[მედიანიუსი]
„ახალი მემარჯვენეები“ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ და ამ ცვლილებებს ქვეყნის ეკონომიკისთვის სახიფათოდ მიიჩნევენ.
როგორც დღეს „ახალი მემარჯვენეების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან კალანდაძემ განაცხადა, მათი პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას შრომის კანონმდებლობაში დამსაქმებლისთვის და ზოგადად ბიზნესისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური საკანონმდებლო ბარიერების და გაუმართლებელი რეგულაციების დაწესებაზე.
კალანდაძის განცხადებით, ცვლილებების კანონპროექტი ცალსახად მხოლოდ დასაქმებულის უფლებებზეა ორიენტირებული და არა ბიზნესის ხელშეწყობაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდასა და ქვეყანაში დოვლათის შექმნაზე.
„ერთის მხრივ ამ ცვლილებების კეთილშობილური მიზანი, რეალურად სერიოზული საფრთხის წყარო შეიძლება გახდეს ქვეყანაში ბიზნეს ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით და შრომითი ურთიერთობების დარეგულირების ნაცვლად, თავად გახდეს ამ ურთიერთობებში მთავარი პრობლემა. მითუმეტეს, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილება დასაქმებულის სამსახურიდან იძულებით გათავისუფლების შემთხვევაში, დამსაქმებლისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას და 2 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. რაც ბუნებრივად ძაბავს შრომით ურთიერთობებს და პირდაპირ უბიძგებს დამსაქმებელს, მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით მაქსიმალურად აარიდოს თავი უცხო პირებთან შრომით ურთიერთობებში შესვლას. დამსაქმებლისთვის გაუმართლებელი რეგულაციების, სახელმწიფო პირდაპირ უბიძგებს და იძულებულს ხდის დამსაქმებელს ერთის მხრივ, შეამციროს დასაქმებულთა რიცხოვნობა, და მეორეს მხრივ, შეამციროს დასაქმებულთა ხელფასის ოდენობა, რაც ყველაზე სახიფათოა“,–აცხადებს ლევან კალანდაძე.
მისი თქმით, იმის შიშით, რომ სამსახურიდან თანამშრომლის დათხოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, ან დათხოვნის პროცედურის ვადები 30-დან 90 დღემდე შეიძლება გაიწელოს, დამსაქმებელი შეეცდება ან არალეგალურად დაასაქმოს ადამიანი ან მხოლოდ ახლობლები და ნათესავები აიყვანოს სამსახურში.