მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კობა ხაბაზი: უკრაინა იმარჯვებს ომში, ასეთი შანსი არასდროს გვქონია - 15 აგვისტო 2023

ასეთი მაგრები რომ იყოთ ქართველები, ხელისუფლებაში პრორუსული ძალა არ გეყოლებოდათო - გავხედე და ვერაფერი ვუთხარი, რადგან მწარე სიმართლე მითხრა“

რა ვითარებაა უკრაინაში და რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს კონტრშეტევა ? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ,,ufleba.ge” ,,ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელს, უკრაინიდან ახლახან დაბრუნებულ კობა ხაბაზს ესაუბრა.

ქეთი ხომერიკი

- ბატონო კობა, პირველ რიგში გვერდს ვერ ავუვლით შოვში დატრიალებულ სტიქიას, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა

- ეს არის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მარტო იმ ოჯახებს კი არ დაატყდა თავს, ვისი ახლობლებიც იქ იყვნენ, არამედ სრულიად საქართველოს, რადგან თითოეული ადამიანი ჩვენი ქვეყნისთვის არის სანთელი, იმედი და მომავალი. იცით, იმდენად მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, რომ არ ვიცი რა ვთქვა, როგორ მივუსამძიმრო და გავიზიარო ის ტკივილი, რასაც დაღუპულების ოჯახის წევრები განიცდიან.

ახლა სხვა საკითხია ხელისუფლების მზაობა და მიდგომა, რაც კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ კარგად გვახსოვს  თბილისში, ვერის ხეობაში დატრიალებული ტრაგედია. მაშინაც და დღესაც ირკვევა, რომ რეინჯერებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საშიში მასა გროვდებოდა, წინასწარ გაუფრთხილებიათ კიდეც. და როგორ რეაგირებ შენ ამ დროს ? სად არის პრევენცია ? სად არის პრემიერ-მინისტრი ამ დროს ? ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა უნდა გააკეთოს პრემიერმაო, რა უნდა გააკეთოს ? იქ უნდა იყოს. ასეთ დროს ეს ხდება დამატებითი მოტივატორი და სტიმულატორი მთავრობის წევრებისთვისა და სხვებისთვის, რომ ყველა იქ იყოს. დიახ, მაგალითის მიმცემი ხდები შენ.

და კიდევ ერთი, რაც სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანის პრობლემაა: ეს არის სოციალურ ქსელში გადატანილი ვაება-გლოვა და ამის პარალელურად ზიზღის ატმოსფერო. აქ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ზიზღითა და სიძულვილით ქვეყანაში კარგი არასდროს აშენებულა, არც აშენდება. და ქოცები ხომ ზიზღით მოვიდნენ, ზიზღით მოტანილი კი, აუცილებლად მოიტანს უბედურებას. ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ საქართველო ცუდ სპირალში შევიდა. ვიმეორებ, ეს არის ზიზღის, სიძულვილის, დანაშაულებრივი უმოქმედობის, გამყიდველობისა და ღალატის სპირალი. ყოველთვის მქონდა რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ დღეს უკვე მეშინია, იმდენად საშინელ ატმოსფეროს ვხედავ. დიახ, ასეა, ყველა დონესა და ფენაში, მგონი, რაღაც შეუქცევადი ნგრევის პროცესშია ჩვენი ქვეყანა შესული.

- თქვენ უკრაინიდან დაბრუნდით, რა ვითარებაა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში და ფრონტის ხაზზე ?

- პირველი, მოდით დავიწყოთ არა რწმენითა და იმედით, არამედ იმ რეალობით, რომელიც უკრაინაშია დღეს. უკრაინა იმარჯვებს ამ ომში. დამერწმუნეთ, უკრაინა, აუცილებლად, გაიმარჯვებს. რატომ ? შეხედეთ დინამიკას. პირდაპირ ვაცხადებ, დღეს უპირატესობა უკრაინელებს აქვთ. გაცილებით უკეთესი ტექნიკა აქვს უკრაინას დღეს, ვიდრე რუსებს. რომ შეადარო რუსული ტანკებიდან დაწყებული, რუსული ქვემეხით, ლეოპარდებით და ჰაიმარსებით დამთავრებული. სასაცილოა შედარებაც კი.

იგივე პრიგოჟინის ინციდენტმა აჩვენაისე მივიდა თითქმის მოსკოვამდე, რომ რუსებმა ვერაფერი  გამოიყვანეს მის წინააღმდეგ, რადგან მთელი თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავთ გადასროლილი. დღეს რუსებს მხოლოდ ორი უპირატესობა აქვთ - ეს არის ჰაერი და ზღვა. უკრაინას ავიაცია არ აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაიწყება გადამზადება და ძალიან მალეეფ 16-ებიეყოლება, ასე რომ, რუსული ჰეგემონია თვითმფრინავების მხრივაც დამთავრდება. და დღეს უკრაინას ფლოტი არ ჰყავს, მაგრამ უკვე აბალანსებენ ამას იმით, რომ უპრეცედენტო უპილოტო წყალზედა და წყალქვეშა დრონები გამოიყენეს.

- თქვენი დაკვირვებით, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს ოკუპანტების წინააღმდეგ კონტრშეტევა ?

- დღეს უკრაინა მასობრივ კონტრშეტევაზე რომ გადავიდეს, დარწმუნებული ვარ (იქაური რეალობა ვიცი), გაყრის რუსებს თავის ტერიტორიებიდან. რატომ არ გადადის ? იმიტომ რომ ეს დიდი მსხვერპლის მომტანი იქნება. 1 200 კილომეტრზე აქვთ თავდაცვითი ნაგებობები, გამაგრებული ხაზი. და როდესაც ჰაერში უპირატესობა რუსებს აქვთ, საკმაო რაოდენობით გამნაღმველი ტექნიკის გარეშე ამ კონტრშეტევის დაწყება დიდი რისკია. მართალია მოიგებენ, მაგრამ როგორც გითხარით, იქნება დიდი რაოდენობა დაღუპულების, ამიტომ არ აკეთებენ ამას, რაც აბსოლუტურად სწორია. ახლა ისინი რუსებს საწყობებს, ბაზებს, ტექნიკას და ცოცხალ ძალას უნადგურებენ. პარალელურად კი, ავიაციას ელოდებიან. დღეს თუ ერთ, ან ორ სოფელს ანადგურებენ, ძალიან მალე დადგება ის დღე, როდესაც მასობრივ კონტრშეტევაზე გადავლენ. ავიაციაც იქნება და გამნაღმველი ტექნიკაც. თუ დღემდე მოგერიებით ტექნიკას იღებდა უკრაინა, უკვე კარგა ხანია (დაახლოებით 4-5 თვეა) ისეთ ტექნიკას იღებს, რომელიც შორ მანძილზე აძლევს საშუალებას გაუნადგურონ რუსებს საწყობები, ტექნიკა, ლოჯისტიკური ცენტრები და .. შემდეგი იქნება შეტევითი იარაღი, რასაც ელოდებიან და სწორადაც აკეთებენ.

- რამდენ ხანში შეძლებს უკრაინა გარდატეხის შეტანას ტერიტორიების დაბრუნების საქმეში ?

- რთული სათქმელია რამდენ ხანში დასრულდება ომი. მე არ ვარ პროფესიონალი, რომ პროგნოზი გავაკეთო. ხაზს ვუსვამ, ჟალუზნის კონცეფცია არის აბსოლუტურად განსხვავებული რუსული სტანდარტისგან - გაუფრთხილდეს თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლეს, რაც ვიმეორებ, სწორი მიდგომაა. დამერწმუნეთ, რუსეთი წააგებს ამ ომს. 

- მოდით, კიდევ ერთხელ შევაფასოთ საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინაში პუტინის ფართომასშტაბიანი აგრესიისადმი

- მიღებული ფორმულაა: ქართული საზოგადოება უკრაინის მიმართ არის სოლიდარული, საქართველოს ხელისუფლება კი, უკრაინასთან მიმართებაში მოღალატეობრივ გზას ადგას, რადგან ვალდებულებები აქვს რუსეთთან. ეს ხომ მოსკოვიდან დასმული ხელისუფლებაა! ერთმა უკრაინელმა, ჩემმა მეგობარმა, ბლოგერმა ძალიან კარგად მითხრა ერთი რამ. ვსაუბრობდით და მე ჩემს ქართველობაზე და ქართველებზე ყოველთვის სიამაყით ვსაუბრობ და პატარა შენიშვნა მომცა, რაზეც პასუხის გაცემა გამიჭირდა. რა მითხრა იცით ? ასეთი მაგრები რომ იყოთ ქართველები, ხელისუფლებაში პრორუსული ძალა არ გეყოლებოდათო, გავხედე და ვერაფერი ვუთხარი, რადგან მოკლე, მარტივი და მწარე სიმართლე მითხრა. ყველამ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის მიერ კონტროლდება. ჩვენ ახლა ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობა გჭირდება. დიახ, ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა ოკუპანტის მიმართ დასმული ხელისუფლების გასაძევებლად, ეს უნდა გადიოდეს წინააღმდეგობის მოძრაობაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ომზე, არა რევოლუციასა და აჯანყებაზე, არამედ წინააღმდეგობის მოძრაობაზე. და თუ შენ ამას გაიაზრებ, მიხვდები, რომ აქ არჩევნების ადგილი აღარ რჩება. ასე რომ, მე საერთოდ არ ველოდები არჩევნებს, რადგან მიმაჩნია, რაც არ უნდა გააკეთოს ამ არჩევნებმა, თუ შენ არ გექნება რეალური ბერკეტი ხმების დასაცავად, ვერაფერს იზამ.

- რა საზოგადოებრივ პოლიტიკური გეგმები გაქვთ ?

- მოდით, პირდაპირ ვთქვათ (შევეხოთ რეალობას), ოპოზიციამ ერთი ადამიანის გათავისუფლება ვერ მოახერხა და რა ხმებს დაიცავს, ივანიშვილი დაუთმობს მათ ხელისუფლებას ? არ გამაცინოთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ორგანიზებულად, სტრუქტურირებულად და იდეოლოგიურად ოპოზიციის ძირითადი მიზანი წინააღმდეგობის მოძრაობის ჩამოყალიბება უნდა იყოს. ეს სხვა რამ არის, სულ სხვაა არჩევნები. ვიღაც მეტყვის, არჩევნებს უნდა მოჰყვეს ეს ყველაფერიო, არა ბატონო. უკრაინაში, როდესაც იანუკოვიჩმა პრორუსული ნაბიჯები გადადგა, ხალხი გამოვიდა და ხელისუფლება შეცვალა. არასდროს ისეთი არალეგიტიმური ხელისუფლება მთელი მსოფლიოს თვალში საქართველოს, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია არ ჰყოლია და ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამით.

დღეს მსოფლიოსთვის ,,ქართული ოცნებაკეთროვანია.

და ახლა ვიღაცებს თუ აქვთ სურვილი, რომ პარლამენტში მოხვდნენ, 5 კაცი გაიყვანონ, 15 კაცი, ან ერთი კაცი, ბოდიშით და, მე არ მინდა ეს. მე 2016 წელს პარლამენტში შესვლაზე უარი ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ლამის ჩხუბი მომივიდა, რადგან ის პრინციპულად მთხოვდა ამას, მე უარი ვუთხარი. მე არ მაინტერესებს პარლამენტში შესვლა, შესაბამისად, სულ არ მაინტერესებს ვიღაცები მოხვდებიან პარლამენტში თუ არა. ასე რომ, არჩევნების წინ, აუცილებლად, ავიღებ პლაკატს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ და ვიტყვი : თქვენი არჩევნების დედაცცხოვრებაში პირველად გინებას დავიწყებ, რაც არ მჩვევია, მაგრამ სხვა გზა არაა. ივანიშვილი სასურველ ციფრს არ დაგიწერს, შენ ეს წინასწარ იცი და ამას ეგუები. .. შენ დეპუტატობა გინდა და შენი დეპუტატობა კი არა, მე ჩემი დეპუტატობა არ მაინტერესებს. პირველი რასაც ვაპირებ მეგობრების ნახვაა. ამ წლებმა ერთადერთი სიმდიდრე, რაც დამიტოვა ძალიან ბევრი პატიოსანი და კარგი ადამიანია. ყველას უნდა შევხვდე, ვესაუბრო და იქნებ რამე სქემაზე შევთანხმდეთ. როგორ შეიძლება ის, რომ მიშა იყოს თავისუფალი და საქართველომ მოახერხოს ოლიგარქიული რეჟიმის დასრულება.

- და ბოლოს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა, რა შეგვიძლია ვთქვათ დღევანდელი გადასახედიდან როგორ, რა გზებით შევძლებთ ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც, ისევე არის მიბმული იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. თუ პუტინის ხელისუფლება დამარცხდება, გვეძლევა შანსი, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს. ასეთი შანსი არასდროს გვქონია. დიახ, გიგანტი ფანჯარა გაიხსნება. მცირე ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია