[მედიანიუსი]
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი, მაგდა ანიკაშვილი უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და იგი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
"მრჩება შთაბეჭდილება, რომ საუბრობენ ადამიანები, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ ფონდის საქმიანობაზე, იმის თაობაზე, თუ როგორ მიიღებოდა ამ ფონდში გადაწყვეტილებები და ვის რა ფუნქცია და როლი ჰქონდა. ფონდის საქმიანობა დაარსების დღიდან იყო გამჭვირვალე. ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსები იყო სრულიად ღია და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეეძლო მონაწილეობა. გადაწყვეტილებებს კი სამეთვალყურეო საბჭო კენჭისყრის საფუძველზე იღებდა", - აცხადებს ანიკაშვილი.
მაგდა ანიკაშვილი ფონდში საპარლამენტო უმცირესობას წარმოადგენდა და მხარს უჭერდა სოციალურად ორიენტირებული პროექტების დაფინანსებას.
"საუბარი იმაზე, რომ რაიმე ხდებოდა ფარულად, რომ თანხა ვინმეს ანგარიშზე, მით უმეტეს პირად ანგარიშზე ირიცხებოდა, არის არაკომპეტენტურობა. შეიძლება მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ის, რომ საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხია და ამაზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ის, რომ აქ იყო რაიმე ფარული და კერძო პირები იღებდნენ თანხას ან მე ან ვინმე ან სხვა აბსურდია", - აცხადებს ანიკაშვილი.
ცნობისთვის: ~უფლებადამცველთა გაერთიანება~ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მეუღლის მაკა მეტრეველის და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრის მაგდალინა ანიკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარის მიღებასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადებას შეიტანს.
როგორც გუშინ გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ~უფლებადამცველთა გაერთიანების~ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, მათთვის კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსნის ნოდარ ლიპარტელიანის მიერ მიწოდებული სახელმწიფო აუდიტის დასკვნებიდან ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად 1 მილიონ ლარს ჩიორა თაქთაქიშვილს, მაგდალინა ანიკაშვილს და მაკა მეტრეველს ურიცხავდა.
„აღნიშნული თანხის მიღება შემდეგი სქემით ხდებოდა: ფინანსთა სამინისტრო 2009-2010 წლებში სასჯელაღსრულების სამინისტროს ანგარიშზე წლიურად 1 მილიონ ლარს რიცხავდა. შემდგომ ეს თანხა სასჯელაღსრულების სამინისტროდან ორგანიზაცია სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდში მიდიოდა. 2011-2012 წლებში კი როცა ფინანსთა სამინისტრო წლიურად 1 მილიონ ლარს ამჯერად უკვე განათლების და მეცნიერების სამინისტროს ურიცხავდა. განათლების სამინისტრო კი აღნიშნულ თანხას ზემოთქმულ არასამთავრო ორგანიზაციას აწვდიდა. სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში, გარდა ჩიორა თაქთაქიშვილისა, გაწევრიანებული იყვნენ მაგდალინა ანიკაშვილი, ხოლო ფონდის თავმჯდომარე და გამგეობის წევრი დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი იყო“, _ აღნიშნა მჟავანაძემ.
მისივე განმარტებით, განათლებისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები ტრანზიტის ფუნქციას ასრულებდნენ. არ ხდებოდა ფონდის მიერ ფინანსური ანგარიშის წარმოდგენა. არარსებობდა ინფორმაცია აღნიშნული თანხების ხარჯვის შესახებ. მიუხედავად ამისა, სამინისტროს მიერ უსაფუძვლოდ ხდებოდა ფაქტობრივი ხარჯთაღიარება. გაურკვეველი იყო, თუ რატომ ხდებოდა იურიდიული პირის დაფინანსება სამინისტროს საშუალებით. ასევე რატომ ხდებოდა აღნიშნული ხარჯების შენიღბვა.