მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პუტინმა ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია, ყველაფერი, რაც ექნება საქართველოს პენიტენციურ სისტემას, კონტროლდება, მათ შორის რუსული სპეცსამსახურების მიერ - მიხეილ სააკაშვილი - 21 თებერვალი 2024

ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ შეგიძლიათ, ეს აიღოთ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საქართველო გაბრწყინდება და სამართლიანობა აუცილებლად აღდგება.

„სპეციალურად მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს. ღმერთის იმედზე ვარ ისევ და თქვენს იმედზე – ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის. ნავალნიზე როცა საუბრობდა პუტინი, ამბობდა, ეს არის რუსული სააკაშვილიო. ნავალნის გვარს არ ახსენებდა. პუტინმა ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია, რადგან ყველაფერი, რაც ექნება საქართველოს პენიტენციურ სისტემას, თავიდან ბოლომდე კონტროლდება, მათ შორის რუსული სპეცსამსახურების მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.

ვაპირებ, მტრის ჯინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, აუცილებლად ვიბრძოლებ თქვენთვის. ჩემთვის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს. ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ ახლა შეგიძლიათ, ეს აიღოთ, შეგიძლიათ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ, როგორც ინსტრუმენტი, თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჩვენს ამოსასუნთქად, სიამაყის, იმედის დასაბრუნებლად. აუცილებლად ასეც განხორციელდება. ყველაფერი გამოგვივა, მაგრად იდექით.

ყველამ იცით, საქართველოს არავინ იცნობდა ჩემამდე, დღესაც ძალიან ბევრი საქართველოს იცნობს, როგორც სააკაშვილის ქვეყანას. ჩემი შვილი იაპონიაში სწავლობდა და ყოველმა მესამე იაპონელმა საქართველოსთან ერთად იცის სააკაშვილი. არ ეწყინოთ დღევანდელ მოღვაწეებს, მაგრამ არცერთის გვარი და სახელი არავინ იცის, ივანიშვილის ჩათვლით. ივანიშვილს მარტო ახსენებენ სააკაშვილთან მიმართებით, როგორც სააკაშვილის მეციხოვნეს. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, საქართველო გაბრწყინდება, სამართლიანობა აუცილებლად აღდგება. დარწმუნებული ვარ, წინ არის საუკეთესო დღეები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

- თქვენ წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და არის. ამას ასამართლებთ, ეს არ არის მარტო ჩემი დაცინვა, ეს არის დაცინვა ქართველი ხალხის და მთელი მსოფლიოსი, რომელმაც ამდენი წიგნი დაწერა, აღფრთოვანდა ჩვენი გამოცდილებით, შთაგონების წყარო გახდა ჩვენი გამოცდილება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მას პრეზიდენტობის დროიდან მხოლოდ პიჯაკები დარჩა.

„არის კონკრეტული თემები, მაგალითად, ტაილანდში იმგზავრა სააკაშვილმა, როგორ გაბედა და ტაილანდში იმგზავრაო. ჩვენ მაშინ მოვიწვიეთ ოკეანის კუნძულების ხელმძღვანელები და დიახ, გადავეცით მათ, მათ შორის, საჩუქრები, საკმაოდ ძვირფასი საჩუქრები, რადგან რუსეთი ამ ხალხს ყიდულობდა. ჩვენ ახლა რუსეთს ვერ შევეჯიბრებოდით, არც იმის ფული მქონდა, ჯიბიდან ამომეღო და მიმეცა მათთვის, ამიტომ ერთადერთი, რაც შეგვეძლო, შევხვედროდით სადმე სადილზე კონფიდენციალურად, რადგან მათაც ეშინოდათ რუსეთის. ამაზე ახლა არ უნდა ვლაპარაკობდეთ, ეს უნდა იყოს გასაიდუმლოებული. დღევანდელი მთავრობის, პრემიერის, პრეზიდენტის ხარჯები რატომღაც გასაიდუმლოებულია. მე ზუსტად ისე ვხარჯავდი რაღაცებს, როგორც ესენი. რატომ არის მათი ხარჯები გასაიდუმლოებული და ჩემი აღარ არის? მე პიჯაკი წავიღე, აგერ მაქვს, გეუბნებოდით, რომ მინდოდა მოცემა და არ წაიღეთ. ამ პიჯაკების გარდა, მე სახლში არაფერი დამრჩენია. სახლიც არ დამრჩა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია