[მედიანიუსი]
პრეზიდენტის რწმუნებულის კახეთში, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სასამართლოს გიგი უგულავასთვის პროკურატურის მიერ მოთხოვნილი მილიონიანი გირაო რომც შეეფარდებინა, მას ციხეში ჩაჯდომა მოუწევდა, რადგან ის ამ თანხას ვერ გადაიხდიდა.
როგორც ჭიაბერაშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში განაცხადა, ეს იყო ირიბი გზა საიმისოდ რომ გიგი უგულავასთვის პატიმრობა შეეფარდებინათ.
ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ამით დასტურდება ეჭვი იმის თაობაზე, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური მიზნებისთვის სამართალდამცავი ორგანოების გამოყენებას და შერჩევით სამართალს.
,,გიგი უგულავა არ აპირებს დაემალოს გამოძიებას. უფრო მეტიც, მისი მოთხოვნით იქნა მედია დაშვებული სასამართლო პრიცესზე. სწორედ გიგი უგულავას ინტერესშია, რომ საზოგადოება კარგად იყოს ინფორმირებული ამ საქმეზე. ის დარწმუნებულია, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში დაამტკიცებს თავის სიმართლეს“, _ განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე განმარტებით, ის ესწრებოდა სასამართლოს პროცესს და ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ უგულავამ რაიმე უკანონო შემოსავალი მიიღო. ამ დროს კი პროკურატურა ითხოვს 1 მილიონი ლარის შეფარდებას გირაოს სახით.