მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„მეძავები არ დაიშვებიან“ - პოლიციის ახალი ინიციატივა - 03 ივლისი 2012

[netgazeti.ge]

ეთერ თურაძე

არა - მეძავს, ოღონდ ძველ ბათუმში. ვისაც უნდა სექსის გაყიდვით თავი ირჩინოს, უფლება აქვს, მაგალითად, გონიოში წავიდეს - ასეთია ნება ბათუმის პოლიციისა.

გასული კვირის განმავლობაში პოლიციამ ძველ ბათუმში არსებულ ყველა კაფეს მეპატრონეს ხელწერილი ჩამოართვა, რომ თავის კაფეში სექსმუშაკებს აღარ შეუშვებს. რეგიონის პოლიციას დღემდე არ ჰქონია რეაქცია იმაზე, რომ გონიოში, შესაძლოა, ათობით ტრეფიკინგის მსხვერპლი ცხოვრობს, რის შესახებაც ქართული მედია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იუწყებოდა.

ძველ ბათუმში კაფეების მეპატრონეებს პოლიციამ დაახლოებით შემდეგი სახის ხელწერილის დადება აიძულა: „არ შემოვუშვებ ჩემს კაფეში მეძავს!" პოლიციაში მიყვანილ სექსმუშაკებს კი უთხრეს: „გინდა ბოზობა - წადი გონიოში!“

შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხელწერილებთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ ფლობს. „არ გამიგია ამის შესახებ", - უთხრა „ბათუმელებს“ შოთა ხიზანიშვილმა.

კომენტარისთვის „ბათუმელებმა“ დარეკა მე-3 განყოფილებაშიც. ხელწერილების ჩამორთმევის იდეა და მისი შესრულებაც სწორედ ამ განყოფილებას ეკუთვნის. მორიგემ თქვა, რომ უფროსი გიგლა მოსიძე სამსახურში არ არის. „ვეტყვი, რომ ეძებდით და აუცილებლად დაგირეკავთ“, - დაგვაიმედა მან. გიგლა მოსიძეს რედაქციაში არ დაურეკავს.

კაფეების მესაკუთრეებმა კი ამ საკითხზე სამართლებრივი კონსულტაციისთვის მიმართეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი თამარ კორძაია ამბობს, რომ თუ ხელისუფლება უთითებს კაფეს მესაკუთრეს, ვინ შევიდეს და ვინ არა მის დაწესებულებაში, ეს ყოვლად დაუშვებელია: „პოლიცია, ხელისუფლება შეიძლება ჩაერიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევას აქვს ადგილი. თუ კონკრეტული სამართალდარღვევა არ გამოვლინდა, მაშინ მათი ჩარევა ნებისმიერ შემთხვევაში უკანონოა. ეს ხელწერილები, თუკი მართლა არსებობს, უკანონოა, რადგან მსგავსი ტიპის ხელწერილი არ არის რაიმე სამართლებრივი სახით გამყარებული. ასეთი ხელწერილის გამოყენება დაუშვებელია და პოლიცია მას ვერც გამოიყენებს კაფეს მესაკუთრის წინააღმდეგ. ამას შეიძლება ერთადერთი მიზანი ჰქონდეს - ზეწოლა კონკრეტულ პირზე, მაგალითად, კაფეს მესაკუთრეზე“.

ძველ ბათუმში მცხოვრები ოჯახები მუდმივად აპროტესტებდნენ მათ საცხოვრებელ უბანში ბორდელების არსებობას. პოლიციელები ამბობენ, რომ სექსმუშაკები გასულ კვირას პოლიციის დაწესებულებაში მოსახლეობის საჩივრების შემდეგ მიიყვანეს.

ყველა გარემოების გათვალისწინებით, რამდენად კანონიერია, აუკრძალო კაფეში შესვლა მომხმარებელს, სადაც ის გეგმავს ყავის მირთმევას, საჭმლის ჭამას თუ კლიენტის „გამოჭერას“ მაშინ, როდესაც ქალაქის მეორე ბოლოში ადამიანებით მოვაჭრეები, სავარაუდოდ, ტრეფიკინგის მსხვერპლ გოგონებს აიძულებენ სექსმომსახურებას უფასოდ, ანუ იძულების წესით? როგორ უნდა დაიცვან თავი ამ შემთხვევაში ქალებმა, რომლებსაც თავი მართლა სექსის გაყიდვით გააქვთ?

თამარ კორძაიას აზრით, ადამიანმა, ვისაც რაღაც ნიშნით კაფეში არ შეუშვებენ, უნდა მიმართოს სასამართლოს, რადგან ამ შემთხვევაში ეს არის ღირსებისა და პატივის შელახვა: „საჯარო სივრცეში, სადაც ყველა ისვენებს და ამ დროს ვიღაცას რაღაც ნიშნით არ უშვებენ, აბსოლუტურად არ ჰგავს თავისუფალი ნებით მიღებულ გადაწყვეტილებას. ზეწოლა რომ არ იყოს, არც ერთი კაფე არ იტყვის უარს შემოსავალზე, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია მის ბიზნესთან“.

გასულ კვირას ბათუმის პოლიციას ძველი ბათუმის კაფეების მენეჯერებისთვის არ მიუცია დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორი გარეგნობის ქალი უნდა მიიჩნიონ საეჭვოდ ანუ სექსმუშაკად. მაგრამ უკვე აპრობირებული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი - „ქალი კაფეს ხშირი კლიენტია, იქ ხვდება მამაკაცს, რომელსაც სექსუალურ მომსახურებას უწევს“ - ძველ ბათუმში ამ ეტაპზე უკვე გაუქმებულია.

რაც შეეხება კანონს, ქართული კანონმდებლობით პოლიციას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ადამიანის, იმავე სექსმუშაკის, პირად ცხოვრებაში, როგორიც არ უნდა იყოს ეს პირადი ცხოვრება. მას არ შეუძლია მოქალაქეს განუსაზღვროს, რომელ კერძო დაწესებულებაში გაერთოს და რომელში - არა. პოლიციას შეუძლია, დააჯარიმოს ან ადმინისტრაციული წესით დააპატიმროს საზოგადოებრივ წესრიგის დამრღვევი მოქალაქე, მაგალითად, ქუჩაში გინებისა თუ ხმამაღალი ყვირილისთვის. საქართველოში კი სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა.

გონიოში ერთ-ერთმა სექსმუშაკმა პირდაპირ ამხილა თურქეთის მოქალაქის, ომერ აბდიოღლის ამ მიმართულებით საქმიანობა. პოლიციას აბდიოღლის დაწესებულების მიმართ არავითარი ღონისძიება არ გაუტარებია. სამაგიეროდ ადმინისტრაციული წესით დასაჯეს ქალი (ოქმის გამომწერმა პოლიციელმა მოსამართლეს განუცხადა, რომ ამ ქალმა აბდიოღლის კაფეში ბოთლი ისროლა უმისამართოდ), რომელმაც აბდიოღლი ამხილა.

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია