მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
იმდენად დაღლილები ვართ, სამშობლოში დაბრუნება გვინდა - ემიგრანტები საბერძნეთში - 16 ოქტომბერი 2023

„24-საათი შეიძლება ავადმყოფს უყურო და თანაც გარეთ ვერ გახვიდე, ამაზე დიდი საშინელება არაფერია, ადგე და საქართველოში ჩახვიდე, მერე რას აკეთებ?“

საქართველოში ბოლო ათწლეულების დუხჭირ ცხოვრებას ძალიან ბევრი ადამიანი გაექცა. ჩვენი ემიგრანტების ერთ-ერთი მიმღები ქვეყანა საბერძნეთია. ჩვენ ფოთთან დაძმობილებულ ქალაქში, ნავპლიოში მცხოვრებ ქალბატონებს დავუკავშირდით. პირველი რესპონდენტი ქართული სათვისტომო „გეორგიას“ თავმჯდომარე ანა კეკელიძეა.

- ქალბატონო ანა, საბერძნეთში სამუშაოდ როდის ჩახვედით?

- 1994 წელს, კუპონების პერიოდში გავემგზავრე. მაშინდელ ბნელ ეპოქაში ყველა ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. აუტანელი იყო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რა სახელიც გინდათ ის დაარქვით, შეუძლებელი იყო ადამიანური ცხოვრება

- რა გზით წახვედით?

- ვიზით ლეგალურად, მოსკოვში საკონსულოს გასვლით. თავდაპირველად არგოში მოვხვდი, სადაც მანამდე ჩემი დედამთილ-მამამთილი იყვნენ ჩასული.

- პირველად როგორი შთაბეჭდილებები გქონდათ?

- საშინელება, ჩადიხარ უცხო ქვეყანაში, არც იცი ენა და არაფერი. ჩვეული გარემოდან სულ სხვა სამყაროში ხვდები. ბევრი ნერვიულობა და ტირილი იმის გამო, რომ სხვა ადამიანი მოდიხარ და შავ მუშად იქცევი. სხვა გამოსავალიც რომ არაფერია.

- მუშაობა სად დაიწყეთ?

- პირველად ფორთოხალს ვკრეფდი. რა თქმა უნდა, მძიმე სამუშაო იყო - დილის ექვს საათზე ვდგებოდით, სატვირთო მანქანით ფორთოხლების ნაკვეთში მივდიოდით. ამას ცვარსა და სიცივეში ვაკეთებდით დაუღალავად.

- იქ მუშაობა რამდენ ხანს გააგრძელეთ?

- დიდხანს არ გასტანა, სულ ვცდილობდით სამსახური შეგვეცვალა, ცოტა უკეთესი მოგვეძებნა. ასე ეტაპობრივად სხვა ადგილებზე გადავდიოდით.

- სად გადახვედით?

- ჯერ მოხუცის, მერე ბავშვის მომვლელად; მოგვიანებით კაფეში, სადაც ბოლო პერიოდში ვმუშაობდი. დღეს ბინების გაქირავების სფეროში ვარ დასაქმებული.

- შრომის ანაზღაურება ნორმალურია?

- საქართველოსთან შედარებით მისაღებია, ყველაფერი ხომ ფარდობითია.

- რა პრობლემების წინაშე დგახართ საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები?

ნანა ფიცხელაური ყვარლიდან:

- სამშობლო გვენატრება. გვინდა ჩვენი ქვეყანა წყნარად და მშვიდობიანად განვითარდეს, რათა ადრე თუ გვიან დავბრუნდეთ. ვეჭვობთ, რომ ახლანდელმა მთავრობამ ამის უზრუნველყოფა მოახერხოს. ამიტომ, რაც უფრო ადრე წავლენ სათავეებიდან, მით უკეთესი იქნება. არც წინა მთავრობა წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ ესენი მეტისმეტი არიან.

- ოპოზიციური განწყობა რატომ გაქვთ?

- საქართველო დავტოვე ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს. მაგრამ აქაც ხომ ყველაფერი გვესმის. მანდ ჩამოსულიც ვიყავი, საშინელი ფასები, კატასტროფულად გაძვირებული ცხოვრება დამხვდა. შეხვალ სუპერმარკეტში და რიგიანს ვერაფერს ყიდულობ. მეორე მხრივ, რაც შევამჩნიე, ყველას ხელში აიფონი უჭირავს, ძვირფასი მანქანებითაც დადიან. გამოდის, აქ ემიგრანტებს უფრო გვიჭირს, ვიდრე ქვეყანაში დარჩენილების ერთ ნაწილს.

- რისი ბრალია?

- ეკონომიკა თავის სიმაღლეზე არ დგას. ხელფასები აქ გაცილებით დიდია. საქართველოში ვირივით ვმუშაობთ, მაგრამ რასაც ჰქვია ვარსებობთ ამათთან შედარებით. იძულებული ხარ სამშობლო დატოვო და შორს წახვიდე. არავის უნდა სადღაც უცხოეთში ბებიებს მოუაროს, ყველას თავისი მიწა-წყალი, გვერდით ახლობელი ადამიანები უნდა.

- თქვენი გადმოსახედიდან, როგორ უნდა გამოსწორდეს საქართველოში მდგომარეობა?

- მარტო საკუთარი თავისთვის ქვეყნის ყვლეფას თავი უნდა გაანებონ, სხვაგვარად არაფერი გვეშველება. ხელფასის გარდა უზარმაზარ პრემიებს იღებენ, კორუფციაში არიან გახვეულები და სასახლეებს იშენებენ. ამ დროს უბრალო ხალხი არსებობისთვის მათხოვრობს. ამას პლუს, თავად რომ დასჭირდებათ, ყველაფერს ერთ ლარად ყიდულობენ. აბა, ემიგრანტებიდან ვინმეს ერთ ლარად რამე აჩუქონ, ხომ გამორიცხული ამბავია. ეს მისაკუთრებაც ჩვენი ერის ხარჯზე ხდება. ჩვენებურ პენსია-ხელფასებზე კარგად მოგეხსენებათ. ლამის ერთადერთი რეალური შემოსავალი ქვეყანას ემიგრანტებისგან აქვს, დღეს მგონი არსადაა ასეთი სიტუაცია.

- თქვენ რა პირობებში გიწევთ მუშაობა?

- გვიჭირს, ველოდებით, როდის მოვა კვირაში ის ერთი დღე, რომ გარეთ გასვლა მოვახერხოთ. ხან თვეში ორჯერ ძლივს გავდივართ, აბა ეს რა ცხოვრებაა. მოხუცებიც ისეთებია, ცოტა არ იყოს ძნელია მათთან მუდმივ რეჟიმში მუშაობა. როგორ გითხრათ, საქართველოში ამდენი ფსიქიკური პრობლემების მქონეც არაა. მე ჩემი ქართველი ერით ვამაყობ! კულტურა გინდა თუ სხვა სფეროები, ყველაფერში მაღალ დონეზე ვდგავართ; უბრალოდ იძულებული ხდები ასეთი მაგარი ქვეყანა დატოვო და წამოხვიდე, რადგან ელემენტარულ შემოსავალს, პერსპექტივას ვერ ხედავ! 24-საათი შეიძლება აქ ავადმყოფს უყურო და თანაც გარეთ ვერ გახვიდე ვერანაირად. უნდა გითხრათ, ამაზე უფრო დიდი საშინელება არაფერია. მაგრამ ადგე და საქართველოში ჩახვიდე, მერე რას აკეთებ?

- ანუ, ძირითადად მომვლელებად გიწევთ მუშაობა...

- სახლის დამლაგებლებადაც, კაფეებში მუშაობენ, ჭურჭელს რეცხავენ ან მზარეულად საქმდებიან და ა.შ. შენი დიპლომი არანაირად არ ჭრის. მაგრამ საქართველოში ნახევარწლიან სამუშაოში რაც შეიძლება აიღო, აქ ერთ თვეში გამოიმუშავებ. ერთიცაა, ქართველები ცოტა კუდაბზიკა ერი ვართ, ამ საქმეს საქართველოში გააკეთებ? ესეც ხომ საკითხავია. ჩვენთან შეიძლება ბავშვებს მოუარო, მაგრამ როგორც აქ ისე მოხუცებს მოუვლი? არ მგონია.

- რამდენ ხანს მოგიწევთ მუშაობა, როდის დაბრუნდებით?

- ვიმედოვნებთ, რაღაც გვეშველება და დავბრუნდებით, სულ ასეთ დღეში ხომ არ ვიქნებით. ერთი კიდევ რაც ჩვენში არ მომწონს, უცხოელებს ვაფასებთ და ერთმანეთის გატანა არ ვიცით. ჩვენგან განსხვავებით ბერძნები ძალიან პრაქტიკული ერია. ჩვენ კი ერთმანეთის გატანა არ ვიცით.

- რატომ?

- შური და ბოღმა გვაქვს ერთმანეთის მიმართ. საქართველოში ქუჩაში რომ მიდიხარ, სამწუხაროდ დაბოღმილი ხალხი გხვდება სულ, გაღიმებული სანთლით საძებარია. აქ პირიქითაა, ლამის ყველა გიღიმის და ასევე გემსახურება. 

მარინა მარკოზაშვილი, ასევე ყვარლიდან:

- ნოსტალგიით ვართ შეპყრობილი და დაბრუნება გვსურს. რეალურად, აქ მონურად ვცხოვრობთ, როცა საკუთარ თავებს არ ვეკუთვნით. თვეში ერთხელ რომ შევიკრიბებით და ერთმანეთს შევხვდებით, დიდი ბედნიერებაა. დანარჩენი 24 საათი ფიზიკურად დატვირთული ვართ. მე მაგალითად კაფეში ვმუშაობ. ასევე ექიმების ოჯახში, სადაც მივდივარ და სახლს ვალაგებ, ბევრ საქმეს ვასრულებ. მეტი გასავალიც გვაქვს, რადგან სახლი გვაქვს დაქირავებული, დენი, წყალი და მისთ. არავინ გაპატიებს გადაუხდელობას, ეგრევე სახლის დაცლას მოგთხოვენ. იმდენად დაღლილები ვართ, სამშობლოში დაბრუნება გვინდა. შვილებიც აქ მყავდნენ, უმუშევრად რომ დარჩნენ, ეტაპობრივად წამოვიდნენ საქართველოში. ჩემი გული მათ გამოყვა, რადგან მიჩვეული ვიყავი. ვერც წარმოვიდგენდი თუ მთლად მარტოდმარტო ვიცხოვრებდი, საშინელებაა, მაინც აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. აქ ყველაფერს ვეგუებით, რადგან არჩევანი არ გვაქვს. მაგ; საქართველოში თუ ჩემმა მეზობელმა კარგი ტელეფონი იყიდა, მიჭირს თუ არა, მისნაირი უნდა ვიყიდო; აქ ასე არ ვართ, რადგან საკუთარ თავს არ ვეკუთვნით. არჩევანის უფლებაც არ გვაქვს, გინდა იმუშავე, თუ არ იმუშავებ, არც არავინ გაცხოვრებს. შემოსავალი თუ არ გექნება, აბა რით იცხოვრებ? საქართველოში რაღაცას გააკეთებ, ზოგს სოფელი აქვს, იმოძრავებ, აქ ისე ვინ გასულდგმულებს, თუ არ გადაიხადე.

ერთ მაგალითსაც გეტყვით, ჩემზე საკმაოდ პატარა მული მანდ სასოფლო მეურნეობას ეწევა. მაწონს აყენებს და ყიდის. ახლა ძველი მერსედესი გამოცვალა და რომელ მაღაზიებსაც იმ თავის მაწონს აბარებდა, ძალიან ბევრმა უარი უთხრა; შენ როგორი მანქანა გიყიდია და შენგან მაწონი აღარ გვინდაო. არ ვიცი ეს რა მენტალიტეტია, როცა შური იღვიძებს, შენ იმაზე ძლიერი არ უნდა იყოო. რატომ? აქ უხარიათ, თუ ვინმე გარშემო რაღაცას გააკეთებს  და გაძლიერდება. სულ ბრავოს იძახიან, ერთმანეთის წარმატება უხარიათ. ჩვენთან პირიქით, შურს ეგრევე, ვინ გაძლიერდი, ასე როგორ და რანაირადო. რაში გაინტერესებს, მე შენ არ წაგართვი და როგორ გავძლიერდი, შენი რა პრობლემაა? ქართველები ამ არასწორმა გაგებამ დაგვღუპა. აქაც ყველა ერთმანეთის ჯიბეში ითვლის, აბა შენ რამდენს აკეთებ, რამდენს იღებ? ვაიმე რამდენი აგიღია? დილით რომ გავდივარ, ღამით დასაძინებლად შევდივარ სახლში; იმდენს ვშრომობ, ჩემი ემიგრანტული ნაშრომი ასე ვის უნდა შეშურდეს? აი ეს კოდი გვაქვს ჩადებული, რაც ამოსაძირკვია.

- ამას რა ეშველება?

- ასე ალბათ დაპროგრამებული ვართ და ადვილად არ გამოსწორდება. თან საქართველო ისევ უფსკრულისკენ მიექანება... 2003 წელს წამოვედი და 2005-ში რომ დავბრუნდი, სამშობლო ჩვეულად დამხვდა. მეზობლები ისევ ერთმანეთს ვეძახოდით, პურს გამოვაცხობდით თონეზე ვაწვდიდით, კვლავ სასიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ რომ ჩამოვედი, ხალხი გარეთ აღარ გამოდიოდა. დაუძახებდი კარებს აღარ გაგიღებდა, გადავირიე. მეუღლეს ვეკითხებოდი, ეს რა არის-მეთქი. არც არაფერი, ეგრე არიანო; ერთი გამარჯობას გეტყვიან მოვალეობის მიზნითო. უცხო თვალით უფრო მეტ უარყოფითს ხედავ სამწუხაროდ.

იმასაც ვხედავთ, რომ სახელმწიფო ადამიანებს არ ეხმარება და ქვეყანა უკან მიდის. აქ კოვიდთან დაკავშირებით როცა დაგვკეტეს და არ გვამუშავეს,  ვისაც საბუთები წესრიგში გვაქვს, სახელმწიფოსგან დახმარება გვეძლეოდა; თავიდან 800 ევრო მოგვცეს და მერე 553 გვაძლევდნენ, რადგან სახელმწიფომ გაგაჩერა. შვილებს ამაზე ვეუბნებოდი. ამ დროს ჩემი შვილი მანდ პოლიციაში მუშაობდა, - დედა შენ მაგას იძახი, ჩვენ გვითხრეს ას-ორას ლარს მოგცემთ და ისიც კაპიკი არ მოუციათო. ბერძნები იმიტომაც შეგვიძლია დავაფასოთ, რომ უცხოელებზეც ფიქრობენ. პირველ რიგში თავის ერს წინ აყენებენ და მერე შენ, უცხოელსაც არ გადაგაგდებენ. ჩემი უფროსისთვის თუ რამე საყვედური მითქვამს ბერძენზე, იცით როგორ ლამაზად მიპასუხებს? არა, ეგრე არ არის, შეცდომას უშვებო, - იმ ცუდ გაკეთებულსაც დაიცავს. საქართველოში ასე არ ხდება. ჩვენც ერთმანეთის გატანა, შენარჩუნება რომ შეგვეძლოს, საქართველო ასე არ დაიქცეოდა.

- მთლიანობაში ემიგრანტებისადმი ნორმალური დამოკიდებულებაა?

- დიახ და მთავარია არ მოიპარო. ქურდობა, ტყუილი არ უყვართ. ერთმანეთში ლაპარაკობენ, მაგრამ შენ რომ ტყუილი თქვა არ გაპატიებენ. სასჯელს კი არ დაგაკისრებენ, ის პიროვნება აღარ იქნები, რაც მანამდე მათ თვალში იყავი. სხვათა შორის, სხვა ქვეყნებში მომუშავე ემიგრანტებთანაც კონტაქტი მაქვს; რობოტულ ცხოვრებას ეწევიან, სამსახური და სახლი, იქ გართობა არ არსებობს. მათგან განსხვავებით, საბერძნეთში თავისუფალი ცხოვრებაა; ანუ შეგიძლია ნებისმიერ საათზე გარეთ იყო, სასეირნოდ ან სასმელზე გახვიდე, არავინ მოგედავება. ამ მხრივ ცხოვრება შეზღუდული არ არის და მთავარია კარგი ადამიანი იყო.

გელა მამულაშვილი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია