მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ოზონის შრე სასიცოცხლო ფარია, რომლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა“ - 05 დეკემბერი 2023

„კონდიციონერის ყიდვისას ფრეონს ყურადღება მივაქციოთ, რომ R-22 ნომრით არ იყოს წარმოდგენილი - დაზიანებისას სერტიფიცირებული ტექნიკოსი გამოვიძახოთ“

ყოველწლიურად ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ერთ-ერთი ბოლო გზავნილია - გლობალური თანამშრომლობა დედამიწაზე  სიცოცხლის დასაცავად. 1996 წელს საქართველო შეუერთდა მონრეალის ოქმს, რომელიც ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური დახმარებითა და UNDP-ის, UNEP-ის, UNIDO-ს მხარდაჭერით წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს.

ჩვენი ქვეყნის ძირითადი მიღწევა არის ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების საერთაშორისო ვალდებულებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე შემცირება, რისთვისაც შემდეგი მნიშვნელოვანი ქმედებები განხორციელდა:

ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტ/ექსპორტის რეგულირების სისტემის შექმნა - იმპორტ/ექსპორტის სანებართვო და კვოტირების სისტემა, 226 გადამზადებული მებაჟე, საბაჟო უწყების ტექნიკური აღჭურვა იდენტიფიკატორებით; სამაცივრო სექტორში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა - 1400-ზე მეტი გადამზადებული მემაცივრე ტექნიკოსი, ტექნიკოსების აღჭურვა მაცივარ აგენტების შეგროვებისა და საუკეთესო პრაქტიკით მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოებით. ტექნიკოსთა სავალდებულო სერტიფიცირების და ანგარიშგების სისტემა.

20-მდე საწარმომ მიიღო დახმარება ალტერნატიულ ტექნოლოგიაზე გადასვლისთვის; შეიქმნა გამოყენებული ოზონდამშლელი  ნივთიერებების შეგროვება/რეციკლირება/აღდგენის სისტემა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი ადასტურებს, რომ ოზონის შრე სასიცოცხლო ფარია, რომლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა - ადამიანებით დასახლებული ნამდვილად ვერ იქნებოდა. მისივე თქმით, ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენციას უნივერსალური რატიფიკაცია აქვს, გაეროს ყველა ქვეყანა ხელშეკრულების მხარეა: 

„საბედნიეროდ, სამაცივრო-საყოფაცხოვრებო ტექნიკაში ოზონდამშლელი ნივთიერებების მწარმოებელი თითქმის აღარ დარჩა. ამგვარი ჰაერის კონდიციონერები ჯერ კიდევ არის და როცა ვარჩევთ, ე.წ. ფრეონს (მაცივარ-აგენტებს) ყურადღება უნდა მივაქციოთ; რათა ეს მაცივარ-აგენტი R-22 ნომრით არ იყოს წარმოდგენილი. დღეს ერთადერთი  ოზონდამშლელი მაცივარ-აგენტი, რომელიც საქართველოში მოიხმარება, R-22-ია. არ შევიძინოთ და მეორეა, დაზიანებისას სერტიფიცირებული ტექნიკოსი გამოვიძახოთ; იმგვარად მოემსახუროს, რომ  ნივთიერებები (ოზონ უსაფრთხო) არ გააფრქვიოს. ადვილად აალებადია და შეიძლება აუფეთქდეს, თუკი ტექნიკოსი პროფესიონალი არ არის. კიდევ ტოქსიკური ნივთიერებებია, მაგალითად ამიაკმა შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს“. 

მეგრელიშვილის თქმით, მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტია, რომ ეს მაცივარ-აგენტები ძალიან მდგრადები არიან - ადიან სტრატოსფეროში (სადაც ოზონის შრეა) და ერთ ქლორის ატომს შეუძლია ათასობით ოზონის მოლეკულა დაშალოს. მისივე ინფორმაციით, ამ აღმოჩენისთვის მეცნიერ როულენდს და მოლინას ნობელის პრემია გადაეცათ: „რაც მთავარია, მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს, თუ რა ოდენობითაა ატმოსფეროში ეს ნივთიერებები. თვითონ ოზონის შრეზეც უწყვეტი დაკვირვება მიმდინარეობს“.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მონრეალის ოქმმა ხმარებიდან ოზონდამშლელი ნივთიერებების 98 პროცენტი ამოიღო, ოზონის შრის აღდგენის ბუნებრივი ტენდენციები შეინიშნება. მეგრელიშვილი იმედოვნებს, 2030 (საბოლოოდ 2040) წლისთვის ამ ნივთიერებების მოხმარება საბოლოოდ რომ შეწყდება, აღდგენის შეუქცევადი პროცესი დაიწყება: „მონრეალის ოქმმა კაცობრიობა ერთ დიდი საფრთხისგან იხსნა. ალბათ გაეროს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ხელშეკრულებაა, რამაც პრობლემა თითქმის მოხსნა. ოზონდამშლელი ნივთიერებების წარმოება თითქმის შეწყვეტილია - განვითარებადმა ქვეყნებმა მოხმარება 2030 წლისთვის მაქსიმალურად უნდა გავანულოთ“.

საქართველოში ოზონის შრეზე პასუხისმგებელი პირი ამბობს, რომ ხშირად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას და ოზონის შრეს ერთმანეთში ურევენ - პირდაპირ კავშირში არ არის. მისივე თქმით, სამხედრო კონფლიქტებიც ჰაერის, გარემოს დაბინძურებას, ათას უბედურებას იწვევს:

„ასევე, ომის დროს შეიძლება ძალიან მსხვილი სამაცივრო სისტემებიც დაზიანდეს და სახიფათო ნივთიერებები ტონობით გაიფრქვეს. სამაცივრო სისტემას მთელი მსოფლიო მოიხმარს. ამის გარეშე პრაქტიკულად დარგი არ არსებობს - სამედიცინო, კვების, ტურისტული და ა.შ. ამიტომ ეს ნივთიერებები მსოფლიოში დიდი რაოდენობით მოიხმარება, იფრქვევა. ხშირად მოძველებული ტექნიკიდან გაჟონვებია, ან როცა არასწორად ვემსახურებით“.   

მეგრელიშვილის განმარტებით, ვალდებულებების შესრულებაში ბევრი უწყება, უპირველესად საბაჟო სექტორი ჩართულია. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ოზონდამშლელი ნივთიერება არ იწარმოება და სრულად იმპორტზე ვართ დამოკიდებული - მნიშვნელოვანია ეს პროცესი გაკონტროლდეს:

„იმპორტ-ექსპორტის სანებართვო სისტემაა შექმნილი. მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეიძლება ქვეყანაში შემოტანა და გატანა, ტრანზიტიც კი ამის საფუძველზეა დაშვებული. ყოველწლიურად მებაჟეების გადამზადება ხდება, რათა ამ ნივთიერებების უკანონო მოძრაობა აღმოაჩინონ. ასევე, ფალსიფიკაციის არაერთი ფაქტი გამოავლინეს. მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდი ჩვენნაირ ქვეყნებს გვეხმარება, რომ ვალდებულებები შევასრულოთ. შეისყიდეს სპეციალური იდენტიფიკატორები, ხელსაწყოები, რომლითაც მებაჟეს შეუძლია ბალონი შეამოწმოს, იქ რა ასხია“.

მისივე თქმით, მთავარი ვალდებულებაა მოხმარება შევამციროთ და საბოლოოდ ამოვიღოთ, შევწყვიტოთ, ანგარიშგება ვაწარმოოთ - ასევე, დიდი რეკომენდაციაა, რომ ჩვენი ტექნიკოსები იყვნენ სერტიფიცირებულები, პროფესიონალური ცოდნა-უნარები ჰქონდეთ.

„გარემო არ დააზიანონ და, მეორე მხრივ, ის ადამიანები, ვისაც ემსახურებიან. მოსახლეობას დავამშვიდებ - ჩვენს მაცივრებსა და კონდიციონერებში ეს ნივთიერება იმდენი არ ასხია, რომ მისმა გაჟონვამ დიდი აფეთქება ან ხანძარი და მოწამვლა გამოიწვიოს. მაგრამ, როცა ტექნიკოსი ბალონით მოდის და არ იცის ეს რა ხიფათის შემცველია, ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. დღეს სამაცივრო სისტემის მომსახურება მხოლოდ სერტიფიცირებულ ხელოსანს  შეუძლია. ასევე, ამ მაცივარ-აგენტების აღრიცხვას (როგორც იმპორტ-ექსპორტის, ასევე მოხმარების) ვაწარმოებთ, რათა სავალალო შედეგები თავიდან ავიცილოთ“, - ამბობს ნოე მეგრელიშვილი.

„2018 წელს გაერომ დაადასტურა, რომ ოზონის შრე აღდგენის პროცესშია და „მონრეალის ოქმი“  გაეროს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ხელშეკრულებაა. 2030 წლისთვის საქართველო საბოლოოდ შეწყვეტს ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების მოხმარებას“, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებაში.

ამ საკითხში, საერთაშორისო თუ შიდა წარმატებული თანამშრომლობა სხვა დარგებისთვისაც სამაგალითო უნდა გახდეს. ყველა დედამიწის შვილები ვართ და მისი მოვლა-პატრონობა თითოეული ჩვენგანის საქმეა - სიცოცხლის გადასარჩენად და დასაცავად.     

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია