,,სააკაშვილმა მითხრა, რომ მას ჰქონდა ნოსტალგია თავის ქვეყნისა და ხალხისადმი "
ქეთი ხომერიკი
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიების სახით, პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა. რას აპირებს სააკაშვილის ოჯახი და როგორია საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ? ამ და სხვა საკითხებზე ,, ufleba. ge " მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს ესაუბრა.
შალვა ხაჭაპურიძე: ევროსასამართლომ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანაზე ამ ეტაპზე უარი უთხრა, თუმცა გასარკვევია რა იყო, როგორ იყო, რატომ იყო და ა.შ. ანუ განმარტება არ ახლავს ამ დოკუმენტს. ჯერ უნდა გაირკვეს რა საქმის წარმოება იყო და ამის შემდეგ დეტალური ინფორმაციის მიწოდება შეიძლება საზოგადოებისთვის. ასე რომ, ჯერჯერობით თავს შევიკავებ შეფასებისგან. ვფიქრობ, საქმის არსებითი განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყება და იმედს ვიტოვებ, რომ საკითხი სააკაშვილის სასარგებლოდ გადაწყდება. დავა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გრძელდება. ვნახოთ რა იქნება, რა სტრატეგიას აირჩევს დაცვის მხარე, მიმდინარეობს მუშაობა და ამ დღეებში ბევრი რამ გაირკვევა.
- რა მდგომარეობაშია, ბოლო მონაცემებით თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი მიხეილ სააკაშვილი ?
- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება და ეს არ არის მხოლოდ ჩემი დასკვნები. თქვენ იცით, რომ ამ საქმეში ჩართულნი იყვნენ ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ექსპერტები, ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კომისია და სწორედ მათი დასკვნების მიხედვით შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბარიც კი, ზედმეტია.
სააკაშვილს 47 დიაგნოზი აქვს და აქ წამყვანი მაინც სამი დიაგნოზია. ესენია : კახექსია, დემენცია და გასტროენკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები. მთავარი კი, - ტოქსიკოლოგიაა. მოგეხსენებათ, ამ ადამიანის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა მძიმე მეტალები, რაც მის მოწამვლაზე მიუთითებს. აი, ამ მიმართულებით მას არანაირი მკურნალობა არ უტარდება. ასევე, არანაირი მკურნალობა არ უტარდება დემენციასთან დაკავშირებით, თუნდაც იმიტომ, რომ კლინიკა ,,ვივამედ"-ს არ აქვს სათანადო ლიცენზია, რომ დემენციის მქონე პატიმარს უმკურნალოს. ფაქტობრივად, არანაირი მკურნალობა არ უტარდება, მიდის მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. აი, ვთქვათ სიცხე აქვს - სიცხის დამწევს აძლევენ, წნევა აქვს - წნევის დამწევს აძლევენ და ა.შ. , ანუ ადეკვატური მკურნალობა, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს, არ უტარდება. უფრო მეტიც, აპარატურა, რომლითაც კლინიკა ,,ვივამედი" არის აღჭურვილი გამოსულია მწყობრიდან. შესაბამისად, საუბარი რაიმე მკურნალობაზე ზედმეტია.
- არის თუ არა მოსალოდნელი, რომ რატი ბრეგაძის უწყებამ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანოს ?
- მოსალოდნელი ყველაფერია. თუმცა, მეეჭვება, რომ ეს მოხდეს. გიმეორებთ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ახლა, ამ კაცს თუ ხელს მოკიდებენ და ციხეში გადაიყვანენ, არ არის გამორიცხული, რომ ცოცხალმაც ვერ მიაღწიოს საპყრობილემდე.
- სააკაშვილთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციას როგორ ხსნით ?
- თქვენ გახსოვთ, რომ სასამართლო პროცესები სამი თვე მიმდინარეობდა, მანამდე კი, ექსპერტიზის დასკვნას ველოდებოდით. მთელი ის თვეები, ჩვენ ვისმენდით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან განცხადებებს, რომლებიც აშკარად გამოხატული ზეწოლა იყო სასამართლო ხელისუფლებაზე. დიახ, ისინი პირდაპირ შეკვეთებს იძლეოდნენ, რაც სასამართლომ ჯამში შეასრულა კიდეც. ასე რომ, ცხადია ხელისუფლების ინტერესშია, სააკაშვილი იჯდეს ციხეში და ამას აკეთებენ იმ ფონზე, როცა საქართველო ხვალ ან ზეგ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება, 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესშია, სადაც ერთ-ერთი საკითხი სწორედ დეპოლარიზაციაა...გასაოცარია, ამ ფონზე ხელისუფლებას არანაირად არ უნდა აწყობდეს ყოფილი პრეზიდენტი საპყრობილეში. დარწმუნებული ვარ, ის მდგომარეობა, რაც ახლა სააკაშვილის თავს ხდება შეგნებულად კეთდება.
- თქვენი დაკვირვებით, რას აკეთებს ,,ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის გასათავისუფლებლად და რა გეგმები აქვს თუ იცით ?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. პარტიასთან კომუნიკაცია არ მაქვს. რაც შეეხება ოჯახს, ის იბრძვის სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ოჯახი ცდილობს მოიძებნოს კიდევ სხვა სამართლებრივი მექანიზმები, რომ ეს ადამიანი გადარჩეს. სიცოცხლის გადარჩენაზეა აქ საუბარი. ოჯახი მუშაობს ამ მიმართულებით, ვნახოთ რა გამოვა.
- და ბოლოს, გვითხარით, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, რას ამბობს მის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯზე ?
- სააკაშვილმა მითხრა, რომ მას ჰქონდა ნოსტალგია თავის ქვეყნისა და ხალხისადმი. ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ სხვანაირად არ შეეძლო. მას ნოსტალგია ჰქონდა საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი. სააკაშვილი ციხეში არ უნდა მოკვდეს და იმედია, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს.