მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სოფო ხორგუანი ,,სააკაშვილისგან განსხვავებით, გვარამიას პატიმრობა იყო პოლიტიკური მართლმსაჯულება, პრეზიდენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო" - 25 ივნისი 2023

სოფო ხორგუანი ,, დიახ, ჩვენ გვჭირდება ეს სტატუსი რათა გავხდეთ ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული წევრი"

,, სააკაშვილისგან განსხვავებით, გვარამიას პატიმრობა იყო პოლიტიკური და შერჩევითი მართლმსაჯულება. პრეზიდენტმა მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება", - განაცხადა სოფო ხორგუანმა. ,, ufelba.ge" ამ და სხვა საკითხებზე პოლიტიკოს, სოფო ხორგუანს ესაუბრა. 

ქეთი ხომერიკი

- სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა და ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილსაც შეიწყალებს...მოდით, საუბარი ამ საკითხის შეფასებით დავიწყოთ...  

- სააკაშვილისგან განსხვავებით, გვარამიას პატიმრობა იყო პოლიტიკური და შერჩევითი მართლმსაჯულება. ის, თუ როდის, როგორ და რა საქმეზე მოხდა მისი დაპატიმრება, ამის დასტურია. პრეზიდენტმა მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და გამოიყენა დისკრეციული უფლება. რას იზამს სააკაშვილთან მიმართებაში, არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. 

- და ზოგადად ქვეყანაში დღეს შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობას როგორ აფასებთ ? 

- ცხადია, შეგვეძლო, ბევრად უკეთესი სახელმწიფო გვქონოდა, თუმცა ეს 30 წელი ,, სავოკური", ჰიბრიდული დემოკრატიის სახელმწიფოს აჩრდილს თავი ვერ დავაღწიეთ. ობიექტური მიზეზებიც აქვს ამას. სამწუხაროდ, ძალიან შორს ვართ თანამედროვე სახელმწიფოსგან, სადაც ადამიანი და გარემო დაცულია და ხელისუფლებებს გააზრებული აქვთ, რომ არიან მოქალაქეთა მსახურები. შინაარსი არ შეცვლილა, არც აქვს პოლიტიკას ის შინაარსი, რაც უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ გვყავს ერთი და იგივე სახელები და სახეები, შემთხვევითი ხალხი, რომელთა მიზანი არა სახელმწიფოსა და სამშობლოს მსახურებაა, არამედ საკუთარი პირადი კეთილდღეობის შექმნა და დაცვა. 

- რუსეთთან ურთიერთობის დათბობა რის მომტანია, როცა წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ველოდებით ?

- რუსეთი ყველაზე არასაიმედო და ცუდი მეზობელია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი მიტაცებული აქვს და რომელთან პირისპირ და მარტო დარჩენა დამღუპველია ჩვენთვის. დიახ, ჩვენ გვჭირდება ეს სტატუსი, რათა გავხდეთ ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული წევრი. ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, ეს არჩევანი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს. ჩვენ ევროპა ვართ, როგორც ერი, ახლა ევროპული სახელმწიფო გვჭირდება, რომ უფრო დაცულები ვიყოთ. ევროპული სახელმწიფო გვჭირდება ჩვენი სამშობლოსთვის. 

- ბოლოდროინდელი ძალადობრივი გამოვლინებების ( მათ შორის ლევან ბერძენიშვილზე განხორციელებული) მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ?

- ნებისმიერი ძალადობის მიმართ ყველა ადამიანს მხოლოდ ერთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს - უარყოფითი. თითქოს ხომ ასე მარტივი და ნათელია. ესაა ის, რასაც მშობლები შვილებს ასწავლიან, რომ არ უნდა დაჩაგრო შენზე სუსტი, არ უნდა იყო ბოროტი, მუშტი-კრივით არ გადაწყვიტო დავა. ძალიან სამწუხაროა, რომ იქ ვართ, ამ მარტივი ჭეშმარიტების ახსნა რომ გვიწევს. სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის ექსკლუზიურ მოვალეობას. მასზეა მთელი პასუხისმგებლობა და მხოლოდ მას აქვს ძალის გამოყენების უფლება და შესაბამისად, წესრიგზეც პასუხისმგებელია. 

- თქვენი აზრით, პატიმარი სააკაშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას რა შედეგები ექნება ?

- სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი წარსულია. წარსულია, როგორც ის მართავდა...როგორც ოპოზიციონერი, როგორც ოპონირებდა. ამიტომ, რაც არ უნდა ქნას, ის ვერასოდეს დაიბრუნებს ძალაუფლებას. ეს კანონზომიერი და ბუნებრივი პროცესია. როგორც ორგანიზმი ებრძვის დაავადებას, როცა იმუნიტეტი აქვს. როგორც მმართველი იყო ავტოკრატი, როგორც ოპოზიციონერი, მხოლოდ მაშველი რგოლი იყო დღევანდელი ხელისუფლების. და სად არის ამ დროს მოქალაქის ინტერესი ? თქვენი და ჩემი ინტერესი ? და ამ ინტერესის მსახურება?

- მთლიანობაში ოპოზიციის მოქმედება რა შეფასებას იმსახურებს ?

- მთავარი პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკიდან, უფრო სწორედ, რასაც ჩვენთან პოლიტიკა დავარქვით, გამქრალია მოქალაქე, მოქალაქისა და სამშობლოს მსახურების იდეა. დიახ, პოლიტიკა ომია, მაგრამ ომია იმისთვის, ვინ მოიპოვებს უფლებას, იყოს უკეთესი მსახური ხალხისა და ქვეყნის. რაღაც პარალელურ სამყაროში არიან ,, პოლიტიკოსები", ,,სავოკური" შაბლონების ტყვეობაში, ოღონდ ეს ,,ტყვეობა" თავად აირჩიეს. სხვა ან არ იციან ან არ შეუძლიათ. 

- თქვენ რა პოლიტიკური გეგმები გაქვთ ?

- ვიყო აქტიური მოქალაქე, როგორც მოქალაქემ ჩემი წილი პასუხისმგებლობა ვატარო და როგორც შევძლებ, ამ ორპარტიულ მავნებლურ იწილო-ბიწილოსგან თავის დაღწევას შეუწყო ხელი. ორპარტიული ფორმალურად, დე იურე, თორემ დე ფაქტო და რეალურად, ერთნი არიან. როგორც ჩანს, სახელმწიფო საძირკვლიდან გვაქვს ასაშენებელი, ყველაფერი თავიდან, მაგრამ ეს გასაკეთებელია. ჩვენი გასაკეთებელია, რომ ვინც ჩვენს შემდეგ მოვა, იმათ არ მოუწიოთ ამის კეთება. ეს ჩვენმა თაობამ უნდა გააკეთოს. 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია