მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს მმართველი პარტია არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით წინადადებით გამოდის - 21 ივლისი 2012

[foreignpress.ge]

საქართველოს ოპოზიციური პარტიები სიფრთხილით მოეკიდნენ მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებას ოთხპუნქტიანი დეკლარაციის ხელმოწერის შესახებ. ამ დეკლარაციის მიზანია ის, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში მშვიდობიანად, თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს.

წინა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2008 წლის მაისში ჩატარდა საერთაშორისო მეთვალყურეებმა შემდეგნაირად დაახასიათეს: ამ არჩევნებმა ვერ „ჩაუნერგა ნდობა არჩევნებში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს და საზოგადოებას.“ ორი თუ სამი პარტია, რომლებმაც მოიპოვეს ადგილები პარლამენტში პროპორციული სისტემით, არ დაეთანხმნენ ოფიციალურ შედეგებს, როგორც გაყალბებულს და განაცხადეს, რომ ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, რომელსაც, მათი აზრით, ლეგიტიმურობა აკლია.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ ყველა ოფიციალური პირის მიზანია მართლაც აქციოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები „სამაგალითოდ“. მან პირობა დადო, რომ „უზრუნველყოფს პოლიტიკური ძალებისათვის თანაბარ შესაძლებლობებს და ელექტორალურ პროცესს ჩაატარებს ღია საჯარო დებატებში“ და რომ „არჩევნების გაყალბების და მოქრთამვის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.“

სააკაშვილის სპიკერმა მანანა მაჯგალაძემ ნაციონალური მიძრაობის წინადადებას 17 ივლისს მნიშვნელოვანი უწოდა, რადგან „ყველა პოლიტიკურ პარტიას მთელ საარჩევნო პერიოდში თანაბარ პირობებს სთავაზობს“. აშშ-ს ელჩმა საქართველოში და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა თბილისში სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ 2011 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებულმა კანონმა არჩევნების შესახებ, რომელსაც წინ უძღვოდა 14 თვიანი მწვავე მოლაპარაკებები, ვერ შეძლო „აღმოეფხვრა უთანასწორობის განცდა საარჩევნო სისტემაში“.

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც წარმოდგენილია წარმავალ პარლამენტში, ახალმა მემარჯვენეებმა და ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ მიანიშნეს, რომ მოაწერენ ხელს მმართველი პარტიის დეკლარაციას. თუმცა ჯერ არც ერთ პარტიას ეს არ გაუკეთებია. თებერვალში შექმნილმა კოალიციამ „ეს შენ გეხება“, რომელიც შედგება არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისგან და რომლის მიზანია პოლიტიკური პარტიების შესახებ სადავო კანონში ცვლილებების შეტანის ლობირებაა, დოკუმენტთან დაკავშირებით, ეჭვი გამოთქვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეკლარაციის პირველ მუხლში ხაზგასმულია, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის თავისუფლების, სამართლიანობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფა. მასში უარია ნათქვამი ძალადობაზე, აგრესიაზე და სიძულვილის ენაზე.

მეორე მუხლში უარყოფილია ხმების მოსყიდვა.

მესამე პუნქტში არის პირობა, რომ გათვალისწინებული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები, რომლის მიზანია „შეზღუდოს“ (თუმცა ბოლომდე არ აკრძალოს) ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. წინა არჩევნების შემდეგ, თითქმის ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი დეტალურ შეფასებაში საქართველოს აკრიტიკებდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების გამო.

კოალიცია “ქართული ოცნება“, რომელსაც სათავეში მილიარდერი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი უდგას, მმართველი პარტიის ამ ოთხპუნქტიანი დეკლარაციის ხელმოწერას მიუღებლად მიიჩნევს, რადგან ამ დოკუმენტის ხელმომწერებმა წინასწარ უნდა აღიარონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების ლეგიტიმურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ „სანდო“ სამეთვალყურეო ორგანიზაციებმა არ უნდა დააყენონ ეჭვქვეშ მათი სიზუსტე.

კოალიციის შიში ამ პუნქტთან დაკავშირებით, გასაგებია. საერთაშორისო საარჩევნო სამეთვალყურეო მისიამ, რომელიც ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის და ევროპული პარლამენტისა და საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით მუშაობს, არაერთხელ აღნიშნა წინა საარჩევნო კამპანიების, ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესის ცალკეული ნაკლოვანებებანი. ისინი აცხადებდნენ, რომ პროცესი ამა თუ იმ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს, მაგრამ მათ არასდროს გამოუთქვამთ მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად აყენებს ეჭვქვეშ აღნუსხული დარღვევები შედეგების ლეგიტიმურობას.

როგორც უკვე ზევით აღინიშნა, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა. ბიზნესმენი ლევან გაჩეჩილაძე, სააკაშვილის მთავარი კონკურენტი 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე აცხადებდა, რომ ოფიციალური შედეგები გაყალბდა, რათა სააკაშვილს პირველივე ტურში გაემარჯვა და თავი აერიდებინა მეორე ტურისთვის.

16 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეკლარაციის საპასუხოდ, მოძრაობამ „ეს შენ გეხება“ აღიარა იმის აუცილებლობა, რომ ყველა პარტიამ მიაღწიოს შეთანხმებას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პირობების შესახებ, მაგრამ ისიც განაცხადა, რომ ეს პირობები არ უნდა დააწესოს ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. მან შეადგინა 9 პუნქტიანი ნუსხა, რომელზეც მისი აზრით, ყველა პარტია უნდა შეთანხმდეს და კიდევ 8 პირობა, რომელთა შესრულებაზეც, მთავრობამ თანხმობა უნდა განაცხადოს. მათ შორისაა, პრობლემებზე ორიენტირებული კამპანია, თანაბარი სამუშაო პირობების შექმნა იმ ჟურნალისტებისათვის, რომლებიც საარჩევნო კამპანიას აშუქებენ და მედიის არგამოყენება საარჩევნო მიზნებისა და მოსახლეობის დეზინფორმირებისთვის.

„ქართული ოცნების“ სპიკერი, მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ დეკლარაციის ამჟამინდელი ფორმულირება მიუღებელია, მაგრამ კოალიცია მზადაა მონაწილეობა მიიღოს მსგავსი დეკლარაციის შედგენაში, თუ სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩართულნი იქნებიან პროცესში.

მაგრამ ცნობილმა პარლამენტარმა ნაციონალური მოძრაობიდან, აკაკი მინაშვილმა „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს განუცხადა, რომ ოთხპუნქტიანი დეკლარაციის დეტალური განხილვა პარტიებთან პრინციპში მისაღებია.

„თუ არ ეთანხმებით პრინციპს, რა აზრი აქვს ამ პრინციპის დეტალების განხილვას?“ – იკითხა მან რიტორიკულად და დასძინა, რომ „ჩვენ ველით, რომ ის პარტიები, რომელთაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა და პატიოსანი კონკურენცია უნდათ, მოაწერენ ხელს ამ დეკლარაციას.“

როგორ უზრუნველყოფს მმართველი პარტიის წინადადება მართლაც „სამაგალითო არჩევნების“ ჩატარებას, ცხადი არ არის, მით უფრო, რომ ეს წინადადებები შესასრულებლად სავალდებულო არ არის და დღემდე გაურკვეველია, ვინ ჩაუტარებს მონიტორინგს მათ შესრულებას. კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ზვიად ძიძიგური ერთი წლის წინ აცხადებდა, „თავისუფალ არჩევნებს ვერ უზრუნველყოფ მხოლოდ იმით, რომ ჰალსტუხებს გავიკეთებთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დავხსდებით“.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია