მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისელ პოლიტიკოსებს არჩევნების შედეგებზე ვაშინგტონის გავლენის იმედი აქვთ? - 09 სექტემბერი 2012

[foreignpress.ge]

პოლ რიმპლი, მოლი კორსო

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოში, ვაშინგტონი პოლიტიკური კამპანიის მთავარი სცენა ხდება.

საქართველოს მთავრობა, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს და მისი მთავარი ოპონენტი კოალიცია „ქართული ოცნება“, რომლის ხელმძღვანელიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, ვაშინგტონში თანხებს გულუხვად ხარჯავენ. ეს პატარა, გაღარიბებული ქვეყანა, რომელიც კუნთმაგარი მეზობლების გარემოცვაშია, დიდი ხანია რაც ლობიერებს იმას, რომ უფრო დიდი ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვოს. თუმცა, დიდწილად ამ დაპირისპირებულ პიარ კამპანიებს მეტი საერთო აქვთ შიდა პოლიტიკასთან, ვიდრე დიპლომატიურ კავშირებთან.

სოციალური კვლევების ცენტრის დირექტორის მარინა მუსხელიშვილის თქმით, ვაშინგტონი ფაქტობრივად ახალ მოსკოვად გადაიქცა. „როდესაც შიდა კონფლიქტია, მხარეები… ყოველთვის ეძებენ გარეთ ვიღაცას, ვინც კონფლიქტს გადაწყვეტს“, ამბობს მუსხელიშვილი. „ადრე.., ეს იყო… მოსკოვი, რომელსაც ეს ძალა გააჩნდა, და ახლა ისინი [ქართველი პოლიტიკოსები] დასავლეთს უყურებენ“.

ამას ეთანხმება თინა ღოღელიანიც, პოლიტოლოგი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრიდან (თბილისი). „საერთაშორისო აზრი ქართულ პოლიტიკაში მთავარ როლს თამაშობს, სადაც უცხოელ დამკვირვებლებს შეუძლიათ ჰქონდეთ „არბიტრის“ ფუნქცია კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში“, ამბობს იგი.

იმ ფონზე, როდესაც ამერიკელი „არბიტრისგან“ მხარდაჭერის მოპოვებას ორივე მხარე ცდილობს, სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება ფინანსურ პრაქტიკებზე. ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოს უშიშროების საბჭომ ვაშინგტონში ხელი მოაწერა 1.83 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლობისტურ კონტრაქტებს – თანხა, რომლის მოცულობაც ორჯერ მეტია ახლახანს შექმნილი დასაქმების სამინისტროს 950,000 ლარიან (585,822 დოლარი) ბიუჯეტზე.

შეერთებული შტატების მთავრობის მონაცემთა ბაზის თანახმად, ლობისტები „ეხმარებიან“ სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებს, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს და საქართველოს საელჩოს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სავაჭრო მოლაპარაკებები, „დემოკრატიის საკითხები“ და „წინასაარჩევნო საკითხები“. თუმცა, კრიტიკოსების თქმით, ამ „დახმარებით“ მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ (ენმ) სარგებლობს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პარტია არ იყენებს უცხოელ ლობისტებს, და უარყოფენ იმასაც, რომ ამას ირიბად ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობისტური კამპანიის საშუალებით აკეთებენ. „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა და სახელმწიფო დაწესებულბები გამიჯნულია“, ამბობს მმართველი პარტიის სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი. ის დასძენს, რომ ქართველ გადასახადის გადამხდელებს ესმით, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობისტები საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობის ამბიციებს ლობირებენ.

ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის ეროვნული უშიშროების საბჭომ კომენტარზე თხოვნას არ უპასუხა.

ზოგიერთი ამერიკელი ანალიტიკოსისთვის ეროვნული უშიშორების საბჭოს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს შორის ზღვარი ბუნდოვანია. „ჩემთვის საინტერესო შეკითხვაა ის, თუ რატომ არავის ახსენდება ის, რომ საქართველოს მთავრობა ხარჯავს გადასახადის გადამხდელთა დოლარებს… მიკერძოებული პარტიული მიზნების ლობირებისთვის“, ამბობს კავკასიის სპეციალისტი ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარი.

საერთაშორისო დამკვირვებლები წარსულში აკრიტიკებდნენ საქართველოს იმისთვის, რომ სამთავრობო რესურსებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერისთვის იყენებდა. ევროპის საბჭოს მრჩეველი და საარჩევნო საკითხების ქართველი ექსპერტი ეკა სირაძე-დელონე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მონიტორები არ ადევნებენ თვალს მთავრობის მხრიდან უცხოელი ლობისტების გამოყენების ფაქტს, რადგან „რთული იქნება იმის დამტკიცება“, რომ ლობისტები სახელმწიფოს ინტერესებზე მეტად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ლობირებენ.

კონკრეტულად ამ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ანტი-კორუფციულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ივლისში აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩოდან ვაშინგტონში ორი ელექტრონული წერილი გაიგზავნა ამერიკელი მკვლევარების და ანალიტიკოსების მისამართზე, რომლითაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა „როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების““ დისკრედიტაციის მცდელობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველგვარ მსგავს გადაცდომას უარყოფს. თუმცა, ქართველი დიპლომატები ყოველთვის როდი ერიდებიან იმას, რომ ივანიშვილის პიარ-კამპანია სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხედ წარმოადგინონ. „ნუ დაგავიწყდებათ, რამხელა ფული აქვს ამ კაცს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით“, ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილი. „ეს ისეთივე ეფექტია, რუსეთი რომ მის უკან იდგეს. მე არ ვამბობ, რომ ეს ასეა. უბრალოდ, ეს საქართველოს დისკრედიტაციას ახდენს. ეს არის შედეგი“.

ვიდრე ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ იმას ჩივის, რაც მისი მტკიცებით გადასახადის გადამხდელთა თანხების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამირებისთვის გამოყენებაა, თავადაც არანაკლებ ძალისხმევას ხარჯავს ვაშინგტონელ სახელისუფლებო ბროკერებზე გავლენისთვის.

უცხოელი აგენტების რეგისტრაციის განყოფილების დოკუმენტების თანახმად, ივანიშვილი 3.21 მილიონ დოლარს უხდის ხუთ პიარ კომპანიას [Downey McGrath Group, K-global, National Strategies Parry, Romani and Associates, Patton Boggs] „გავლენიანი პოლიტიკური და პოლიტიკის ლიდერების“ სისტემატიური ინფორმირებისთვის, საქართველოში „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ ირგვლივ მობილიზებისთვის, და თავად ივანიშვილის პოლიტიკური პროფილის ამაღლებისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ წარმომადგენლებმა EurasiaNet.org-ს უთხრეს, რომ ორგანიზაცია სწავლობს იმას, არღვევს თუ არა ეს ხარჯები საქართველოს კანონს კამპანიების დაფინანსების შესახებ.

ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ლობისტები წარმოადგენენ „ინსტრუმენტს“ იმ აგრესიული კამპანიის წინააღმდეგ, რასაც საქართველოს მთავრობა ვაშინგტონში მილიარდერის წინააღმდეგ აწარმოებს. „როდესაც [პრეზიდენტი მიხეილ] სააკაშვილი ლობისტებს ქირაობს ყველგან, მხოლოდ იმიტომ რომ ივანიშვილზე ცუდი გზავნილები გაავრცელოს, ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რაც ივანიშვილს შეეძლო მიეღო ის არის, რომ იქირავა ლობისტები, რათა მისი საკუთარი გზავნილები გაევრცელებინა“, თქვა ფანჯიკიძემ.

და ამ გზავნილებმა სამიზნეებამდე მიაღწია. აპრილში, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ მაკდერმოტმა კანონპროექტი წარადგინა, რომლის თანახმად საქართველოს უნდა შეუწყდეს შეერთებული შტატების დახმარება, თუკი ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში რჩება. იმავდროულად, პიარ ძალისხმევა როგორც ჩანს კიდევ არის საჭირო იმ მხრივ, რომ კარგად განსაზღვროს თუ ვინ არის ივანიშვილი როგორც პოლიტიკოსი.

„მაშ, ვინ არის ეს კაცი? ის ხომ მანამდე მიშას აფინანსებდა?“ კითხულობს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ჩინოვნიკი, საუბრობს რა წარსულში ივანიშვილის მეგობრობაზე სააკაშვილთან. „ახლა ის მისი წინააღმდეგია?“

ვაშინგტონში მიმდინარე პიარ მენევრები – იქნება ეს მთავრობის თუ ივანიშვილის მხრიდან, ზოგიერთ ქართველს შეშფოთების საფუძველს აძლევს, რომ მათი ქვეყანა ისე მოქმედებს, როგორც „ბანანის რესპუბლიკა.“

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგაც, ბევრი ქართველისთვის „პოლიტიკური ლეგიტიმაცია მოდის უფრო გარედან, ვიდრე შიგნიდან“, წუხს მუსხელიშვილი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია