მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„გემუდარებით, გადავარჩინოთ ბავშვები!“ - 20 ოქტომბერი 2023

 

„აზერბაიჯანელ გოგონებს მსგავსი ისტორიები გვაქვს, გვიწევს ბრძოლა სხვებიც გადავარჩინოთ, 14-15-16 წლის ასაკში არ მოვიდნენ ჩვენთან და გვითხრან - მინდა ჩემი შვილისთვის ცოლად მოგიყვანო“

ჟურნალისტიკა ყველაზე მოკლე გზაა დიდი ცვლილებების გამოსაწვევად. გაბრიელ გარსია მარკესი ჩვენ სამყაროში უძლიერეს პროფესიად მიიჩნევდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა თავისუფალი რეპორტიორის ძალისხმევა ადამიანის (სოციალური ჯგუფების) უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.

კორუმპირებულ მთავრობას (არაფორმალური მმართველობის ქვეშ) ეშინია დამოუკიდებელი მედიის, რადგან „არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს“. ამიტომ ცდილობს ახალ-ახალი რეგულაციებით თავისუფლების კუნძულის მოხრჩობას. მაგრამ ამ ბრძოლაში თავისუფალი პრესა ყოველთვის გამარჯვებული გამოსულა - ახლაც ასე იქნება.

სამირა ბაირამოვა სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტია ქვემო ქართლიდან. წლებია ცდილობს რეგიონული პრობლემების გამოაშკარავებას და ცნობიერების ამაღლებას. ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ ბოლო წლებში საქართველოს აზერბაიჯანულ თემში სამოქალაქო აქტივობა სულ უფრო მატულობს.

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 28 წლის ქმარი 14 წლის ცოლს, აითაჯ შაჰმაროვას იმის გამო კლავს, რომ დმანისიდან გატაცებულ არასრულწლოვანს მასთან ოჯახში დარჩენა არ უნდა. მანამდე მთელი ორი თვე მასთან „არარეგისტრირებულ ქორწინებაში“ იმყოფება. კლავს იმიტომ, რომ მას ადამიანად არ თვლის, მის საკუთრებაში მყოფი „ნივთია“, მეტი არაფერი.

ამ რეპორტაჟის მომზადებისას სამირა ბაირამოვას ვთხოვე, ტრაგიკულ ფაქტზე (სრული სურათისთვის) მისი ბოლო ფეისბუქ სტატუსებიც გამომეყენებინა. პირველის შინაარსი ასეთია:

სამირა: „დღეს აითაჯისთვის გამართულ აქციაზე ვნახე ეს პატარა თოჯინა და სიმბოლურად წამოვიღე - მის ცხოვრებას და მისივე მკვლელებთან ბრძოლას გამახსენებს. თემი კი არა, გინდ მთელი დედამიწა შემეწინააღმდეგოს მაინც შევეჯახები, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს. უბრალოდ მინდა იცოდეთ როგორი პრინციპული ვარ ამ თემაზე, მიზეზზეც ოდესმე დავწერ… მაშინ უკეთესად გამიგებთ!“

უფლებადამცველს ვთხოვ კიდევ ერთხელ დაგვისახელოს ის კონკრეტული მიზეზები, რამაც მორიგ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. სამირა ბავშვთა ქორწინების (კომპლექსური პრობლემის) რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

„დავიწყოთ ოჯახიდან, არ ვიცოდით რა პირობებში ცხოვრობდა და იზრდებოდა. უპირველესი პასუხისმგებლობა მშობლებზეა, მათი მხრიდან ზრუნვაზე. სამწუხაროდ, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ვერ შესრულდა. მძიმე სოციალურმა პირობებმა, ადამიანების დაბალმა მსოფლმხედველობამ, ასევე ხალხში გავრცელებულმა მავნე დამოკიდებულებამ (ტრადიციას შეგნებულად არ ვამბობ) ბავშვის გათხოვება განაპირობა. ფიქრობდნენ, რომ ეს მათთვის ერთ-ერთი გამოსავალი იყო.

მეორე ადგილზე სკოლაა. იცოდნენ, რომ აითაჯი ჯერ კიდევ 13 წლის იყო დანიშნული, იქ არც დადიოდა. ნიშნობის შემდეგ აითაჯი მივიდა, კლასელებს, მასწავლებლებს შოკოლადი მიუტანა, ნიშნობა ასე აღნიშნეს. სკოლამ უმსგავსობაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. აღმოჩნდა, რომ თვითონ დირექტორმაც მოსწავლე მოიყვანა ცოლად პატარა ასაკში. როგორც ჩანს, მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, ხელს უწყობდნენ ნაადრევ ქორწინებას. აითაჯის გარდა, ამ სკოლაში სხვა ბავშვებიც ყოფილან, ვინც ნაადრევ ასაკში გაუთხოვებიათ.

ამ ფაქტორებს კიდევ ფარავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. რატომ ცხოვრობენ ადამიანები მძიმე სოციალურ პირობებში, არ ხორციელდება პროექტები თემში, სოფელში მცხოვრებთა განსავითარებლად... იქ რთული პირობებია, განვითარებისთვის, სოციალიზაციისთვის შესაძლებლობა არ არსებობს. ელემენტარულად სახელმწიფო ენა არ იციან. სხვადასხვა ადგილებში ექსკურსიებზე, გასართობ ცენტრებში ვერ დადიან. სოფელში არ არსებობს პარკი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა ადამიანი გავიდეს და სხვაგან მაინც მიიღოს სერვისი. სოციალური პრობლემები, ჩაკეტილობა ხელს უწყობს მსგავსი ტრაგედიების დატრიალებას.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სხვანაირადაც დგას. რატომ არ ევალება დირექტორს და მასწავლებელს, რომ არაფორმალურ განათლებაში ჩართული იყვნენ? მიაწოდონ აუცილებელი ინფორმაცია ბავშვებს, შესაბამის უწყებებს თუ რა ხდება აღნიშნულ სკოლაში. რატომ არ მიაწოდეს ეს ინფორმაცია? ესეც პედაგოგის დაბალი ცნობიერებიდან მომდინარეობს.

გარშემოც იცოდნენ, რომ ბავშვი სკოლაში არ დადიოდა. მშობლებმა შვილი გაათხოვეს და აქ უკვე საზოგადოებას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდოს. ისიც ვიცით, ტრადიციულად სოფელში (თემში) ისე ხდება, რომ მძიმე დანაშაულის შემთხვევაშიც კი არავინ ჩივის, პოლიციასთან თანამშრომლობისგან თავს იკავებენ. - არ უნდა მივიდე იქ, შარში არ უნდა გავეხვიო, - დაკითხვა და სამართლებრივი პროცესი მათთვის ურთულესია. ყველაფერს ბავშვის მკვლელობამდე მივყავართ“.

შეგვიძლია თუ არა ოჯახთან მიმართებაში მთავარ მიზეზად სოციალური მდგომარეობა დავასახელოთ? სამირას თქმით, მდგომარეობას ოჯახში აითაჯის მშობლებს შორის კონფლიქტიც ამძიმებდა, რაც განქორწინებით დამთავრებულა:

„მუდმივმა კონფლიქტებმა სხვა ტიპის პრობლემები გამოიწვია. ღარიბი ოჯახისთვის გათხოვების მიზეზია, რომ აითაჯი ქმართან უკეთეს პირობებში იცხოვრებდა; რადგან მეორე მხარე მდიდარია, საკმაო ოდენობით საქონელი ჰყავთ. მათთვის ბედნიერება მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობით იზომება. არ ფიქრობენ, ბავშვს იმ ოჯახში ცხოვრება საერთოდ უნდა თუ არა, თანახმაა თუ არა სწავლა შეწყვიტოს. არავინ ეკითხება - შენ რა გინდა. დედამისი ძალიან მკაცრი ადამიანი ყოფილა. როგორც ჩანს, აითაჯს შიშისა და მუქარის ქვეშ უცხოვრია“.

სამირას სტატუსებიდან: „წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს სექსუალურ ობიექტად უყურებს? წარმოგიდგენიათ გოგონების მდგომარეობა სკოლაში? პირდაპირი რისკის ქვეშ არიან და ერთსა და იმავე სივრცეს იზიარებენ პოტენციურ პედოფილთან. მასწავლებელი ქორწინდება მოსწავლეზე და წყვეტს განათლებასთან მის კავშირს. საზოგადოება ამის გამპროტესტებელს გმობს და არ უჩივის შესაბამის დაწესებულებებს, სკოლის დირექტორს. განათლების სისტემა ბავშვს დევნის, საბოლოოდ აძევებს სკოლიდან და ანაცვლებს პედოფილით, როდესაც მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ერთი წლის წინანდელ ფაქტსაც ისევ სკოლა მალავდა. მანამდე მასწავლებლები რეგულარულად მირეკავდნენ და ინფორმაციას მაძლევდნენ, სკოლაში ნაადრევი ქორწინება ან მოტაცება თუ ხდებოდა. მერე ისე კერავდნენ ყველაფერს, არავინ ისჯებოდა და ადგილიდან აღარ მატყობინებდნენ საგანგაშო ფაქტზე - მეუბნებოდნენ, რა აზრი აქვს, მაინც არაფერი ხდება, არავინ ისჯება და პირიქით ჩვენ კედელთან გვაყენებენ, რომ ვინ გააჟღერა, ვინ გადაიტანა ეს ფაქტი გარეთ…“

სამირა, ხშირად სკოლის მხრიდან დანაშაულის ხელშეწყობას ახსენებთ...

- დიახ, დირექტორმა 2015 წელს აქვე პედაგოგად მუშაობისას მოსწავლე ცოლად მოიყვანა. ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. პარალელურად, დმანისის საკრებულოს წევრია და პრობლემის შემთხვევაში პოლიტიკურადაც შეუძლია მოგვარება. ფიქრობს, რომ დირექტორობა და დეპუტატობა ბევრი რამის უფლებას აძლევს, რაც მოესურვება ის გააკეთოს. არც რესურსცენტრს, არც განათლების სამინისტროს და სხვა უწყებებს (სოციალურ მუშაკს)  არ შეატყობინა ფაქტის შესახებ. მშობელთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რაც თანამდებობის ბოროტად გამოყენებაა. ეტყობა დედას შეჰპირდა, სანამ სკოლის დირექტორია დაიცავს და პრობლემა არ შეექმნებოდა. შედეგიც სახეზეა, ბავშვი წლის განმავლობაში სკოლაში სულ ორჯერ მისულა.

მაინც სად არის ამ დროს საზოგადოების პასუხისმგებლობა? ისევ სამირას სტატუსიდან დავიწყოთ:

„ჩვენი თემიდან არც ერთმა დეპუტატმა, მაღალი თანამდებობის პირმა (სკოლის დირექტორზე ვთქვით), 2-3-ის გარდა არც ერთმა მასწავლებელმა, ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ხალხმა ჩვენი თემიდან (რამდენიმეს გარდა), რელიგიურმა პირებმა ხმა არ ამოიღეთ 14 წლის გოგოს ამბავზე, გესმით ხომ რასთან გვაქვს საქმე? და ფიქრობთ ყველასთვის სამაგალითო იქნება და არ მოხდება კიდევ? ცდებით!

საჯარო სამსახურის ხალხი კიდევ გასაგებია. სად არიან ამ დროს სამოქალაქო სექტორის დანარჩენი წარმომადგენლები? ვერ წარმოიდგენთ, რა რთულია ამ თემაზე ჩემთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის თემთან შეჯახება. განა არ ვიცით დუმილი, არ ვხედავთ საფრთხეს, განა ჩვენ არ გვყავს ოჯახი, არ გვყავს თანამდებობის პირი მეგობრები (ურთიერთობა არ გაგვიფუჭდესო), განა არ გვიყვარს კომფორტი და სიმშვიდე? გვინდა, გვყავს, მაგრამ სინდისი არ გვასვენებს! ამიტომ არც ვბრაზდები თქვენზე; რადგან ვიცი ყალბი, მატყუარა, არაადამიანი ხართ, თქვენი დროც მოვა და თქვენზეც ამოვიღებთ ხმას იცოდეთ!“

უფლებადამცველს ვეკითხები, დანარჩენი სოციუმის მხრიდან ელემენტარული პასუხისმგებლობის გამოვლენას რა ეშველება?

„რა გითხრათ, თუ მსგავსი ამბავი ხდება, სულ დამალვას ცდილობენ. ერთ სოფელში, თემში ცხოვრობენ, ნათესავები არიან, სამომავლოდ პრობლემის შექმნა არ სურთ. კონფიდენციალურობის დაცვაშიც დარწმუნებული არ არიან, თუკი ვინმეს მიმართეს. ეშინიათ, მერე მათი სახელი გაჟღერდება. ასევე, სხვის პრობლემაში მე რატომ უნდა ვიყო ჩართულიო და ა.შ. ეს ყველაფერი საზოგადოების თვალს ბოლომდე ხუჭავს. სოციალურად მძიმე პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის კი მთავარია იყოს ქორწილი და მნიშვნელობას არ ანიჭებენ ეს რა ასაკში ხდება. მთავარია იყოს ბედნიერება, რაც ოჯახის შექმნასთან ასოცირდება“, - მეუბნება სამირა. 

აქვე მაინტერესებს, რეგიონში არასრულწლოვანის დაქორწინების შემთხვევები მცირდება თუ არა? სამირა მიყვება:

„15 წელია რეგიონში დღე და ღამე, შაბათ-კვირასაც ვმუშაობ - ოჯახი, უბანი, სოფელი, ჩაიხანა არ დარჩა, სადაც არ შევსულვარ. ეს ყველაფერი პროექტების გარეშე იყო, ჩატარებული შეხვედრების, ტრენინგების რაოდენობა არ მახსოვს. ამაზე უარესებიც მომხდარა და მოხდება. 2009-2011-ში შუაღამისას ათობით ადამიანი მოდიოდა ჩემთან საქმის გასარჩევად. მაშინ ცენტრალური მედია და ორგანიზაციები რეგიონში თითქმის არ იყვნენ, არც იციან იქ რეები ხდებოდა. უნივერსიტეტში მოსიარულე გოგოს პირდაპირ ბოზს უძახდნენ, დამალული ნომრებიდან ისეთ დამამცირებელ წერილებს მიგზავნიდნენ. არაერთხელ პოლიციას მივმართე, მაგრამ ისინი ჩემით უფრო ინტერესდებოდნენ, ვიდრე უმძიმესი პრობლემით. არაერთხელ დამცინეს, როდესაც ნაადრევ ქორწინებაზე ხმას ვიმაღლებდი.

იცით ჩემ გარშემო რამდენმა განათლებულმა, განვითარებულმა ბიჭმა არასრულწლოვანი გოგო მოიყვანა ცოლად? განათლების, სამოქალაქო სექტორშიც ბევრნი არიან. ფიქრობთ ამ შემთხვევიდან ისწავლიან რამეს? არაა… დღეს დამნაშავე ბიჭის თანასოფლელთან ვსაუბრობდი. ბოლოს მეუბნება - იმ გოგომ თავისი და ბიჭის ცხოვრება გაანადგურა, ბიჭი რა შუაშია, თუ გოგოს ოჯახი თანახმა იყო, რატომ დააკავესო… მშობლებს უფლება აქვთ და  გაათხოვეს, შენ ან სხვები კი არ ზრუნავდით დღემდე იმ ოჯახზე და, საერთოდ, ამაზე ლაპარაკის უფლებაც კი არ გაქვთო; ბიჭთან არაერთი ფოტო აქვს, ერთად თბილისში კაფეშიც იყვნენ, ყველაფერი კარგად იყოო; ის გოგო ხომ ღარიბი ოჯახიდან იყო, მეფესავით იცხოვრებდა ამ ოჯახშიო; ასეა, უნახავს რამეს რომ აძლევ, მერე ასე იქცევაო და ასე შემდეგ დაუსრულებლად. აი ასე ესმით ამ ადამიანებს უბედურება, ნაადრევი ქორწინების შემცირებაზე მეკითხებით. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი არასრულწლოვანი გოგო წაიყვანეს სხვა ქვეყანაში, იქ ამშობიარეს; რამდენი ქალია მარტოხელა, ვითომ არ იცის ვინაა ბავშვის მამა. ყოველთვის პოულობენ გამოსავალს. ადგილობრივი პოლიტიკოსები მოძალადეების მფარველები არიან, პოლიცია მათთან კომპრომისზე მიდის. არიან „სპეციალური ადვოკატები”, რომლებიც გუნდურად საქმეს ისე კერავენ, ბოლოს ისევ მოძალადეს გმირად აქცევენ, იმდენი სათქმელი მაქვს. ასევე, ჩვენ გარშემო ბევრი უფლებადამცველი, მაგარი გოგო-ბიჭები არაერთი მოძალადეს იცავენ“.

კითხვაზე, ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობა ამ საკითხში სიმკაცრეს რამდენად ითვალისწინებს, სამირა მეუბნება:

„ნაკლებად ითვალისწინებს და შედეგიც სახეზეა. მეორე საკითხია, თვითონ მშობლები (თემიც) გამოძიების დაწყებისას არასწორ ინფორმაციას აწვდიან პოლიციას და სამართლებრივი პროცესი შეცდომაში შეჰყავთ. მიდიან და ეუბნებიან, კი გოგო დანიშნულია, მაგრამ ქორწილის გადახდას არ ვაპირებო. რაღაც პერიოდის შემდეგ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. ამის შემდეგ პოლიციას უკვე აღარავინ ატყობინებს, რომ დაწყებულ გამოძიებაზე ეს ადამიანი არასრულწლოვანი შვილის ქორწილს იხდისო. მერე ამ მძიმე პრობლემაზე არავინ საუბრობს. ვიცით რა საზოგადოება ვართ, ვფიქრობთ ცუდ რამეს ვაკეთებთ, როცა სხვის ოჯახს ვანგრევთ - ესეც ხომ კარგ ქცევად არ ითვლება“.

- აქვე მეუღლის ოჯახის პასუხისმგებლობაზეც უნდა ვთქვათ...

- მოტაცებულმა აითაჯმა სამჯერ სახლიდან გაქცევა სცადა, ერთხელ მოახერხა კიდეც სახლამდე მიღწევა. მაშინ დედამისმა უკან ქმრის სახლში დააბრუნა. თავის მხრივ, ისინი ფიქრობენ, რადგან არასრულწლოვანის მშობელი, დედა თანახმაა, ვისი რა საქმეა? რადგან ბავშვი მისია, მთელი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. ხოლო მათ ურჩევნიათ, ბავშვი ოჯახში პატარა ასაკში მოიყვანონ, მერე დედამთილმა თავისივე სურვილების მიხედვით აღზარდოს; სამომავლოდ ოჯახის აბსოლუტურად მორჩილი რძალი იყოს და რამეში არ შეეწინააღმდეგოს. ამ ბავშვებს ერთ სტანდარტზე აყენებენ, ისეთზე, როგორიც თვითონ აწყობთ.

- სამირა, როცა ყველა დონეზე დაბალი ცნობიერების პრობლემებია, გამოსავალი სად არის, რომ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს არ ჰქონდეს ადგილი?

- ურთულესი საკითხია, უკვე წლებია ცნობიერების ამაღლებაზე ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, 16 წლის ასაკში ოჯახის შექმნის უფლება გაუქმდა და პირდაპირ წერია ამისთვის საჭირო ასაკი - 18 წელი. ვფიქრობ, მსგავს ფაქტში თანამონაწილე ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს. იქნებ ამ გზით შემდეგში მაინც რაიმე სახის ცვლილება დავინახოთ. თუ ნიშნობა ხდება, მასში მონაწილეებსაც უნდა დაეკისროს გარკვეული პასუხისმგებლობა. პასუხი უნდა აგოს სკოლის ადმინისტრაციამ, ვითომ არაფერი იცოდა და რეალურად მალავდა დანაშაულს. აღვნიშნე, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურ მხარდაჭერასაც იყენებენ. აქ მკაცრი პოლიტიკა გვჭირდება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.

- ნაწილობრივ კი ვთქვით, მაგრამ ცხოვრების წესს, მენტალიტეტს რა როლი უჭირავს ამ ყველაფერში, აქ როგორ უნდა მივაღწიოთ პროგრესს?

- სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია. არასამთავრობო სექტორი გარკვეულ საქმეებს ვაკეთებთ, სახელმწიფოს პირდაპირი ჩართულობის გარეშე დიდი შედეგების მიღწევა ძალიან რთულია. სამოქალაქო სექტორის პროექტები მუდმივი არ არის, მოკლევადიანია. მუდმივი უნდა იყოს სახელმწიფოს ჩართულობა პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, შევქმნათ მეტი შესაძლებლობები ადამიანის განვითარებისთვის, სოციალიზაციისთვის. ბავშვები ინტერნეტით უყურებენ, რომ მათი თანატოლები უკეთეს პირობებში ცხოვრობენ და მათაც სურთ. ყველაფერი მაინც პიროვნულ განვითარებასთან ბმაშია. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ ვერ შეძლო, ბავშვის, თემის დაცვა. პირიქით, მისი წარმომადგენლები მავნე ტრადიციის გავრცელებას ხელს უწყობენ.

არ ვიცი, ვინ რამდენად ისწავლა გაკვეთილი აითაჯის შემთხვევიდან. როგორც ჩანს, კიდევ არიან განსხვავებული პოზიციების ადამიანები, დიდად არ წუხდებიან. ზოგჯერ სკოლას, სხვა მონაწილეებსაც ამართლებენ. გვიტოვებს განცდას, რომ შეიძლება კიდევ განმეორდეს. ამიტომ საჭიროა ყველა მონაწილისთვის პროპორციული პასუხისმგებლობის დაკისრება. ასეთ დანაშაულზე საპროცესო შეთანხმება არ უნდა ფორმდებოდეს - გადაიხადონ და ციხიდან ადვილად გამოვიდნენ. მსგავსი ფაქტორები უნდა გამოირიცხოს. მაგალითად, ფსიქოლოგიური აშლილობის ცნობას აკეთებენ ადვილად და ამ გზით მართლმსაჯულებას უძვრებიან. გამოსავლის დანახვა მოძალადეს აიმედებს, რომ მსგავს შემთხვევაში თვითონაც ასე მოიქცეს.

