„პუტინმა მსოფლიო განადგურების წინაშე დააყენა, პირველ რიგში კი საკუთარი ქვეყანა - ყველა დიქტატორის ბედი ესაა“
პუტინის წამოწყებულმა საზარელმა ომმა უკრაინა და მთელი მსოფლიო დიდი საფრთხეების წინაშე დააყენა. ერთ-ერთი მათგანი უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის ობიექტებზე ოკუპანტების მხრიდან განხორციელებული თავდასხმებია. ომის დაწყებიდან ეს უკვე დავინახეთ ჩერნობილსა და ზაპოროჟიეში, სადაც ატომურ ელექტროსადგურს დღემდე რუსი დამპყრობლები აკონტროლებენ.
ცნობილია, რომ ბირთვული ენერგია მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, მათ შორისაა: რადიოაქტიური ნარჩენების გაჟონვის შესაძლებლობა, ტექნიკური გაუმართაობა, ადამიანური შეცდომა, სტიქიური მოვლენა, მთავრობის მიერ ბოროტად გამოყენების შემთხვევა, საბოტაჟი, ტერაქტი, მიზანმიმართული თავდასხმა, ან, როგორც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა გვიჩვენა – ომი, რომელმაც ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრში მოახვედრა.
- რუსეთის ჯარის მიერ უკრაინაში ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვამ გამოიწვია ხანძარი მისი ექვსი რეაქტორიდან ერთ-ერთში და გააჩინა კატასტროფის შიში, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მთელ ცენტრალურ ევროპაზე. აფეთქება გვახსენებს 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფას, - წერს გამოცემა „ბიზნეს ფორმულა“.
შეშფოთებამ იკლო მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ხანძარი ლიკვიდირებული იყო და რეაქტორის განყოფილება არ დაზიანებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური ჩერნობილისგან განსხვავებული დიზაინისაა და დაცულია ხანძრისგან, ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო შიშობენ, რომ ომის წარმოება ასეთ ობიექტებში და მის გარშემო უკიდურეს რისკს წარმოადგენს.
უკრაინის სახელმწიფო ბირთვული რეგულატორის მიერ წამოჭრილი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ თუ ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება, ის იძულებული იქნება გამოიყენოს ნაკლებად საიმედო დიზელის გენერატორები მოქმედი გაგრილების სისტემებისთვის გადაუდებელი ენერგიის მიწოდებისთვის. ამ სისტემების წარუმატებლობამ შეიძლება გამოიწვიოს იაპონური ფუკუშიმას ქარხნის მსგავსი კატასტროფა, როდესაც 2011 წელს ძლიერმა მიწისძვრამ და ცუნამმა გაანადგურა გაგრილების სისტემები, რამაც გამოიწვია დნობა სამ რეაქტორში.
„თუ აფეთქება მოხდება, ეს ყველას დასასრულია. ევროპის დასასრულია. ეს ნიშნავს ევროპის ევაკუაციას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ცნობილ მიმართვაში და მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, ზეწოლა მოახდინონ რუსეთის ხელმძღვანელობაზე, რათა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები ატომური სადგურის მახლობლად.
რა შეიძლებოდა მომხდარიყო?
დაზიანებული რეაქტორი გათიშული იყო, მაგრამ მაინც შეიცავს უაღრესად რადიოაქტიურ ბირთვულ საწვავს. დანარჩენი ექვსი რეაქტორიდან ოთხი ამჟამად გათიშულია და მხოლოდ ერთი რჩება ექსპლუატაციაში.
აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს შეიარაღების კონტროლისა და გაუვრცელებლობის დირექტორმა ჯონ ვოლფსტალმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს მსახურობდა, განაცხადა, რომ ქარხნის რეაქტორებს აქვთ სქელი ბეტონის გუმბათები, რომლებიც დაიცავდა მათ ტანკებისა და არტილერიის ცეცხლისგან, მაგრამ ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი არასდროს არის კარგი.
ბირთვულ ობიექტებში კიდევ ერთი საშიშროებაა აუზები, სადაც დახარჯული საწვავის ღეროები ინახება გასაციებლად, რომლებიც უფრო დაუცველია დაბომბვის მიმართ და რამაც შეიძლება გამოიწვიოს რადიოაქტიური მასალის გამოყოფა.
თუმცა, შესაძლოა, ყველაზე დიდი პრობლემა სადგურის ელექტრომომარაგება გახდეს, ამბობს ნაჯმედინ მეშკატი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ინჟინერიის პროფესორი, რომელმაც შეისწავლა როგორც ჩერნობილის, ასევე ფუკუშიმას კატასტროფები.
რა არის ახლა შეშფოთების მიზეზი?
უკრაინა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ატომურ ენერგიაზე. ამჟამად ქვეყანას ოთხი მოქმედი ატომური ელექტროსადგური აქვს, რომელთაგან ყველაზე დიდი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურია. ატომური რეაქტორები (სულ 15 ბირთვული რეაქტორი) ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით ნახევარს უზრუნველყოფენ. საფრანგეთის შემდეგ უკრაინა ევროპაში ბირთვული ენერგიის სიდიდით მეორე მწარმოებელია.
უკრაინაში ასევე არის ყოფილი ჩერნობილის ატომური ქარხანა, სადაც რადიოაქტიური ნივთიერებები ჯერ კიდევ ჟონავს. ის რუსულმა ძალებმა დაიკავეს. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩერნობილის რეაქტორის თანამშრომლები როტაციის გარეშე მუშაობენ და დაღლილები არიან.
ბრძოლების დროს რუსული რაკეტები ასევე მოხვდა რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს კიევში და მსგავს ობიექტს ხარკოვში. ორივე შეიცავდა დაბალი დონის ნარჩენებს, როგორიცაა სამედიცინო გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები და რადიოაქტიური გამოყოფა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ინციდენტები გაფრთხილებად უნდა იქცეს.
ჯეიმს აკტონმა, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ბირთვული პოლიტიკის პროგრამის თანადირექტორმა განაცხადა, რომ ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მარტივი გზა მათ ირგვლივ ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ დასრულებაა.
მიცურუ ფუკუდამ, ტოკიოს ნიჰონის უნივერსიტეტის პროფესორმა და კრიზისის მენეჯმენტისა და უსაფრთხოების ექსპერტმა თქვა, რომ ზაპორიჟიეს სადგურზე თავდასხმა ყველა ქვეყნისთვის დიდ კითხვებს აჩენს.
„ბევრი ჩვენგანი არ ელოდა, რომ სამხედროები ასეთ აღმაშფოთებელ ნაბიჯს გადადგამდნენ. ახლა, როცა პუტინმა ეს გააკეთა, არამარტო უკრაინამ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის იაპონიამ, უნდა გადახედოს ატომური სადგურების ომის დროს პოტენციურ სამიზნედ გამოყენების რისკს“, - განაცხადა ფუკუდამ.
რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა. ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ. თუმცა, როგორც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ამბობს, შეწყვეტილია აღჭურვილობის და სათადარიგო მიწოდების ჯაჭვი: „ასევე აქ იყო ბევრი ბირთვული მასალა, რომელსაც IAEA-ს მიერ შემოწმება სჭირდება“.
გროსის თქმით, კონფლიქტის დროს უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე მომუშავე პერსონალს უკიდურესად სტრესულ და რთულ სამუშაო პირობებში უხდება მუშაობა, მათი „მორალი და ემოციური მდგომარეობა“ არის „ძალიან დაბალი“. ეს განსაკუთრებით ეხება ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე და ჩერნობილის ობიექტზე მომუშავე პირებს, რადგან ჩერნობილის ტერიტორიას რუსული ჯარები გასული წლის 31 მარტამდე, ხუთი კვირის მანძილზე, აკონტროლებდნენ, ხოლო ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური კვლავაც რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ.
IAEA-ს გენერალური დირექტორის ცნობით, ატომური ელექტროსადგურის ოპერირების ამ უპრეცედენტო ვითარებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების შვიდი შეუცვლელი საბაზისო მოთხოვნის შესრულებას. საბაზისო მოთხოვნებიდან უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელშეუხებელი იყოს უკრაინაში ბირთვული ობიექტების ფიზიკური მთლიანობა; ასევე, უზრუნველყოფილი იყოს ხალხის მუშაობა ნორმალურ პირობებში: „ოპერატიულმა პერსონალმა უნდა შეძლოს შეასრულოს უსაფრთხოების მოვალეობები და ჰქონდეს გადაწყვეტილებების მიღების უნარი გარედან მიმართული ზედმეტი ზეწოლის/წნეხის გარეშე“.
