„საერთაშორისო ტრიბუნალზე მარტო უკრაინის საკითხი კი არა, საქართველოს საკითხიც იქნება დაყენებული - გამოიკვეთება ის ვანდალიზმი და სადიზმი, რაც მათ უკრაინამდე საქართველოში ჩაიდინეს“
გელა მამულაშვილი
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომისა და ატენის ხეობაში 950 ჰექტარი ტყის მასივი რუსულმა მხარემ გადაწვა. ხანძარი რამდენიმე კვირას გრძელდებოდა და მარტო ბორჯომში 250 ჰექტრის მოცულობის წიწვოვანი ტყე სრულად გაანადგურა. ასევე, ფოთის პორტში სამხედრო გემების განადგურებისას ზღვაში მიზანმიმართულად ნავთობი, საწვავი ჩაღვარეს და აკვატორია დააბინძურეს.
მაინც რა ზიანი მიაყენა 2008 წლის აგვისტოს ომმა (ტერიტორიების ოკუპაციამ) საქართველოს ეკოლოგიას, ეკოციდის მუხლით რუსეთის პასუხისმგებლობის წინაშე დაყენება რატომ ვერ მოხერხდა, ქართული მხარე რა ნაბიჯებს დგამს ეკოლოგიური ზიანის აღმოსაფხვრელად, ამ პრობლემატიკაზე ჩვენი პირველი რესპონდენტი ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილია. მისი თქმით, ყველაზე მსხვილი გარემოსდაცვითი ზიანი ბორჯომის ხეობაში 700 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის, ტყეების გადაწვაა, რუსული აგრესიისა და დაბომბვის პირდაპირი შედეგი:
„ოკუპანტ მხარეს დღემდე სამართლებრივი პასუხი არ უგია. მოსკოვთან ბევრი დავები იყო, მაგრამ ეკოციდის მუხლზე არცერთი ხელისუფლებას ყურადღება არ გაუმახვილებია. ეს ცალკე პრობლემაა, რადგან საქმე გვაქვს კონკრეტულ საერთაშორისო დანაშაულთან, არანაკლებ მნიშვნელოვანთან, რასაც საქართველოსთან და უკრაინასთან ჩაუდენია და სჩადის რუსეთის ფედერაცია“.
ჩხარტიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ეკოლოგიური ზიანი დიდი და განგრძობადია, რადგან ტყეები დაიწვა, აღდგენითი სამუშაოები ძალიან მცირემასშტაბიანი და არცთუ წარმატებულია. მისივე თქმით, დღემდე საფრთხედ რჩება, რომ გარდა დანაკარგისა, რაც უკავშირდება ჟანგბადის გამოყოფას, ჰაერის გაწმენდას და ტყის სხვა ფუნქციებს, რეალური რისკია გარკვეულ უბნებზე მეწყრული პროცესების დაჩქარება-განვითარებისა:
„რადგან იქ შემორჩენილი ტყე სიმბოლური ხასიათისა, ძირითადად ერთეული დამწვარი ხეებისგან შედგება და ბუნებრივია ნიადაგდამცავ ფუნქციას ვეღარ ასრულებს. შესაბამისად, თუ დროული განახლება არ მოხდება, შეიძლება ახალ ტრაგედიამდე, იგივე მეწყრების ჩამოწოლამდე და მსხვერპლამდე მიგვიყვანოს“.
ეკოლოგი განმარტავს, რომ მასშტაბური ხანძრები მხოლოდ რუსული აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად არ გვაქვს: „არანაკლები და უფრო მასშტაბურიც კი გვქონდა 2017 და ასევე გასულ წელს. სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს შეხება ომიანობის პერიოდში და მის გარეშეც, რასაც საქართველო სრულიად მოუმზადებელი ხვდება. ეს დაგვიანებული ჩაქრობაც ცალკეული ადამიანების თავგანწირვით ხდება, ასევე უცხოელი პარტნიორების, მაგალითად თურქეთის მხარდაჭერით. ხშირად დახმარებაც დაგვიანებით იყო მოთხოვნილი“.
მისივე თქმით, ამ კონტექსტში გლობალური კლიმატური ცვლილებებიც აისახება საქართველოზე: „ყველაფერი სითბური ტალღების სახით გამოვლინდება, მშრალი და ცხელი დღეები მიყოლებით ფიქსირდება. ჩვენი ქვეყანა მით უფრო მზად უნდა იყოს მოსალოდნელი შედეგებისთვის. მაგრამ არათუ ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებული, ყოფილი სსრკ-ს სტანდარტებთანაც კი ჩამორჩენილი ვართ. დღემდე არ გვყავს არცერთი სახანძრო სპეციალიზებული ვერტმფრენი, არც სამაშველო და სამედიცინო ვერტმფრენები. ამას ტრაგედიებამდე მივყავართ არამარტო ხანძრების, არამედ სხვა მსგავს შემთხვევებშიც. გავიხსენოთ თუნდაც გუდაურის შარშანდელი შემთხვევა, როდესაც გმირმა მფრინავებმა და ექიმებმა სიცოცხლე გარისკეს, იმას შეეწირნენ, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი ავიატექნიკა - ვერტმფრენი, რითაც ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ ამ ვითარებისთვის ყოვლად შეუსაბამო იყო. ყოველთვის ღმერთისა და ცალკეული ადამიანების გმირობის იმედად ვერ ვიქნებით“.
კითხვაზე, 2008-ში ბორჯომის ტყის დაწვამ, შავი ზღვის აკვატორიაში საწვავის მიზანმიმართულმა ჩაღვრამ რა გრძელვადიანი შედეგები გამოიწვია, ჩხარტიშვილი გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე დამატებითი კვლევები არც ჩატარებულა, ამიტომ ზიანის სრულ მასშტაბებზე საუბარი რთულია:
„რასაკვირველია, დიდი ზიანია მოყენებული. ვიმეორებ, ჩვენ ვცხოვრობთ არამხოლოდ ცხელი, არამედ ცივი ომის პირობებშიც. ეს ომი მიმდინარეობს რუსეთთან და, სამწუხაროდ, საკუთარ ხელისუფლებასთანაც. ეს მთავრობა ფულს ხარჯავს არა ასეთი ტიპის კვლევებზე, იგივე ტყის ინვენტარიზაციაზე, რომელიც დღემდე არ ჩატარებულა. ამის გარეშე ტყიანი სტატუსის მქონე ქვეყნის წარმოდგენა შეუძლებელია. კონკრეტული ციფრებისა და კვლევების ნაკლებობაა, რომელიც ერთი მხრივ დანაშაულებრივი გულგრილობით აიხსნება და მეორე მხრივ ინტერესის არქონით. შეიძლება საპირისპირო ინტერესიც იყოს იგივე ტყეების განკარგვასთან, თუ ჰესების მშენებლობასთან მიმართებაში. ხელისუფლებას არც აწყობს ხოლმე ნათელი სურათი იყოს, რადგან ეს კონკრეტულ პირადულ-კორუფციულ (ლობისტურ) ინტერესებს ხელს უშლის. ამიტომ ხელისუფლება დაინტერესებული არ არის ვიცოდეთ ზიანის შედეგები. რაც მთავარია, ტყის აღდგენის კუთხით ძალიან მცირეს აკეთებს.
ასევე, არ ხდება სხვადასხვა ტიპის პარაზიტებისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრა, სამერქნე-საშეშე მასალების მოპოვების კუთხითაც პრობლემებია. ტყეების დაუნდობელი ექსპლუატაცია მიმდინარეობს, შეშის დამზადება იქნება თუ ძვირფასი მერქნის მიღება-დამზადება-რეალიზაციის თვალსაზრისით. სანაცვლოდ მეათედიც არ კეთდება აღდგენითი სამუშაოებისთვის“.
ეკოლოგი ხაზს უსვამს, რომ დღემდე ტყის ინვენტარიზაცია არ გვაქვს, რაც ქართული ოცნების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო:
„2012 წელს მათი საარჩევნო პროგრამის გარემოს დაცვითი თავის ძირითადი ავტორი ვიყავი. ერთ-ერთი მთავარი დაპირებას წარმოადგენდა საქართველოს ტყის სრული ინვენტარიზაცია, რაც არ გაკეთებულა. უკვე მესამე ვადით აქვთ ძალაუფლება მიტაცებული. ასევე უტიფრად დაარღვიეს დაპირება, რომ ქვეყანაში დიდ ჰესებს არ ააშენებდნენ. თვითონ მეტყევეების გარკვეული თეორიული თუ პრაქტიკული კვლევებით (უშუალო დაკვირვებით), მხოლოდ საშეშე მერქნის მოპოვების გამო (რაც გარდაუვალი პროცესია, რადგან ხელისუფლება მოსახლეობას სხვა ალტერნატივას არ სთავაზობს), იმაზე ხუთჯერ უფრო მეტი ტყე და ხე-მცენარე იჭრება, ვიდრე მისი აღწარმოებაა. ანუ ქვეყანაში ხუთჯერ უფრო მეტ ხეს ჭრიან, ვიდრე ბუნება მის აღდგენას ახერხებს. ამ ტენდენციით ნელ-ნელა კატასტროფისკენ მივდივართ.
ყველას შევახსენებ, რომ ტყეებს გააჩნია უპირველესად ნიადაგდამცავი ფუნქცია, ჩვენ მთაგორიანი ქვეყანა ვართ და ტყის დიდი ნაწილი ამ დაქანებათა ფერდობებზეა. აქ ჭრა უბრალოდ წარმოუდგენელია და პირდაპირ სიკვდილს ნიშნავს, სამომავლო პოტენციური მეწყრებით. ტყის ნაწილს ასევე რეკრეაციული, ტურისტული, ჰაერის გამწმენდი, ჟანგბადის წარმომქმნელი ფუნქციები გააჩნია. აქ ყველაზე ბოლოს შეიძლება იყოს დაყენებული შეშის მოპოვება და სხვა ტიპის მერქნის გამოყენება“.
ეკოციდის მუხლით რუსეთის პასუხისმგებლობის წინაშე დაყენება რატომ ვერ მოხერხდა? ჩხარტიშვილის განმარტებით, ასეთი ტიპის ბრალდება და დასკვნა საერთაშორისო სასამართლოების მხრიდან არ ყოფილა. მისივე თქმით, არც წინამორბედი და არც მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ამ მხრივ საფუძვლიანი სამუშაოებიც არ ჩატარებულა:
„მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება იმაზე, ეს მოხდა მათი არაპროფესიონალიზმის თუ ამ გულგრილობის გამო. ფაქტია ეკოციდზე რუსეთს არც ბრალი წაყენებია და არც საბოლოოდ გამტყუნებულა საქმეში, რაც საქართველოს ხელისუფალთა სულ მცირე არასათანადოდ მონდომების შედეგია. შეიძლება კიდევ უარესი მიზეზებიც არსებობდეს ამ საქმეში. ვიმეორებ, ეს ორივე ხელისუფლებას ეხება, დავები ორივეს დროს მიმდინარეობდა. ყველას საკმარისი ვადა ჰქონდა საფუძვლიანად ემუშავა იმისთვის, რომ ოკუპანტ მხარეს პასუხისმგებლობა დაჰკისრებოდა“.
კითხვაზე, ომის შემდეგ ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენის პროცესი კრიტიკას რატომ იმსახურებს, ეკოლოგი გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი ხელისგულზეა და ჩანს.
„შეიძლება იმგზავროთ და ნახოთ მდინარე გუჯარულას ხეობა, რომელიც ომის პერიოდში დაზიანდა. ნახავთ, რომ ტყეების დიდი ნაწილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. გადამწვარია და რაღაც ასანთის ჩხირებივით გამოიყურება. არანაირი ახალი ნარგავების კვალი არ შეიმჩნევა. რაც გაკეთდა მცირემასშტაბიანი და არასაკმარისია. ამის შეფასება ცალკე კვლევას მოითხოვს, რაც ასევე არ ხორციელდება. გაცილებით მეტია გასაკეთებელი, მრავალჯერ დიდი ფული და რესურსებია ჩასადები. ამ ტყეების ფერდების ასეთ მდგომარეობაში დატოვება კარგ შედეგებს ნამდვილად არ მოგვიტანს, შეიძლება სერიოზული ტრაგედიების საწინდარიც გახდეს“, - დასძენს ლაშა ჩხარტიშვილი.
„მწვანეთა პარტიის“ გენერალური მდივანი, ყოფილი პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“ გია გაჩეჩილაძე გვეუბნება, რომ რუსული აგრესიის ზიანი არის როგორც ჰუმანიტარულ-მატერიალური, ასევე გეოპოლიტიკური ხასიათის. მისივე შეფასებით, ეს ყველაზე დიდი ზიანია საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რადგან ტერიტორიები დროებით დავკარგეთ - ერთხელ უკვე გაყვანილი სამხედრო ბაზები რუსეთმა აღადგინა:
„ეს ბაზები 1999 წლის სტამბოლის შეთანხმებების შედეგად გავიყვანეთ, რასაც შევარდნაძემ, კლინტონმა და ელცინმა ხელი მოაწერეს. 2008 წლის ომისა და სამხედრო ბაზების რეანიმაციის გამო, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შეექმნა; რადგან ნატოში გაწევრიანება გარკვეული პერიოდით გადაიდო. მოგეხსენებათ, ნატოში არ იღებენ ქვეყნებს, სადაც მტრულად განწყობილი ქვეყნების ბაზები მდებარეობს.
გარდა ამისა, ჰუმანიტარული პრობლემა დაკავშირებულია დევნილებთან, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. მათი სახლები, ქონება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწასთან გასწორებულია ცხინვალის რეგიონში. ასევე, ოკუპირებულ მიწებზე რუსების მხრიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განადგურება მიმდინარეობს; ეკლესიებისა და ხატების გადაღებვა, რასაც რუსეთის ყოველთვის სჩადიოდა ხოლმე - ჯერ კიდევ მეფის რუსეთის პერიოდშიც კი.
ეკოლოგიური ზიანიც სერიოზულ მასშტაბებს აღწევს. მოგეხსენებათ, ომის დროს გადაწვეს საქართველოს ტყეები. ბორჯომის ტყეში საშინელი ხანძარი გააჩინეს და მაშინ ათასამდე ჰექტარი გადაიწვა. სადღეისოდ აღდგენის პროცესი დაწყებულია, მაგრამ ის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ვისაც ამ ბოლო ხანებში ბორჯომის ხეობაში გაუვლია, ალბათ უნახავს კიდეც მარცხნივ და მარჯვნივ ფერდობები დამწვარი ხეებით არის მოფენილი.
ასევე ცხინვალის რეგიონშიც ინტენსიური სამხედრო მოქმედებების შედეგად განადგურდა ბიომრავალფეროვნება და რასაკვირველია იქ არსებული მცენარეული საფარიც“.
კითხვაზე, ოკუპანტის მიერ შავი ზღვის აკვატორიაში საწვავის ჩაღვრამ რა შედეგები მოიტანა, გაჩეჩილაძე ამბობს, რომ წყლებისთვის და მასში არსებული ბიომრავალფეროვნებისთვის (თევზები, მოლუსკები და სხვ.) კატასტროფული შედეგების მქონეა და მის აღდგენას საკმაოდ დიდი პერიოდი სჭირდება: „ნავთობი ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ზღვაში ამ ცოცხალ ორგანიზმებს კლავს. მასთან ერთად საკვებ ბაზასაც ანადგურებს, რომელიც ზღვის სანაპირო ზოლზეა განლაგებული“.
მისივე თქმით, ეკოლოგიური ზიანის შედეგად ოკუპანტი მხარის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ დამდგარა:
„მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ საერთო კონტექსტში იქნება განხილული გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა რუსეთის, როგორც ოკუპანტის და აგრესორის გასამართლების საკითხი დადგება. ეს უკრაინის ომის დასრულების შემდეგ მოხდება და იმედია ეს ყველაფერი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. უკვე დგას ახალი საერთაშორისო ტრიბუნალის ჩამოყალიბების საკითხი. ვიმედოვნებ, რომ ამ ტრიბუნალზე მარტო უკრაინის საკითხი კი არა, საქართველოს საკითხიც იქნება დაყენებული. გამოიკვეთება ის ვანდალიზმი და სადიზმი, რაც მათ უკრაინამდე საქართველოში ჩაიდინეს“.
ქართული მხარე რა ნაბიჯებს დგამს ეკოლოგიური ზიანის აღმოსაფხვრელად? გაჩეჩილაძე გვახსენებს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ოთხი სამხედრო ბაზა აღადგინეს - იქ ფაქტობრივად რუსები ბატონობენ და საქართველოს ხელი ვერ მიუწვდება მათ შორის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის: „რაც შეეხება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებმა საკმაოდ დიდი თანხები გამოყვეს განადგურებული ტყეების (განსაკუთრებით ბორჯომის ხეობაში) აღსადგენად“.
მისივე ინფორმაციით, ტყის გარკვეული რაოდენობა აღდგა, თუმცა ბორჯომის ხეობაში ომის შემდგომაც ძლიერი ხანძრები გვქონდა და სამწუხაროდ მას აღდგენილი ტყეებიც შეეწირა.
„ასე რომ, საქმე ისევ თავიდან გასაკეთებელია, რაც ბუნებრივია დიდ ხარჯებს უკავშირდება. რეაბილიტაცია საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ფერდობებზე თავიდან ტყის გაშენება ურთულესი პროცესია. მით უმეტეს, დროის გასვლასთან ერთად ნიადაგი, რომელზეც ტყე თავიდან უნდა აღმოცენდეს, წვიმებისა და თოვლის დნობის შედეგად ირეცხება, ამიტომ სასწრაფოდ თავიდან მისახედია“, - ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე.
საქართველოში რუსული აგრესიისა და ოკუპაციის სამწუხარო შედეგები (მათ შორის ეკოლოგიური კუთხით) თვალნათელია. მას შემდეგ პუტინის ბოროტება მეგობარ უკრაინაში გაგრძელდა და კიდევ უფრო მასშტაბურ-დამანგრეველი ფორმები შეიძინა. დღეს უკვე მთელი დასავლური სამყარო გაერთიანდა და ძირმომპალ იმპერიას თითოეულ ბოროტებაზე პასუხი უნდა აგებინოს. ქართული მხარე ამ ისტორიულ პროცესში სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი.
პროექტი „ეკოციდი უკრაინაში: შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებზე ზეგავლენა, პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტის გზები“ შექმნილია CFI-ს, მასმედიის განვითარების ფრანგული სააგენტოს მონაწილეობით, Hub Bucharest-ის პროექტის ფარგლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.