მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ - 23 მარტი 2024

თურმე ორ-სამ წელიწადში ერთხელ გაზის, დენისა და წყლის ტარიფის  გადახედვას სჭირდება წელიწადში 40 მილიონი ლარი, აბსურდია! ათეულ მილიონობით ლარი დაიზოგება და იმათ მოხმარდება, ვისაც ეს ფული სასიცოცხლოდ სჭირდება - რომან გოცირიძე

„რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში.

ჩვენ ახალ ინიციატივებზე საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარეს ვესაუბრეთ.

- პარლამენტის კომიტეტებში ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვა დაიწყო. საკითხი ყოველწლიურად ათეულ მილიონობით ლარის განიავებას ეხება.  მარეგულირებელი კომისიები, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისა - ე. წ. სემეკი და კომუნიკაციების ეროვნული კომისია იმაზე რამდენჯერმე მეტ ფულს იღებენ მათ მიერ სარეგულირებელი დარგებიდან, ვიდრე საქმიანობისთვის სჭირდებათ. აქაც ის აბსურდული წესი მოქმედებს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ფორმირებისას იყო და რომელიც ახლახან გავაუქმეთ.

რამდენჯერაც დარეკავთ მაგთიზე ან ჯეოსელზე, რამდენჯერაც უყურებთ ტელევიზორს ან მოიხმართ ინტერნეტს, აქედან მოჭრილი წილი კომუნიკაციის კომისიას ერიცხება. გაიზრდება კომუნიკაციის სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის და მომსახურების ოდენობა, წილი მარეგულირებელში მიდის. ხომ სისულელეა?

რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში.

სახელმწიფო რესურსების  განიავება - მხოლოდ ასე შეიძლება დავახასიათოთ მარეგულირებელი კომისიების მიერ გაწეული ეს ხარჯები. 2012 წლიდან დღემდე ასეულ მილიონობით ლარი იქნა დახარჯული მათ მიერ. არ მოგეჩვენათ - ათეულ მილიონობით კი არა, ასეულ მილიონობით. მაგალითად, ე. წ. სემეკის ხარჯები ბოლო წლებში საოცარ სიდიდეს აღწევს. მაგ. თუ 2014 წელს ამ უწყების ბიუჯეტი შეადგენდა 8 მილიონ ლარს, 2015 წელს 9 მილიონს, 2016 წელს 23 მილიონს, 2020 წელს 39 მილიონ ლარს მიაღწია. შემდგომ წლებში კიდევ უფრო გაიზარდა. 2021 წელს გახდა 40 მილიონი ლარი, 2021 წელს 43 მილიონი,  2022 წელს  44 მილიონი. გასულ, 2023 წელს 27 მილიონი ლარი დახარჯეს.

ამის მიზეზი დაფინანსების ის მახინჯი წესია, რომლის მსგავსიც მოქმედებდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და რომელიც როგორ იქნა გააუქმა პარლამენტმა სულ ახლახან ჩემი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე. ამ მარეგულირებლებშიც ფაქტობრივად  მშპ-ზეა მიბმული მათი შემოსავალი, ოღონდ მათ მიერ რეგულირებული დარგების ბრუნვიდან.  ერთს ფული შესდის ენერგეტიკაში წარმოქმნილი „მშპ-დან“, მეორეს კომუნიკაციების სფეროდან. დარგების  შემოსავალი იზრდება, მარეგულირებლების შემოსავლებიც შესაბამისად იზრდება. არ იციან რა უყონ ზედმეტ შემოსავლებს და იგონებენ ახალ-ახალ ხარჯებს.

ამიტომ წინა კვირას დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წესის შეცვლას ითვალისწინებს. თუ რაში იხარჯება ეს ფული, ამას საკომიტეტო განხილვებზე გაიგებს საზოგადოება. კანონპროექტების ძირითადი შინაარსი რეგულირების საფასურის შემცირებაში მდგომარეობს.

ანერვიულდა სემეკი და დაიწყო უაზრო განცხადებების გაკეთება და თავის მართლება. სხვაგან მოუწევთ თავის მართლება. მივმართავთ აუდიტის სამსახურს, რათა შეისწავლონ გაწეული ხარჯების კანონიერება და ეფექტიანობა.

დაფინანსების ეს მახინჯი წესი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ჩვენი კანონპროექტებიც ამაზეა. ათეულ მილიონობით ლარი დაიზოგება და იმათ მოხმარდება, ვისაც ეს ფული სასიცოცხლოდ სჭირდება.

თუ რა მახინჯი წესი მოქმედებს დღეს და როგორ იფლანგება ასეულ მილიონობით ლარი, თქვენი გამოცემისთვის მოწოდებული ამ ცხრილიდანაც (კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე) კარგად ჩანს. დახედეთ ცხრილს და მიხვდებით, თუ როგორ უმოწყალოდ იფლანგები ხალხის ფული. ამ კომისიის ხარჯებიც სამჯერ  გაიზარდა ბოლო 12 წლის განმავლობაში. 2012 წელს იყო 6,7 მილიონი ლარი, 2024 წელს გახდება 20,2 მილიონი ლარი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მატება ბოლო ორ წელიწადში. 2022 წელს იყო 12,1 მილიონი, 2024 წელს იქნება 20,2 მილიონი. ციფრები ყველაფერზე მეტყველებს.

როგორც აღვნიშნე, ეს იმით არის გამოწვეული, რომ იზრდება კომუნიკაციის დარგის შემოსავლები, მიედინება ავტომატურად თქეშად ფული ამ უწყებაში და მერე არ იციან რა უყონ ამ ფულს. ხელფასებად და პრემიებად კი გაწერენ, როგორც სჩვევიათ; მაგრამ კიდევ იმდენი რჩებათ აუთვისებელი, რომ ახალ-ახალ საქმეებს იგონებენ. ასე შექმნეს ე. წ. მედია აკადემია, ჩამოწერილი ჩინოვნიკებისა და სახელისუფლებო ჟურნალისტების თავშესაფარი, რომელზეც წელიწადში 2,4 მილიონი ლარი იხარჯება.

ამ ყველაფერზე საკომიტეტო განხილვებზე დამატებით გაიგებს საზოგადოება.

- ამ ფონზე, მეორე მხარის პოზიცია როგორია?

- ე.წ. სემეკმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ (რომელიც პარაზიტ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა) განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ „ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს სემეკმა ბოლო პერიოდში გაზარდა რეგულირების საფასური და შესაბამისად, გაზარდა შემოსავალი, რომელიც მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება“. ესაა სიცრუეა და დემაგოგიური თავისმართლება. არავის უთქვამს, რომ სემეკმა გაზარდა რეგულირების საფასური, საუბარი იყო იმაზე, რომ მისი ბიუჯეტის ფორმირების წესი არის მახინჯი და ამ ე. წ. რეგულირების საფასურზე მიბმული,  რომ იგი შემოსავალს იღებს იმ დარგებიდან, რომლის რეგულირებასაც ახორციელებს, ანუ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროდან, როგორც მოჭრილ წილს მათი ბრუნვიდან. იზრდება ამ დარგების მიერ გამოშვებული პროდუქცია - იზრდება მათი შემოსავალიც, თუმცა გასაკეთებელი საქმე იგივე რჩებათ. თურმე ორ-სამ წელიწადში ერთხელ გაზის, დენისა და წყლის ტარიფის  გადახედვას სჭირდება წელიწადში 20 მილიონი ლარი. აბსურდია!

როგორც ვხედავთ, 2012 წლიდან დღემდე სემეკმა დახარჯა 200 მილიონ ლარზე მეტი. წარმოუდგენელი რამაა! იმ საქმეს, რასაც სემეკი აკეთებს, სჭირდება ორი-სამი  ათეული ადამიანი და რამდენიმე მილიონი ლარი. ასეც იყო თავიდან. მაგ. 2015 წელს მათი ბიუჯეტი 7 მილიონი ლარის ფარგლებში იყო - ესეც კი ბევრია.

დაფინანსების ამ წესის აბსურდულობა კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს ერთ მაგალითს მოვიყვან: საქართველოში იგეგმება ნამოხვანის, ხუდონის, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურების, გარდაბნის თბოსადგურის, ქარისა და მზის სადგურების, შავ ზღვაში გამავალი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მშენებლობა. როცა ესენი ამუშავდებიან, მათი ბრუნვის მოცულობიდან ფიქსირებული თანხა, ანუ ათეულ მილიონობით ლარი ავტომატურად შევა სემეკის ბიუჯეტში.  რა უნდა უყონ ამ ფულს? სამწუხაროდ, ის, რასაც ახლა უშვრებიან - ფლანგავენ. ამიტომ დავაინიციირეთ უკვე მესამე კანონპროექტი.

ერთი უკვე მიიღო პარლამენტმა -საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი არ იქნება მიბმული ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან. მეორე კანონპროექტი ეხება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რომლის შემოსავალიც მიბმულია ამ დარგის „მშპ“-ზე. მაგთის ან ჯეოსელის შემოსავალი თუ გაიზრდება, რატომ უნდა ეზრდებოდეს ამ კომისიას შემოსავალი? ან როცა გაეზრდება რაში უნდა დახარჯოს? იგონებენ ფულის ხარჯვის საბაბებს. გაქვს და აბა რა უნდა უყო. მესამე კანონპროექტი სემეკს ეხება, რომელმაც ასე ააღელვა მისი ხელმძღვანელობა. იქ სხვა პრობლემებიცაა, რომელიც უფრო აუდიტის სამსახურის და პროკურატურის შესასწავლია - ძალიან უყვართ ფუფუნებაში და კომფორტში ფულის ხარჯვა.

ჩვენი კანონპროექტებით მარეგულირებელი კომისიების რეგულირების საფასურების განაკვეთები მცირდება და, შესაბამისად, ამ კომისიების შემოსავლებიც  მცირდება  იმ ზომამდე, რაც საკმარისია მათი ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ცუდი ისაა, რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ყოველწლიურად  ნიავდება ასეულ მილიონებით  ლარი ბიუჯეტიდან და სახელმწიფო სექტორიდან,  ოპოზიცია კი ხშირად  მეორეხარისხოვან საკითხებზე ვართ გამოდევნებულები და ნათლად ვერ ვუხსნით ჩვენს მოქალაქეებს იმ უბედურების მასშტაბებს, რაც ქვეყნის ფინანსებში  ტრიალებს.

მანამდე კი, ანერვიულდა სემეკი და დაიწყო უაზრო განცხადებების გაკეთება და თავის მართლება. სხვაგან მოუწევთ თავის მართლება. მივმართავთ აუდიტის სამსახურს, რათა შეისწავლონ გაწეული ხარჯების კანონიერება და ეფექტიანობა.

- რაც შეეხება თქვენს ინიციატივას სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული პირებისთვის მმართველი პარტიის დაფინანსების აკრძალვაზე?

- „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევით, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა, შესწავლილი იქნენ ის პირები, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებდნენ და რომლებიც ყოველთვის იმარჯვებდნენ სახელმწიფო ტენდერებში. მხოლოდ 11 კომპანიას, რომლებმაც  ქართულ ოცნებას დიდძალი ფული შესწირეს, გასული წლის ბოლო სამ თვეში მოგებული აქვთ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, ხოლო ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში - 1,7 მილიარდი ლარის ოდენობის. 

ამიტომ დავარეგისტრირეთ ეს კანონპროექტი, რომლის განხილვაც მალე დაიწყება კომიტეტებში. თუ არ მიიღებენ (ალბათ ასე მოხდება), ამ თემის წამოწევას მამხილებელი ფუნქციაც ექნება. ყველა დაინახავს, როგორ ბერავენ ტენდერის ღირებულებას, თუ როგორ მიდის ბიუჯეტიდან გასული ფული „ქართული ოცნების“ თეთრ თუ შავ პარტიულ ყულაბაში.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ აღნიშნული კანონპროექტის სულისკვეთებაზე?

- კი ბატონო, ჩვენი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების’’ (რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე) მიერ  პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ორგანოებში საჯარო შესყიდვები მიმდინარეობს იმგვარად, რომ დიდ თანხებთან დაკავშირებულ ტენდერებში იმარჯვებენ ისეთ კომპანიები, რომელთა მმართველობითი რგოლი შემდგომ ახდენს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიის დაფინანსებას, ხოლო პარტია კი - ეწევა შესაბამისი ბიზნესის ლობირებას.

კანონპროექტის მიხედვით, მმართველ პოლიტიკურ პარტიას აეკრძალება შემოწირულების მიღება  საჯარო შესყიდვისას ერთჯერადად ან ჯამურად ერთი წლის განმავლობაში  1 მილიონი ლარის ან მეტი ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული კომპანიის დირექტორის,  ხელმძღვანელი ორგანოს წევრის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის და  მიმწოდებლის კაპიტალის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელის მხრიდან, აღნიშნულ შესყიდვებში გამარჯვებიდან 3 წლის განმავლობაში.

კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში შემავალი  პოლიტიკური პარტია დაზღვეული იქნება კორუფციული გარიგებით მიღწეული შემოსავლების მიღებისგან, ხოლო სახელმწიფო ორგანოებში საჯარო შესყიდვისათვის განკუთვნილი თანხების განაწილება გახდება უფრო ეფექტიანი და რაციონალური. კანონპროექტის მიღებით შეიზღუდება ე.წ. „იურიდიული ხვრელების“ მეშვეობით გვერდის ავლის მექანიზმი, რომელიც მიმართულია არამართლზომიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ბიზნესის ლობირებისათვის, უმრავლესობაში შემავალი  პარტიის მხრიდან.

უნდა მოხდეს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიის მიმართ შემოწირულების მიღების აკრძალვა კონკრეტული ღირებულების მქონე საჯარო შესყიდვაში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან, განსაზღვრული ვადის განმავლობაში, რითაც დაზღვეული იქნება ისედაც მეტი ძალაუფლების მქონე პარტია დამატებითი კორუფციული ფინანსური წყაროებით მიღებული შემოსავლებისაგან, ხოლო ტენდერის პროცედურა გაცილებით ობიექტურად და შესაბამისად - რაციონალურად  ჩატარდება, ეს კი  შეამცირებს  საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას.

ბოლოს კიდევ  ერთ საკითხს მსურს შევეხო. მთავრობამ თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკის გამართლება დაიწყო; არადა, გამოგონილი თემის, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „საბრძოლველად“ ჰყავდა დაქოქილი თავისი ტელევიზიები. ახლა თავის მართლების კამპანიაზე გადაერთო და მანიპულირებს რაღაც სტატისტიკებით. მოდით ვნახოთ, მათი ერთ-ერთი „წარმატება“ როგორ აქვთ აღწერილი.

თურმე 20212-2023 წლებში, ანუ „ოცნების“ მმართველობის თერთმეტი წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი გაზრდილა  2,6-ჯერ - 2012 წელს იყო  712 ლარი, 2023 წელს გახდა 1855 ლარი. სინამდვილეში, ინფლაციის გათვალისწინებით მხოლოდ 1,6 ჯერ მოხდა ხელფასების მატება.

საუკუნის მეათედი დროის განმავლობაში ამ სიდიდის „ზრდა“ რომ არაფერს ნიშნავს, ძნელი მისახვედრი არ არის. ან  რად გვინდა თერთმეტი წლის წინანდელთან შედარება - ასი ლარით რისი ყიდვა შეგვიძლია ახლა და რამდენს ვიყიდდით თუნდაც სამი წლის წინ, ამას ყველა გრძნობს საკუთარ მაგალითზე. 

დღევანდელი 1855 ლარი უდრის 2012 წლის 1133ლარს, ანუ საშუალო ხელფასი რეალურად გაიზარდა არა 2,6-ჯერ, არამედ 1,6-ჯერ. 2012 წელთან შედარებით 2023 წელს ფასები  გაიზარდა 66%-ით. ესაა სიმართლე და არა ის ყალბი გრაფიკები, რასაც „იმედისა“ და სხვა არხების მეშვეობით ავრცელებენ.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია