[მედიანიუსი]
~უფლებადამცველთა გაერთიანება~ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მეუღლის მაკა მეტრეველის და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრის მაგდალინა ანიკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარის მიღებასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადებას შეიტანს.
როგორც დღეს გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ~უფლებადამცველთა გაერთიანების~ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, მათთვის კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსნის ნოდარ ლიპარტელიანის მიერ მიწოდებული სახელმწიფო აუდიტის დასკვნებიდან ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად 1 მილიონ ლარს ჩიორა თაქთაქიშვილს, მაგდალიკნა ანიკაშვილს და მაკა მეტრეველს ურიცხავდა.
„აღნიშნული თანხის მიღება შემდეგი სქემით ხდებოდა: ფინანსთა სამინისტრო 2009-2010 წლებში სასჯელაღსრულების სამინისტროს ანგარიშზე წლიურად 1 მილიონ ლარს რიცხავდა. შემდგომ ეს თანხა სასჯელაღსრულების სამინისტროდან ორგანიზაცია სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდში მიდიოდა. 2011-2012 წლებში კი როცა ფინანსთა სამინისტრო წლიურად 1 მილიონ ლარს ამჯერად უკვე განათლების და მეცნიერების სამინისტროს ურიცხავდა. განათლების სამინისტრო კი აღნიშნულ თანხას ზემოთქმულ არასამთავრო ორგანიზაციას აწვდიდა. სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში, გარდა ჩიორა თაქთაქიშვილისა, გაწევრიანებული იყვნენ მაგდალინა ანიკაშვილი, ხოლო ფონდის თავმჯდომარე და გამგეობის წევრი დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი იყო“, _ აღნიშნა მჟავანაძემ.
მისივე განმარტებით, განათლებისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები ტრანზიტის ფუნქციას ასრულებდნენ. არ ხდებოდა ფონდის მიერ ფინანსური ანგარიშის წარმოდგენა. არარსებობდა ინფორმაცია აღნიშნული თანხების ხარჯვის შესახებ. მიუხედავად ამისა, სამინისტროს მიერ უსაფუძვლოდ ხდებოდა ფაქტობრივი ხარჯთაღიარება. გაურკვეველი იყო, თუ რატომ ხდებოდა იურიდიული პირის დაფინანსება სამინისტროს საშუალებით. ასევე რატომ ხდებოდა აღნიშნული ხარჯების შენიღბვა.
მჟავანაძის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და დასკვნაც შეადგინა, თუმცა ეს დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას არ გადაეგზავნა, რაც თავის მხრივ, ცალკე დანაშაულს წარმოადგენს კონტროლის ალატის ყოფილი თავმჯდომარეების ლევან ბეჟაშვილის და ლაშა თორდიას მიმართ.
„ხელისუფლების ქმედებები აშკარად შეიცავდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, შეინიშნება სამსახურეობრივი უფლებმოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. ასევე მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტი. უფლებადამცველთა გაერთიანება საქართველოს მთავარი პროკურატურისგან აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირების მოხდენას და გამოძიების დაწყებას ითხოვს“, _ აცხადებს მჟავანაძე.