[მედიანიუსი]
26 მაისის მოვლენების ერთ-ერთი მოწმე ოლეგ ჟვანია სამართალდამცავების მხრიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. საქმის გამოძიების მოთხოვნით უახლოეს პერიოდში მთავარ პროკურატურას მიმართავს.
როგორც დღეს გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟვანიამ განაცხადა, 26 მაისის მოვლენები მისი სახლის წინ განვითარდა.
„ვხედავდი, როგორ უსწორდებოდნენ მოქალაქეებს სპეცდანიშნულის რაზმის წარმომადგენლები. ათამდე ადამიანი დავმალე. 27 მაისს სამართალდამცავებმა დამირეკეს და რუსთაველის გამზ. 4-ში, სადაც ჩემი კუთვნილი ფართია, გამოცხადება მთხოვეს. ამიყვანეს ამ შენობის სახურავზე და მაჩვენეს შენობის თავზე მდებარე კაბელი. მითხრეს, რომ კაბელი გადაჭრილი იყო, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირაო. ასევე განმიცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ დამეკისრებოდა იმ შემთხვევაში, თუ განვაცხადებდი, რომ კაბელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მიზნით თელასში დარეკილი მქონდა, თუმცა თელასის თანამშრომლები ადგილზე არ გამოცხადდნენ. მე მათ ვუთხარი, რომ მე არსად დამირეკავს და აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განვაცხადე.“, _ აღნიშნა ჟვანიამ.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე უარის შემდეგ მასზე ხორციელდებოდა მუქარა და მას ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი ისე უნდა ეთქვა, როგორც ეს მათ უთხრეს.
„მემუქრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფის თანამშრომლები. მიუხედავად ამისა, მე მათ შემოთავაზებულ ვერსიას ხელი არ მოვაწერე და 4-5 დღის შემდეგ ჩემს სახლში მოვიდა სამი პირი, რომელმაც მანქანაში ჩამტენა, რის შემდეგადაც ჩემი დაპატიმრება მოხდა. საპატიმროში 4 თვე გავატარე. ბრალდება იყო, რომ თითქოს 7 წლის წინ რაღაც ფინანსური დარღვევა ჩამიდენია. ჯერ წინასწარი დაკავების იზოლატორში მომათავსეს, შემდეგ კი გლდანის ციხეში გადამიყვანეს“, _ აღნიშნა ჟვანიამ. მასზე ფიზიკური ზეწოლა ციხეშიც ხორციელდებოდა. გარდა ამისა, ის დღემდე ბრალდებულად ითვლება და პრობაციონერია.
„პროკურატურისთვის აქამდე არ მიმიმართავს, რადგან ველოდებოდი პარლამენტში საგამოძიებო კომისის ჩამოყალიბებას. ახლა გავიგე, რომ აღნიშნული კომისია არ იქმნება, უახლოეს ხანებში პროკურატურას მივმართავ. მაინტერესებს, ვინ შემოაგდო ორი მიცვალებული სახურავზე, ვინ ბრძანა ჩემი დაკავება. ასე რომ, მოვითხოვ კონკრეტული პირების დასჯასაც“, _ აღნიშნა ჟვანიამ.