მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აქამდე მივიდა საქმე საქართველოში? - 30 ივლისი 2012

[foreignpress.ge]

ბარბარა ფრაი

მათთვის ვინც (ჩემსავით) ქართული არ იცის, აქ (ვიდეო) არის ის რაც მოხდა: ასაკოვანი ქალბატონი როზა წყაბელია პრეზიდენტ სააკაშვილთან მისი შვილების ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გასაუბრებას შეეცადა მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი მის სოფელს (დასავლეთ საქართველო) სტუმრობდა, იუწყება ვებგვერდი Democracy and Freedom Watch.

თავდაპირველად, პოლიციის ოფიცერმა, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ძალით გაიყვანა ის ტერიტორიიდან, სადაც სააკაშვილი ლაპარაკობდა. შემდეგ, როდესაც წყაბელიამ საკუთარ პრობლემებზე საუბარი რეპორტიორებთან დაიწყო, ისევ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა რამდენიმე ხულიგანმა მას ინტერვიუ შეაწყვეტინა და ტერიტორიიდან გაათრია. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილის სტუმრობის პერიოდში მათ ქალბატონი სარდაფში გამოამწყვდიეს.

თავზარდამცემი ამბავია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია. გასულ კვირაში Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის არსებულ სულ უფრო და უფრო მზარდ რეპრესიულ ატმოსფეროზე. ანგარიში სხვა წყაროებთან ერთად ეყრდნობა ქვეყნის ომბუდსმენის მტკიცებულებებს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და ამომრჩევლების შეხვედრების ძალადობრივ ჩაშლაში საჯარო მოხელეები მონაწილეობენ.

გარდა ამისა, პრო-ოპოზიციური ჟურნალისტები იქცნენ სამიზნედ ხულიგნებისა, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელშეუხებელნი არიან. Amnesty-ს ანგარიშში ნათქვამია:

„ეკატერინე დუგლაძემ, ჟურნალისტმა პრო-ოპოზიციური სააგანეტო INFO 9-დან ზესტაფონში (დასავლეთ საქართველო), Amnesty International-ს უთხრა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მას მუდმივად დაყვებოდა და დევნიდა შვიდი ახალგაზრდა მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი: „ისინი ყველგან დამყვებოდნენ ან მანქანით ან ფეხით, ხელს მიშლიდნენ თავისუფლად გადაადგილებაში, ერეოდნენ გადაღებებში, ფიზიკურად ძალიან მიახლოვდებოდნენ, მიკეთებდნენ უადგილო შენიშვნებს ჩემს მუშაობასთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და მისვამდნენ შეკითხვებს უწყვეტ რეჟიმში““.

დუგლაძემ Amnesty International-ს უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან მიმართა ადგილობრივ პორკურატურას და პოლიციას, ბანდა განაგძობს მის დევნას, ისევე როგორც ეს მოხდა ვასილ დაბრუნდაშვილის შემთხვევაში. დაბრუნდაშვილმა დუგლაძეს ინტერვიუს ჩასაწერად მიაკითხა, რადგან რეპორტაჟს ამზადებდა ოპოზიციური ჟურნალისტების დევნის შესახებ.

მას შემდეგ, რაც ამ ახალგაზრდა მამაკაცებმა დაბრუნდაშვილს ინტერვიუ ჩაუშალეს, ისინი აედევნენ და კიცხავდნენ მას. და აი, აქ არის პარადოქსი:

„ეს ყველაფერი ხდებოდა ზესტაფონის პოლიციის შენობის წინ. მე შევედი პოლიციის შენობაში და პოლიციის ოფიცერს ვთხოვე გაეჩერებინა ისინი, რათა შეეწყვიტათ დევნა და მოეცათ ჟურნალისტური საქმიანობის განორციელების შესაძლებლობა, თუმცა მათ უარი თქვეს ემოქმედათ ჩემს თხოვნაზე“, უთხრა მან Amnesty International-ს. ვასილ დაბრუნდაშვილმა დახმარებისთვის საპატრულო პოლიციასაც გამოუძახა, მაგრამ ორმა პოლიციელმა, რომელიც გამოცხადდა ჩვენების ჩასაწერად, უცბად დატოვა ტერიტორია, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე. ვასილ დაბრუნდაშვილის თქმით, დღემდე არანაირი ოფიციალური გამოძიება არ დაწყებულა და ინცინდენტზე დღემდე არავის არ უგია პასუხი.

ასევე, ცნობილია ათასობით სატელიტური თეფშის კონფისკაციის შესახებ. თანამგზავრული თეფშების გავრცელებას, მაუწყებლობის გაფართოების მიზნით, ოპოზიციური მედია ცდილობდა.

ანუ რა ხდება საქართველოში?

მე ვიცი ეს რას გავს და რისი სუნი ასდის: ავტორიტარიზმის. სააკაშვილმა დაგმო წყაბელიასადმი მოპყრობა, რასაც ნებისმიერი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი გააკეთებდა. მაგრამ სად არის წუხილი იმ ატმოსფეროს გამო, რომელიც უსაფრთხოების აგენტებს უბიძგებს იფიქრონ, რომ მოხუც ქალბატონზე ძალადობა და მისი სარდაფში გამოკეტვა სწორი საქციელია? ან პოლიციას აიძულებს იგნორირება გაუკეთოს დევნასთან დაკავშირებულ საქმეს, რომელიც მის კართან ხდება?

მე სააკაშვილს ყოველთვის ერთგვარ მიკრომენეჯერად აღვიქვამდი, რაც გასაგები იყო, იქიდან გამომდინარე, თუ რა ამოცანებს იღებდა ის საკუთარ თავზე. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია მსგავს ინციდენტებზე ვინმესთვის პასუხისმგებლობის გადაბარება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ბანდიტების მიხედვა ადგილობრივი ჩინოვნიკების ვალია, მან აუცილებლად მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს მათ, რომ ასეთი ძალადობა დაუშვებელია.

ამის ნაცვლად მას დღეს როგორც ჩანს ის უფრო აწუხებს, რასაც თავად ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის მოქრთამვისა და გაყალბების საფრთხეს უწოდებს. ასე ფუთავს თბილისი სატელიტური თეფშების საკითხსაც. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საკაბელო ოპერატორებს ყველა ტელევიზიის მაუწყებლობის საინფორმაციო პროგრამების გავრცელებას ავალდებულებს (იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოპოზიციურ მედია იარსებებს) ბევრ ადამიანს ეს სატელიტური თეფში არ აქვს.

პროკურორები ოპოზიციურ მედიას მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ. ამომრჩევლებისთვის საჩუქრების გადაცემა არჩევნების წინ საყოველთაო ფანდია – ეუთომ სომხური პარტია გააკრიტიკა ტრაქტორების დარიგებისთვის წლევანდელი არჩევნების წინ ამ ქვეყანაში. მაგრამ Transparency International-ის გამოძიება იმის ვარაუდს აჩენს, რომ ამ შეზღუდვების უკან უფრო მეტი რამ დგას, ვიდრე სუფთა საარჩევნო კამპანიის ჩატარების სურვილი. დიდად არც მათ უმართლებთ, ვისაც 10 ან 20 თეფშის ყიდვა უნდა. თბილისის შემოგარენში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრის გამყიდვლებიც არ ჰყიდიან კლიენტზე ერთ ან ორ თეფშზე მეტს. ამას TI-ის წარმომადგენელი არკვევდა:

„კითხვას, თუ რატომ აქვთ მათ დაწესებული ასეთი დაბალი ლიმიტი, გამყიდვლების უმრავლესობა არ პასუხობს. „ანტენების ბაზარი ამ მომენტისთვის აღარ არსებობს“, ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი. კითხვაზე, რა მოხდა, ის პასუხობს: „პოლიტიკა“.“

ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში, სააკაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა:

„ზოგიერთები ცდილობენ საქართველო წარმოადგინონ ისე, თითქოს ამ შენობაში ავტოკრატები სხედან და ადამიანებს აჩუმებენ. საქართველოში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. რა, არ გავდივართ გარეთ? ყველას შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა და ჩვენ ყველანი ამას ვნახავთ. პირადად მე ყოველთვის გავიზიარებ თქვენს მოსაზრებას – სწორედ ეს არის თავისუფალი დებატების რეჟიმი“.

ბოლო კვირების მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, ჩემი აზრით, დიახ, სააკაშვილი გარეთ გადის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აპირებს მისთვის უსიამოვნო აზრების მოსმენას; დიახ, ოპოზიციას შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი ადამიანი შეძლებს მის მოსმენას. სააკაშვილი შეძლებდა ამის გამოსწორებას, სურვილი რომ ჰქონოდა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია