[მედიანიუსი]
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის განვითარების ფონდიდან მისი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია სრულად ამოიღო.
როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული დოკუმენტაციის ამოღება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და აბსურდული შუამდგომლობა და თბილისის მერის მიმართ და აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნა გამოყენებული.
„ნათელია, რომ სასამართლოს განჩინების გარეშე (რაც დოკუმენტაციის ამოღებისთვის ზოგადად აუცილებელი წინაპირობაა) დოკუმენტაციის ამოღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან საგამოძიებო ორგანოს მიერ, უკვე ნოემბრის თვიდან აქტიურად მიმდინარეობს ფონდის საქმიანობის შესწავლა და ამის ხელის შემშლელი არც ერთი ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანოების დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა, დაარწმუნა როგორც საზოგადოება, ასევე თავად საგამოძიებო ორგანოები თბილისის მერისთვის წარდგენილი ბრალდებების აბსურდულობაში, მათ სასწრაფო წესით წამოიწყეს ახალი ბრალდების შეთითხვნის პროცესი. ყოველივე ამით კი კვლავ გრძელდება პოლიტიკური ზეწოლა თბილისის თვითმმართველობაზე“,–ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.