უკრაინის ატომური ენერგიის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა ჩაერთონ ქვეყნის 15 ბირთვული რეაქტორის დაცვაში ჩაერთონ. კომპანია Energoatom-ის ხელმძღვანელმა, პეტრ კოტინმა IAEA-ს სთხოვა, შექმნას 30 კილომეტრიანი უსაფრთხო ზონა ქვეყნის ოთხი ატომური ელექტროსადგურის გარშემო. ატომური ელექტროსადგურის უშუალო სიახლოვეს რეგულარულად მოძრაობენ რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონები, არტილერია და სარაკეტო დანადგარები, ნათქვამია Energoatom-ის განცხადებაში.
„ატომური კატასტროფის ყველაზე ცუდი სცენარი ანუ ათი ჩერნობილი ერთად აღებული“
ამ ფონზე, გამოცემა „კვირის პალიტრა“ წერს, რომ უკრაინული დაზვერვა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, მათი მტკიცებით, რუსებმა დანაღმეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. რა თქმა უნდა, ისმის კითხვა - წავლენ კი რუსები იმაზე, რომ ბირთვული კატასტროფა მოაწყონ?
„თუ გაუჭირდათ, დიდი ალბათობით, წავლენ და უკრაინელებს დააბრალებენ, თითქოს მათ მოარტყეს რაკეტა ატომურ ელექტროსადგურს. ბოლოს და ბოლოს, აგერ ახლახან კახოვკის ჰესი ააფეთქეს, ეკოლოგიური კატასტროფა მოაწყვეს და მთლიანად შავი ზღვის აუზს შეუქმნეს საფრთხე...“, - ამბობს ანალიტიკოსი გიორგი კვიტაშვილი.
მისივე თქმით, რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი 2022 წლის მარტში დაამყარეს და ამ ობიექტს იყენებენ ცოცხალ ფარად. კერძოდ, სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ესვრიან უკრაინელებს მძიმე არტილერიით, უკრაინელები კი თავს იკავებენ, რათა არ დააზიანონ ატომური ობიექტი.
„საქართველოში, ალბათ, ბავშვსაც კი აინტერესებს: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში რა ელის უკრაინას, ევროპას და პირველ რიგში, საქართველოს. არავინ არ გვიწყინოს, მაგრამ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ქართველი ექსპერტები მხოლოდ ზედაპირულად მიმოიხილავენ ხოლმე ამ საკითხს (აღარაფერს ვამბობთ ე.წ. ფეისბუკ ექსპერტებზე, რომლებიც ტანკს და ბეემპეს ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან და მაინც მიმოიხილავენ ხოლმე გლობალურ საკითხებს).
ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულიაო, ნათქვამია. ამიტომ მოვლენების ყოველგვარი დრამატიზების გარეშე, დასავლური ექსპერტების ანალიზის შეჯამებით, შევეცდებით გავცეთ პასუხი კითხვას - რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მართლაც მოხდა უბედურება. სცენარი რაც არ უნდა მძიმე იყოს, მასზე საუბარი აუცილებელია და არა სირაქლემასავით თავის ქვიშაში ჩარგვა“, - დასძენს კვიტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ასევე, როდესაც საუბრობენ ატომური კატასტროფის სცენარებზე, პირველ რიგში, ჩერნობილის ტრაგედიას ადარებენ ხოლმე.
გამოცემის ანალიტიკოსი სვამს კითხვას, სწორია თუ არა ერთმანეთთან ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურების შედარება?
„1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე დიდ კატასტროფად მიიჩნევა. შეგახსენებთ, მაშინ რეაქტორში მომხდარი აფეთქების შედეგად მთლიანად დაინგრა ერთ-ერთი ენერგობლოკი და ჰაერში გაიტყორცნა უზარმაზარი ოდენობით რადიოაქტიური ნივთიერება.
თუმცა ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურების შედარება მთლად კორექტული არ არის. კერძოდ, მათ სხვადასხვა ტიპის რეაქტორები აქვთ. ტექნიკური დეტალებით რომ არ დაგღალოთ, მოკლედ ავხსნით: ჩერნობილის რეაქტორი ისეთი ტიპის იყო, რომ მან დიდი როლი შეასრულა რადიაციის გავრცელებაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებში კი ასეთი რისკი მინიმუმამდე არის დაყვანილი. მეორე დიდი განსხვავება - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს აქვს დამცავი ე.წ. გარსი: დიდი ჰერმეტული ბეტონის კონსტრუქცია, რომლის კედლების სისქე მეტრზე მეტია. დამცავი ე.წ. გარსის მთავარი ფუნქციაა, თუ ენერგობლოკში ავარია მოხდა, რადიაცია შენობის შიგნით დარჩეს და გარეთ არ გამოვიდეს. მაგალითად, ასეთივე ე.წ. გარსი ჰქონდა ცნობილ „ფუკუსიმას“ (შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ცუნამის შედეგად ეს იაპონური ატომური ელექტროსადგური დააზიანა) და შესაბამისად, ჰაერში რადიოაქტიური ნივთიერების მხოლოდ 2% გაიტყორცნა. ჩერნობილს არ ჰქონდა არანაირი დამცავი მექანიზმი და ატმოსფეროში მოხვდა რადიოაქტიური ნივთიერების 100%.
გარდა ამისა, ზემოხსენებულ დამცავ მექანიზმს შეუძლია რეაქტორის დაცვა საშუალო სიმძლავრის დაბომბვებისაგან, უძლებს მიწისძვრას და სხვა სტიქიურ უბედურებას და მცირე ზომის თვითმფრინავის დაცემასაც კი. თუმცა შეგახსენებთ, რომ უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგური შიგნიდან დანაღმეს. შესაბამისად, შესაძლოა დამცავი მექანიზმიც გამოვიდეს წყობიდან“.
რა მოხდება, თუ რუსებმა კაცობრიობის წინაშე კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს?
გიორგი კვიტაშვილის თქმით, თუ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსებმა ააფეთქეს ისე, რომ ვერანაირმა დამცავმა მექანიზმმა ვერ უშველა და რადიოაქტიური ნივთიერებები ჰაერში სრულად გაიტყორცნა, ეს სიმძლავრით ჩერნობილის აფეთქებაზე დაახლოებით ათჯერ მეტი იქნება.
„აფეთქებიდან მალევე ათეულ ათასობით ადამიანი დაიღუპება, სალიკვიდაციო სამუშაოებს კი მილიონამდე ადამიანის ჩართულობა დასჭირდება. თუმცა 1986 წელს, როდესაც ჩერნობილის კატასტროფა მოხდა, საბჭოთა კავშირმა ავარიის ლიკვიდაციისთვის მთელი ძალები მიმართა. ჩერნობილში არც ომი იყო და არც ოკუპანტები დათარეშობდნენ. ზაპოროჟიეში ლამის ფრონტის ხაზზე მდებარე ატომური კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში როგორ უნდა ჩაერთოს მილიონამდე ადამიანი, ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ჯერ ერთი, მოიძიებს კი ამხელა ადამიანურ რესურსს უკრაინა?! რომც მოიძიოს, ლიკვიდატორებს მშვიდად მუშაობის საშუალებას მისცემენ რუსი ოკუპანტები?! რაღაც არ გვგონია, რუსები უცებ გაკეთილშობილდნენ.
გარდა ამისა, ორი მილიონი ადამიანის დაუყოვნებლივი ევაკუაცია იქნება საჭირო. პირველ რიგში, შემდეგი ქალაქებიდან: ზაპოროჟიე, მელიტოპოლი, ენერგოდარი, ნიკოპოლი და კრივოი-როგი. აქედან მელიტოპოლსა და ენერგოდარს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. ორი მილიონი ადამიანის ევაკუაცია მშვიდობიან დროსაც კი ძნელია, არათუ ომის დროს. თუმცა ისევ ვუბრუნდებით ზემოხსენებულ თემას - კატასტროფის ავტორები მისცემენ კი უკრაინელებს იმის საშუალებას, რომ ამხელა ქალაქები მშვიდობიანად დაცალონ?!
უბედურების ზონის ფართობი დაახლოებით 30 ათასი კვადრატული კილომეტრი იქნება (ათჯერ მეტი, ვიდრე ჩერნობილის ზონა) - ანუ იმ ზონაში სპეცაღჭურვილობის გარეშე შესვლაც შეუძლებელი იქნება. რადიაციული დაბინძურების ზონა კი, ექსპერტთა გათვლებით, 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე იქნება. ფაქტობრივად, დაბინძურდება უკრაინის დიდი ნაწილი. რაც შეეხება საფრთხის დონეს ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებით, ყველაფერი დამოკიდებულია ქარის მიმართულებაზე. იმავეს თქმა შეიძლება ბელარუსსა და რუსეთის დასავლეთ ნაწილთან დაკავშირებით.
უმდიდრესი ზაპოროჟიეს ოლქი მრავალი ათეული წლით გამოუსადეგარი იქნება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, ევროპის ერთ-ერთი დიდი მდინარე დნეპრი კი ასევე მრავალი ათეული წლით დაბინძურდება“, - გვეუბნება გიორგი კვიტაშვილი.
ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?
ანალიტიკოსის თქმით, უცხოელების მოდელირებულ არც ერთ სცენარში საქართველო არ ხვდება ხიფათის ზონაში. თუმცა გარკვეული ზომების მიღება გახდება საჭირო, თუ ქარმა რადიოაქტიური ნივთიერები აქეთ წამოიღო.
„გარდა ამისა, ოფიციალურ თბილისს მოუხდება უკრაინიდან ნებისმიერი სახის პროდუქტის შემოტანის აკრძალვა. თუმცა, თუ რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ააფეთქეს და უკრაინაში კატასტროფა მოხდა, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის პირადი ტრაგედია იქნება“, - აცხადებს კვიტაშვილი.
შეცვლის თუ არა ომის სცენარს სავარაუდო ატომური კატასტროფა?
ანალიტიკოსის შეფასებით, თუ რუსეთმა კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე, ეს, რა თქმა უნდა, ფრონტის ხაზზე ცვლილებებს მოახდენს, თუმცა არა გადამწყვეტს.
„კიევს რუსები ვეღარ აიღებენ. აი, უკრაინელებს კი ექნებათ სრული ლეგიტიმური უფლება, იმავე მეთოდებით უპასუხონ პუტინს რუსეთის ტერიტორიაზე. ატომური ელექტროსადგურები რუსებსაც აქვთ და გარდა ამისა, აქვთ ბევრი ქიმიური ქარხანა.
ამ დანაშაულს კიდევ ექნება ერთი შედეგი. კერძოდ, დღეს ზოგიერთი დასავლური ქვეყანა ხან მინიშნებით და ხან კულუარებში, ცდილობს უკრაინაში ომი შეჩერდეს თუნდაც უკრაინის ტერიტორიული დათმობების ხარჯზე. ან გაყინოს ისე, როგორც, მაგალითად, კვიპროსშია, ხოლო, თუ პუტინი ატომური კატასტროფის ავტორიც გახდა, დასავლეთში ყველაზე სკეპტიკოსიც კი დარწმუნდება, რომ უკრაინის გამარჯვება თუნდაც იმიტომ არის აუცილებელი, რათა მსოფლიომ პუტინი მოიშოროს.
დასავლეთი უფრო აქტიურად ამოქმედდება, რადგან ატომური ელექტროსადგურის აფეთქებამდე ერთი ნაბიჯია ბირთვული იარაღის გამოყენებამდე. ჯერ ერთი, უკრაინას გადაცემულ ტექნიკას თითებზე აღარ დაუთვლიან და მეორეც - თვითონაც შეიმუშავებენ რუსეთისთვის პრევენციული დარტყმების მიყენების სტრატეგიას. თუმცა ეს სტრატეგია, ალბათ, უკვე შემუშავებულია.
p.s. უკრაინელები და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები (რომლებმაც გადმოცემით არ იციან, თუ რა არის რუსული აგრესია), დასავლეთს ხშირად ადანაშაულებენ ზედმეტ სიფრთხილეში. ეს ნაწილობრივ სიმართლეც არის. კერძოდ, რუსეთმა (და პირადად პუტინმა), დღისით, მზისით, ევროპელებისა და ამერიკელების ცხვირწინ მოაწყო ტექნოგენური კატასტროფა. დასავლეთს რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ის, ალბათ, ათჯერ უფრო მწვავე უნდა ყოფილიყო, რათა მოსკოვზე წამახალისებლად არ ემოქმედა. იმედია, ამაზე ფიქრობენ ვაშინგტონსა და ბრიუსელში და წინასწარ მიიღებენ პრევენციულ ზომებს, რათა ზემოხსენებული მძიმე სცენარი მხოლოდ ქაღალდზე დარჩეს“, - დასძენს გიორგი კვიტაშვილი.
თავის მხრივ, „საქართველოს მწვანეთა პარტია“ გმობს აგრესორის მიერ უკრაინის ბირთვული ობიექტების ხელში ჩაგდების შემდეგ მათ მსოფლიოს შანტაჟისა და სამხედრო-პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე გვეუბნება, რომ ევროპა და საქართველო რადიაციული დაბინძურების კატასტროფის წინაშეა:
„საქართველომ, როგორც დანარჩენმა ევროპამ, ერთხელ უკვე იწვნია ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების უმძიმესი შედეგები. ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დაზიანების შემთხვევაში კი ეს უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფა იქნება მისი სიმძლავრიდან გამომდინარე. მივმართავთ ცივილიზებულ სამყაროს არ დაუშვას კიდევ ერთი ბირთვული კატასტროფა და უკრაინის ბირთვული ობიექტების გარშემო შექმნან ნეიტრალური ზონა, სადაც გაეროს მიერ შერჩეული საერთაშორისო სამხედრო-ექსპერტთა ჯგუფები განლაგდებიან. შეაჩერეთ ეს ბოროტება, რომელიც მსოფლიოს ეკოლოგიური კატასტროფით ემუქრება“.
გიორგი გაჩეჩილაძე გვეუბნება, რომ პუტინის მიერ რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას გულისხმობს. მისივე თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს უკრაინაში ძალიან გაუჭირდა, ვერაფერი შეძლო:
„უკრაინამ რუსეთს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია. უკრაინელები მაგარი ხალხია. ყოველთვის მაგრები იყვნენ, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ძალიან შეკრული და ძალიან ძლიერი ერია. ცხადია, დასავლეთის მძლავრი დახმარება (შეიარაღებითა და ფინანსებით) რომ არა, გაუჭირდებოდა, მაგრამ უკრაინელები მაგრად ომობენ, რუსების მხრიდან ძალიან დიდი მსხვერპლია“.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერის შეფასებით, პუტინის მიერ არმიის შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანა, კუთხეში მიყენებული, შეშინებული ადამიანის განცხადებაა. მისივე თქმით, წარმოიდგინეთ, თუ პუტინმა ომი რაღაც თავისი სარგებლით ვერ დაამთავრა (ომის მოგება გამორიცხულია), რა მოხდება - რუსეთის ფინანსური ბაზარი, მთლიანად ქვეყანა კრიზისში შევიდა.
„პუტინმა თავისი სიგიჟით ქვეყანა უზარმაზარ კრიზისში შეიყვანა. პუტინი ახლა საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის იბრძვის, ამიტომ არის საშიში. არ მგონია ბომბის ჩამოგდება გაბედოს. ხოლო თავისი გამონათქვამებით უკვე ჰიტლერს დაემსგავსა. უკრაინელ ხალხზე ხომ თქვა, ნაციონალისტები არიან, ისინი საერთოდ არ არსებობენო. ასე ლაპარაკობდა ჰიტლერი ებრაელებზე, პუტინის რიტორიკა მასთან დანაშაულებრივ თანხვედრაშია.
პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს. დღეს ასეთი მძლავრი იარაღის ამოქმედება ერთ წუთში მთელ ქალაქს დაანგრევს. ეს იმას ნიშნავს, რომ საპასუხო დარტყმით რუსეთი მიწასთან გასწორდება. პუტინმა მსოფლიო განადგურების წინაშე დააყენა, პირველ რიგში კი საკუთარი ქვეყანა. ყველა დიქტატორის ბედი ესაა“, - დასძენს გიორგი გაჩეჩილაძე.
პუტინის ბარბაროსების უკრაინაში შეჭრის კატასტროფული შედეგები სახეზეა. ოკუპანტები ბირთვული ობიექტების დაბომბვებზეც კი უარს არ ამბობენ. ამით არა მხოლოდ რეგიონს, მთელ ევროპას განადგურების საფრთხის წინაშე აყენებენ. ამიტომ მსოფლიომ უნდა გააგრძელოს თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელების ძლიერი მხარდაჭერა და ომის დამნაშავე პუტინის იზოლირება. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!
გელა მამულაშვილი
პროექტი „ბირთვული საფრთხე უკრაინისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის: რისკები, პროგნოზები, ფეიკ ნიუსები, გადარჩენის შანსები“ შეიქმნა CFI-ის, საფრანგეთის მედიის განვითარების სააგენტოს მონაწილეობით, Hub Bucharest-ის პროექტის ფარგლებში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით