მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი არჩევნების წინ დიდი დანახარჯების გაღების პირობას იძლევა - 05 ივლისი 2012

[foreignpress.ge]

მარგარიტა ანთიძე

საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, ოთხშაბათს მაღალი სოციალური სტიმულების შექმნის პირობა დადო, მათ შორის იყო პენსიების მკვეთრი მატება. ეს ყველაფერი ხდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გათვლით, როდესაც მთავრობა ახალი ოპოზიციური პარტიის წინსვლას შეებრძოლება.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად გასულ კვირას დაასახელა, სთხოვა, დაეძლია 16 პროცენტიანი უმუშევრობა და გაეტარებინა სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის რეფორმა.

მიმართა რა პარლამენტს დამტკიცების პროცედურაზე, მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ ყურადღებას გადაიტანს სამუშაო ადგილების შექმნაზე, ღარიბებს გამოუყოფს უფრო მეტ სოციალურ დახმარებას, გაზრდის პენსიებს და სამედიცინო დაზღვევას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

„ჩვენ, მომავალი 4 წლის განმავლობაში, 20 მილიარდი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ყველა იმ ამოცანის გადასაჭრელად, რომელიც ჩვენს პროგრამაშია წარმოდგენილი,“ განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი იმ პოლიტიკის მიხედვით, რომელსაც „მეტი სარგებელი ხალხს“ ჰქვია, პენსიები 2013 წლიდან 100 დოლარამდე გაიზრდება. დღეს პენსია 65 დოლარია და ეს ზრდა 6 მილიარდი ლარის მეშვეობით განხორციელდება.

ამავე პროგრამის მიხედვით, 3 მილიარდი ლარი დაიხარჯება ჯანმრთელობის დაზღვევაზე, 4 მილიარდი ლარი სოფლის მეურნეობაზე, 4 მილიარდი ლარი განათლებაზე და 3 მილიარდი ლარი სოციალურ დახმარებებზე. მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ მოიზიდავს $4 მილიარდის საგარეო ინვესტიციას და მომავალ 4 წელიწადში შექმნის 270,000 ახალ სამუშაო ადგილს.

საქართველოს ეკონომიკა დაზარალდა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომითა და ამის შემდგომი გლობალური ეკონომიკური კრიზისით, რომელმაც შეამცირა საგარეო ინვესტიციები და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იძულებული გახადა საერთაშორისო დახმარების იმედად დარჩენილიყო.

სააკაშვილის მმართველი პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახლად შექმნილი ოპოზიციური ჯგუფის მზარდი კონკურენციის პირისპირ აღმოჩნდა. ამ ახლად შექმნილ ჯგუფს სათავეში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამორჩება, მაგრამ მან დემონსტრაციებზე დიდი რაოდენობით ხალხს მოუყარა თავი ამ კავკასიურ ქვეყანაში, სადაც 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

„ამ ნაბიჯის (მერაბიშვილის დანიშვნის) მიზანი იყო მმართველი პარტიის შემდგომი განმტკიცება არჩევნების წინ, იმ არჩვენების წინ, რომელშიც გამარაჯვების იმედი პარტიას აქვს,“ განაცახად ალექსანდრე რონდელმა, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელმა. „სააკაშვილმა დააწინაურა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი, რომელიც ასე პოპულარულია,“ განაცხადა რონდელმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შეცვლის მერაბიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. განათლების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა თავდაცვის მინისტრის პორტფელი მიიღო და გახდა ეროვნებით რუსი თავდაცვის პირველი მინისტრი საქართველოში.

2003 წლის უსისხლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაში, 44 წლის მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გახდა.

ის შინაგან საქმეთა სამინისტრი 2004 წლის დეკემბრიდანაა და სწორედ მან უხელმძღვანელა პოლიციის რეფორმასა და კორუფციის დამარცხებას, რითიც ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტისა და დამკვირვებლის ქება დაიმსახურა.

მაგრამ ოპონენტები მას 2007 და 2010 წ.წ. ოპოზიციური გამოსვლების სასტიკ რეპრესირებაში სდებენ ბრალს.

პრეზიდენტივით მასაც პრო-დასავლელად და მოსკოვისადმი მტრულად განწყობილად მიიჩნევენ.

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია