[მედიანიუსი]
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ანგარიში წარადგინა.
ღონისძიებას მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მონიტორინგი ყველა 13 სახელმწიფო დაწესებულებაში განხორციელდა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ბავშვები არიან განთავსებული.
ნანუაშვილის განცხადებით, მონიტორინგის პროცესში სისტემური და ინდივიდუალური სახის პრობლემები გამოვლინდა.
ანგარიშის თანახმად, არასათანადო მოპყრობა დაფიქსირდა როგორც ბავშვთა, ისე ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებია მსგავსი კატეგორიის ბავშვთათვის სამედიცინო მომსახურების კუთხით.
მონიტორინგის პროცესში გამოვლინა შეზღუდული შესაძლებლობის ქმონე პირებზე ძალადობის ფაქტები, შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები; ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შეზღუდვის პრობლემა და არასათანადო სამედიცინო მომსახურებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები.
როგორც მონიტორინგის წარდგენისას აღინიშნა, მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში, მონიტორინგის მიმდინარეობისას, ხუთი პირი გარდაიცვალა და მათი გარდაცვალების გარემოება მოკვლევას საჭიროებს.
ამავე ანგარიშით, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მომსახურება შეზღუდული იყო უკლებლივ ყველა დაწესებულებაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ხელი არ მიუწვდებათ სამართლებრივ დახმარებაზე, ასევე, პირად და ოჯახური ცხოვრების უფლებაზე.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.