[მედიანიუსი]
საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის დაცვის მხარემ მოსკოვის ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილება, თარგამაძის დაკავების შესახებ, გაასაჩივრა.
,,რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ თარგამაძის ადვოკატმა გალინა სტეპანენკომ განაცხადა.
,,მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მივმართე, სადაც ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ვითხოვ”-აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, მას არც თარგამაძე და არც მისი წარმომადგენლები არ დაკონტაქტებიან და სასამართლო პროცესზე სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატის სტატუსით იყო.
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის დაკავებაზე სანქცია გასცა.
რუსული მედიის ცნობით, ამგვარად სასამართლომ გამოძიების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც თარგამაძისათვის დაუსწრებლად დაკავების შესახებ სანქციის გაცემას ითხოვდა.
თარგამაძეს რუსეთში მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ედება ბრალი.