[მედიანიუსი]
ჯანმრთელობის დაზღვევის საყოველთაო პროგრამა სადაზღვევო პოლისების დარიგებას არ ითვალისწინებს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურის სააგენტოს დირექტორმა ნოე ქინქლაძემ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისი განმარტებით, ზურაბ ჭიაბერაშვილი არ იცნობს ახალი დაზღვევის სისტემის პრინციპებს.
„ჩვენთან პოლისები არ დარიგდება. ჩვენი პროგრამის მიხედვით, ყველა ადამიანი, რომელიც დღეს არ არის დაზღვეული, ამ პროგრამის მონაწილედ ითვლება,“ _ განაცხადა ნოე ქინქლაძემ.
მისივე განმარტებით, საყოველთა დაზღვევის სისტემაში მოექცევა 2 მლნ 200 000 ადამიანი, რომლებსაც დღეს საერთოდ არ აქვთ დაზღვევა და მომდევნო ეტაპზე კი მათი რიცხვი გაიზრდება. პირველ ეტაპზე დაზღვევა მოიცავს თერაპევტის მომსახურებას, ძირითადი ანალიზების უზრუნველყოფას და კრიტიკული გადაუდებელი შემთხვევების დაფინანსებას.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის საყოველთაო პროგრამა 28 თებერვლიდან დაიწყება.