[pirveli.com.ge]
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვაზე უარს აცხადებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა პრეზიდენტის დაცვის ურზუნველყოფის სანაცვლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დათანხმებას ითხოვდა.
"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის დაცვის სამსახურზე ხორციელდებოდა ზეწოლა. დაცვის სამსახურის უფროსს დაუნიშნეს ფარული თვალთვალი, რაც მალევე გამოვლინდა. თავდაპირველად იყო მცდელობა ეს სამსახური მთლიანად დაექვემდებარებინათ მთავრობისთვის, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის შემდეგ მთავრობა იძულებული გახდა შეემუშავებინა და პარლამენტში შეეტანა კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაყოფის თაობაზე. ამ კანონის შემუშავების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები. თუმცა უკვე კანონის მიღების შემდეგ, უარი განაცხადეს კანონის შესრულებაზე და დაიწყო ვაჭრობა იმის თაობაზე, თუ რა რესურსი უნდა მიეღო დაცვის სამსახურს. უკვე კანონის მიღების შემდეგ დაცვის სამსახურის სანაცვლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემას ითხოვდნენ. პრეზიდენტი არ თვლის, რომ კონსტიტუციური ცვლილებების შეტანა რამენაირად უნდა იყოს კავშირში მის პირად საკითხებთან. პრეზიდენტი ვერანაირად ვერ დააყენებს თავს კონსტიტუციის დონეზე და ვერ დაეთანხმება საკონსტიცუციო ცვლილებების წარმართვას იმის მიხედვით, როგორ იქნება ის დაცული. მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ერთპიროვნულად დაითხოვა სდსს-ის უფროსი თემურ ჯანაშია, ახლა დაცვის სამსახურის სანცვლოდ პრეზიდენტს პირობას უყენებენ კონსტიტუციის შეცვლის საკითხზე. საქართველოს პრეზიდენტის სახელით უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ პირობებში მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს, მთლიანად უარი თქვას დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. პრეზიდენტის დაცვის სპეციალური ღონისძიებები დღეს დილიდან არ ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პირველ პირს ეს ხელს ვერ შეუშლის გადაადგილებასა და ხალხთან შეხვედრაში. პრეზიდენტი მადლობას უხდის დაცვის სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ამ წლების განმავლობაში თავის სამსახურს კეთილსინდისიერად ასრულებდა", - განაცხადა მაჯგალაძემ.
შეგახსნებეთ, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სდსს-ს თემურ ჯანაშიას ნაცვლად ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ანზორ ჩუბინიძე უხელმძღვანელებს.