უთვალავი შეხვედრა გვაქვს ჩატარებული თვითონ არასრულწლოვანების, მშობლების ცნობიერების ასამაღლებლად. უკვე აღარ ვიცი, ამ პირობებში კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს, ამიტომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, სტანდარტების დაცვა უმნიშვნელოვანესია.

ჩვენ აზერბაიჯანელ გოგონებს ძალიან მსგავსი ისტორიები გვაქვს. ბავშვობისას ბევრი ასეთი სირთულე გავიარეთ, შიშისა და იძულების ქვეშ ვიყავით. თითქმის ერთნაირ წარსულს განაპირობებს, როცა გარკვეულ ასაკში თემი ჩვენსა და განათლებას შორის კავშირის გაწყვეტას ცდილობს, ოჯახის შექმნისკენ გვიბიძგოს. ზუსტად აქ გვიწევს ბრძოლა, რომ გადავრჩეთ, სხვებიც გადავარჩინოთ, რათა სწავლა-განვითარება არ შეგვეწყვიტოს; 14-15-16 წლის ასაკში არ მოვიდნენ ჩვენთან ეს ადამიანები და გვითხრან - მინდა ჩემი შვილისთვის ცოლად მოგიყვანო. ჩვენ ცხოვრებაში ეს მიდგომა არ უნდა დომინირებდეს, ეს არის გზა მოუსავლეთში.

შეუძლებელია სამირასთვის არ მეკითხა, ამ ბრძოლაში როგორც უფლებადამცველს ხელოვნური დაბრკოლებები ხომ არ ექმნება. მეუბნება, რომ სამოქალაქო აქტივიზმის დაწყების შემდეგ სულ აქვს დიდი თუ მცირე პრობლემები - „თუნდაც ახლა ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობისას ჩემს მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს“:

„ისე უყურებენ, თითქოს ამ ბრძოლით საკუთარი თემი უფრო შევარცხვინე. პრობლემის შინაარსს ყურადღებას არ აქცევენ, სამწუხაროდ. აქცენტია, რომ ჩვენი თემის წარმომადგენლები მედიის ყურადღების ცენტრში არ უნდა მოვხვდეთ. არადა, ეს მავნე პრაქტიკაა და ოდესმე უნდა დასრულდეს! ადამიანის, ბავშვის ცხოვრება, მისი სიცოცხლის უფლებაა და აქ გაჩუმება გამორიცხულია! ამ დროს მართლა არ მაინტერესებს თემის „სახის გაფუჭება“ და მისთანები. დღესაც ამ უმწეო ბავშვებს კლავენ და ამ ფონზე სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია“.

- ხელისუფლების სტრუქტურებთან თუ არის რაიმე ტიპის გართულებები?

- ჩემი მხრიდან არა, ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს პრობლემა ჩემთან, როგორც აქტიურ მოქალაქესთან. არ მოსწონთ მოქალაქეებზე რეალურ ზრუნვას რომ მოვითხოვთ. შესაბამისად, ჩემნაირი ადამიანები მათთვის არასასურველია. ასევე, არიან სხვადასხვა რადიკალური ჯგუფები, რომელთათვისაც არასასურველი ვარ. მათთვისაც მიუღებელია საქართველოში ეთნიკური-რელიგიური, თუნდაც სექსუალური უმცირესობების არსებობა, თანაბარ უფლებებზე საუბარი.  

საინტერესოა, აითაჯის მკვლელობაზე ადგილობრივმა პარლამენტარებმა თუ ამოიღეს ხმა? უფლებადამცველის თქმით, ეს არ მომხდარა, რადგან მათთვისაც ნაადრევ ქორწინებაზე ლაპარაკი მიუღებელია:

„მათი აზრით, ამ თემაზე თუ ილაპარაკებენ, რეპუტაციას დაკარგავენ. რეგიონში დიდი სახელი ისედაც არ აქვთ და ჩემ მიმართ, სხვა აქტიური გოგონების მიმართ ჭორებისა და ტყუილების გავრცელებას ცდილობენ. თითქოს ნაადრევ ქორწინებაზე საუბრით თემს ზიანს ვაყენებთ და ჩვენ წინააღმდეგ იარაღად იყენებდნენ. ახლა ხმას ვეღარ ამოიღებენ, რადგან კითხვებს იქით შეუბრუნებენ - ამ დონეზე დაბალი ცნობიერების ადამიანებთან გვაქვს საქმე.

ჩემი წინადადებაა, რომ ისევ თემი ყურადღებით უნდა ვიყოთ. არ აქვს მნიშვნელობა ქართველები ვიქნებით, აზერბაიჯანელები თუ სომხები, ერთმანეთს ისევ ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ცხოვრების პირობების გაუმჯობესება (მათ შორის უმცირესობებში) მთავრობას უნდა მოვთხოვოთ. ასევე, უთანასწორობას, უსამართლობას, დისკრიმინაციას ვებრძოლოთ. ჩვენი ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს კარგი საბავშვო ბაღები, სკოლები, სოციალიზაციისთვის კულტურის სახლები, სხვადასხვა წრეები და ა.შ. ეს უფლებები გარანტირებული უნდა იყოს“, - დასძენს სამირა ბაირამოვა.     

ბოლოს სამირას რჩევით, მისივე კოლეგა და ჟურნალისტ ჩინარა კოჯაევას პოზიციასაც გიზიარებთ. კიდევ ერთი დასტურია, რომ „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“:

„მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს.

სკოლიდან დაბრუნებულს, მოულოდნელად სახლში სტუმრები დამხვდნენ, ჩემი ხელის სათხოვნელად იყვნენ მოსულები.

ვინ მომისმინა მაშინ ოჯახში?!

დეპრესიაში რომ ვიყავი, ვის ესმოდა ჩემი ტირილის მიზეზი?!

ჩემგან ვერასდროს გაიგებდით, რომ გათხოვება მინდოდა! ვლაპარაკობდი სწავლაზე, პროფესიის შეძენაზე, ჩემს ოცნებებზე და უცბად ეს ყველაფერი უმნიშვნელო გახდა.

მშობლებიც საზოგადოების მსხვერპლები არიან! მათ ჰგონიათ, რომ როდესაც ათხოვებენ შვილს, ის პატრონს ჩაბარდება და ბედნიერი იქნება.

სინამდვილეში ეგრე არ არის.

ცხოვრება არავის უნდა გადაუწყვიტო ასე! არავის აქვს უფლება, შენს გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უნდა შექმნა ოჯახი, რომ უნდა იცხოვრო ადამიანთან, ვინც არც გიყვარს, არც მოგწონს და საერთოდაც გაღიზიანებს!

მე ვერ შევძელი ჩემზე დანიშნულის მოწონება. წარმოიდგინეთ და ეს ვცადე, მაგრამ ვერ... ვცადე იმიტომ, რომ გადაწყვეტილი ამბავი იყო ოჯახის შექმნა.

და განა რა ოჯახი უნდა გამოსულიყო?!

14 წლის რომ ხარ, ეს როგორ უნდა გადაიტანო! ვერ შეძლებ ამ ტვირთის  ტარებას! მოკვდები! სულით და ხორცით დაეცემი!

ჩვენ ის გოგოები ვართ, ვისაც ბავშვობას გვართმევენ და უნდათ რომ ვიღაცის მონები გავხდეთ.

არა!  ხმას კიდევ ერთხელ ამოვიღებ! ყოველთვის ვიტყვი,  რომ ეს არ შეიძლება! პირველ რიგში მშობლებს მივმართავ - გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ იძალადებთ, ნუ გასწირავთ საკუთარ შვილებს უბედურებისთვის!

ჩემი ისტორია იცით, მაშინ ქართული ენის მასწავლებელი დამეხმარა, მაგრამ პოლიციელებმა რომ მითხრეს, მამას 5 წელი ჩასვამდნენ ციხეში, ვერ გავბედე და აღიარებითი ჩვენება ვერ მივეცი.

მამას განემარტა, რომ 18 წლამდე მიუღწეველ პირთან იძულებითი ქორწინება მკაცრად ისჯებოდა და ისიც გაფრთხილდა. მეც იმედი მქონდა, რომ თავი დავაღწიე პრობლემას, მაგრამ უკვე მეორედ, 17 წლის ვიყავი, სულ რაღაც ერთ თვეში ვხდებოდი 18-ის, ქორწილი იგივე ადამიანთან რომ ჩანიშნეს.

ყველაფერი მზად იყო - კაბა, ბეჭდები, სუფრისთვის სურსათი, ბანკიდან ვალები გამოიტანეს ჩემებმა, დაპატიჟებულები იყვნენ სტუმრები.  

და მე ისევ თავი დავიცავი!..

ქორწილამდე 4 დღით ადრე, შსს-თანამშრომლებმა წამომიყვანეს ჩემი სოფლიდან, სადაც  ადრეულ ასაკში ათხოვებენ გოგოებს.

იქ, ჩვენთან, როდესაც ვხდებით 13-14-15 წლისები, მშობლები წყვეტენ, ვისზე და როდის უნდა გაათხოვონ შვილები.

რა თქმა უნდა, მათი გადაწყვეტილების იქით ვერ წავალთ.

რთულია ძალიან.

რაც წამოვედი ჩემი ოჯახიდან, ძალიან რთული გზა გავიარე. დღემდე ბრძოლაში ვარ, გადარჩენისთვის ვიბრძვი.

ერთდროულად მომიწია იმდენი პრობლემის გადალახვა, ხანდახან არც მჯერა, რომ ეს იმ შეშინებულმა ჩინარამ შეძლო! თითქოს სხვა ადამიანად გადავიქეცი.

ცხრა წლიანი სკოლის დამთავრების მერე განათლების მიღებაში წყვეტა მქონდა.

ოჯახიდან წამოსვლის დროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თავშესაფრის პროგრამით, სამი წლის მასალა ქართულად ვისწავლე 9 თვის განმავლობაში იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდებისთვის მოვმზადებულიყავი.

პირველ წელს ვერ ჩავაბარე, მაგრამ მეორე წელს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, წელს მესამე კურსზე გადავედი.

ქართული უკვე მართლა ძალიან კარგად ვიცი.

თავისუფლად შემიძლია, ჩემი გამოცდილება გავუზიარო სხვა გოგოებს, რომლებიც იმ დროს, როცა მამაჩემი დააკავეს, მწერდნენ, შენი საქციელი გმირობის ტოლფასია, რადგან ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ვერ შევეწინააღმდეგებით ამხელა პრობლემასო!

გული მისკდებოდა და მისკდება ახლაც, რომ მამაჩემმა ერთი წელი გაატარა ციხეში.

უბრალოდ, მართლა არ ვიცი, რა უნდა მექნა! ვერ შევძელი და ვერ გადავარწმუნე ჩემი ოჯახი და ნათესავები, რომ არ მინდოდა გათხოვება და არ მინდოდა იმ ადამიანზე!

მას მერე, იმდენი რამე გადავიტანე! ალბათ ერთ დღესაც ავდგები და წიგნს დავწერ.

მანამდე კი მინდა, რომ ხშირად შევძლო იმ გოგოების მხარდაჭერა, რომლებისთვისაც ჯოჯოხეთი იწყება 12-13 წლის მერე!

მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ!

ჩაუტარეთ ტრენინგები უფროს თაობას ჩვენს თემში, სკოლის მასწავლებლებს...

სოციალურმა მუშაკებმა და სამართალდამცველებმა იარონ სოფლებში და გაიგონ სიტუაცია, იქნებ რომელიმე 14 წლის გოგო გაათხოვეს, მოიტაცეს და სადაცაა, მოკლავენ!

გემუდარებით, გადავარჩინოთ ბავშვები!

ვაპირებ, რომ ამ თემაზე სულ უფრო მეტი ვისაუბრო როგორც აქ, სოციალურ სივრცეში, ისე ფიზიკურ გარემოში.

გოგოებო, თუ რამეში დახმარება დაგჭირდებათ, გპირდებით, მარტო არ დაგტოვებთ ამ ჯოჯოხეთში!

საქართველოში, ჩემს გარშემო, უამრავი ადამიანია, ვისაც შეუძლია, რომ თქვენს მხარდაჭერაში ძალა არ დაიშუროს

აქ ვარ ჩემი გამოცდილებით, გამბედაობით, სირთულეების გადალახვის უნარით და სისუსტითაც, რომელიც ძალიან ადამიანურია და რომლის გამო კიდევ უფრო კარგად მესმის თქვენი.

მზად ვარ ჩავატარო ტრენინგები ყველა რეგიონში და ჩავერთო პროექტებში თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა, მზად ვარ ამ თემაზე ვისაუბრო დაუსრულებლად, მთელი სიცოცხლის მანძილზე და დავეხმარო იმ ადამიანებს ვისაც დახმარება სჭირდება, ვისაც კლავენ სულით და ხორცით“, - ამბობს ჩინარა კოჯაევა.

სტატიისთვის ამაზე უკეთეს დასკვნას ვერაფრით დავწერდი. და მაინც, ჩვენ ქვეყანაში, დედაქალაქიდან სულ რამდენიმე კილომეტრში ადამიანებს (ბავშვებს) სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის ყოველდღიური სასტიკი ბრძოლა უწევთ. მათ და უფლებადამცველებს ძლიერი თანადგომა სჭირდებათ, რათა პერიოდულად არასრულწლოვანთა საზარელი მკვლელობების წინაშე არ აღმოვჩნდეთ უმწეოდ თავჩაქინდრული. ეს ის გზა არ არის, რომელიც ჩვენ ყველას თავისუფლების ტაძრამდე მიგვიყვანს.

გელა მამულაშვილი

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია