კომპონენტების გათვალისწინებით,  იღებს გადაწყვეტილებას მონაწილეთა ინიციატივების დაფინანსების შესახებ. დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამა Skills4Jobs ფარგლებში და ხორციელდება ორგანიზაციისგადავარჩინოთ ბავშვებისმიერ, „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან“, „კონრად ადენაუერის ფონდთანდა სსიპახალგაზრდობის სააგენტოსთან" ერთად“, - დასძენს თამთა უტიაშვილი.

ახალგაზრდობა ქვეყნის დღევანდელობა და მომავალია. უზარმაზარი გამოწვევაა, როცა ეს ხალასი ენერგია, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, სამსახურში სათანადოდ ჩაყენებული არ არის. ამ ყველაფერს დუხჭირი სოციალურ-ეკონომიკური ყოფა და ახალგაზრდების საზღვარგარეთ მასობრივი გადინება თან სდევს.

ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ და თვითდინების მდორე პროცესში არ უნდა გადავეშვათ. არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტები სწორედ ის ჩანასახებია, რომელზეც ძლიერი ტოტები უნდა წამოიზარდოს. ნიჭით სავსე ქვეყანამ ახალი იმპულსები უნდა მიიღოს პროგრესისთვის - ადამიანის უფლებების დასაცავად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ევროკავშირთან დასაახლოებლად, ისტორიულ დასავლურ ოჯახში დასაბრუნებლად. ამ მიზნით, მსგავს პროექტებს ყველა დონეზე ხელი უნდა შეეწყოს.

დაბოლოს, კონფუცის ცნობილი გამონათქვამია: მე გავიგონე და დამავიწყდა, დავინახე და დამამახსოვრდა, გავაკეთე და გავიგე. დღეს საქართველოში, როგორც არასდროს, ამ კომპონენტების გონივრული სინთეზის ნაკლებობაა. სწრაფი ცვლილებების პირობებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ახალი ცოდნის, განათლების, უნარ-ჩვევების შეძენა აუცილებელია. ერთადერთი შეგვიძლია ვუსურვოთ, რომ ნებისყოფა არ დაეკარგოთ ცხოვრების ახალი, უფრო წარმატებული ფურცლების გადასაშლელად.

ასევე იხილეთ: 16 შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის - on.ge

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია