მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად - რობინ დანიგანი - 21 თებერვალი 2024

ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

დანიგანის თქმით, იმედი აქვს, რომ მომდევნო წლებში საქართველოს ევროკავშირის წევრად იხილავენ.

ამასთან, როგორ რობინ დანიგანმა აღნიშნა, კმაყოფილია, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში ვიზიტით პირველად ბრიუსელს ეწვია.

„საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მტკიცეა სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების სექტორში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ადამიანებს შორის კავშირები მტკიცეა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე. ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ჩვენ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან. ირაკლი კობახიძე დღეს ბრიუსელში რობერტა მეცოლას და იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში წერს.

ვარჰეი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომას ეხმაურება.

„შევთანხმდით ჩვენი მუშაობის დაჩქარებაზე, პროგრესი ევროკავშირის გზაზე და ცხრა ნაბიჯის განხორციელება, ადრეული ინტეგრაციის სფეროების განხორციელება (მაგ. როუმინგი და SEPA). ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად“, – აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.

- ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ერთ-ერთი უკანასკნელი არის თქვენი შეთავაზება, შეუერთდეთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმს. ეს უნდა შეთანხმდეს წლის ბოლოსთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ბორელის თქმით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს, როგორ შეუძლიათ, ერთად გააძლიერონ საქართველოს მედეგობა.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, გვყავს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის ჩვენი ყველაზე ხანგრძლივი მისია რეგიონში. ვფიქრობ, ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს თქვენი ხალხისთვის ყოველდღიურად. ჩვენ ასევე საქართველოსთან მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვითი თანამშრომლობა ევროპული მშვიდობის ფონდის საშუალებით, ინჟინერიის, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების მხარდაჭერით, რისთვისაც ამ დრომდე გამოიყო 63 მილიონ ევრომდე. ეს მხარდაჭერა მიმდინარე წელს გაიზრდება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

რა არის ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი?

ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი ევროკომისიამ 2001 წლის ოქტომბერში დააფუძნა. ევროკომისიის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მექანიზმის მიზანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მასში მონაწილე 10 სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სამოქალაქო დაცვის სფეროში კატასტროფებზე რეაგირების, მათი პრევენციისა და მზადყოფნის გასაუმჯობესებლად. მექანიზმის ფარგლებში ქვეყანას შეუძლია, ითხოვოს დახმარება იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო სიტუაცია აღემატება ქვეყნის რეაგირების შესაძლებლობებს.

ევროკომისია საკვანძო როლს ასრულებს სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების კოორდინაციაში და ფარავს სატრანსპორტო და ოპერაციული ხარჯების 75 პროცენტს. ევროკავშირის წევრების გარდა, ამჟამად სამოქალაქო დაცვის მექანიზმში მონაწილეობს კიდევ 10 სახელმწიფო – ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისლანდია, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. დაარსების დღიდან ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმმა მოახდინა ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ დახმარების 700-ზე მეტ თხოვნაზე რეაგირება. ბუნებრივმა კატასტროფებმა საზღვარი არ იციან და შეუძლიათ, მოულოდნელად დაატყდნენ თავს ერთ ან ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას.

როგორც ევროკომისიის ვებგვერდზეა განმარტებული, კარგად კოორდინირებული ერთობლივი რეაგირების ქონა ნიშნავს, რომ როდესაც ეროვნული ხელისუფლება გადატვირთულია, მას აქვს ერთი კონტაქტი და არ უწევს ქვეყნებთან ცალ-ცალკე ურთიერთობა.

ერთობლივი მიდგომა ეხმარება საგანგებო სიტუაციების სამსახურების გამოცდილების და შესაძლებლობების გაერთიანებაში, ძალისხმევის დუბლირების თავიდან აცილებაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ დახმარება პასუხობს დაზარალებულთა საჭიროებებს.

სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაერთიანება უზრუნველყოფს უფრო ძლიერ და თანმიმდევრულ საპასუხო ზომებს. მექანიზმი ასევე ეხმარება ეროვნულ ხელისუფლებებს სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნისა და მათი პრევენციის ზომების კოორდინირებაში, ეხმარება საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაში. როგორც კი რომელიმე ქვეყანა მექანიზმის ფარგლებში ითხოვს დახმარებას, საგანგებო რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი იწყებს დახმარების მობილიზებას. ცენტრი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს და უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების სწრაფ გაგზავნას. მექანიზმის ფარგლებში უმოკლეს დროში შესაძლებელია სპეციალიზირებული ჯგუფების და აღჭურვილობის, მათ შორის სახანძრო თვითმფრინავების, სამძებრო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფების მობილიზება.

2022 წელს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი 106-ჯერ ამოქმედდა ისეთ შემთხვევებზე რეაგირებისთვის, როგორებიცაა ომი უკრაინაში, ტყის ხანძრები ევროპაში, კოვიდ-19, წყალდიდობა პაკისტანში. მექანიზმის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, აღნიშნული ინსტრუმენტის ამოქმედება მათი მოქალაქეებისთვის საკონსულო დახმარების აღმოჩენის მიზნით (მაგალითად, ევაკუაციის ოპერაციებისთვის).

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია