[pirveli.com.ge]
ტელეკომპანია "იმედის" წილის ყოფილი მფლობელის გიორგი მიქელაძის განცხადებით, მან "იმედის" 15 %-იანი წილი ფიქტიურად შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მუქარით შეიძინა.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ჩვენებაშია აღნიშნული. საუბარია გიორგი მიქელაძეზე, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" 15%-იან წილს ფლობდა.
"2006 წელს მე და მიხეილ ძაძამიამ დავაფუძნეთ სამშენებლო კომპანია შპს "ტექს ჯგუფი", რომელიც ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს თბილისის ტერიტორიაზე. 2007 წლის გაზაფხულზე წამოვედი აღნიშნული კომპანიიდან, ერთი პროექტი წამოვიღე და ახალი კომპანია შპს "გრატო პასაჟი" დავაფუძნე. აღნიშნული კომპანიაც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. ამ საწარმოში ვარ 80%-იანი წილის მფლობელი, ხოლო დანარჩენ 20%-ს ვაკო ტოგონიძე ფლობს. სწორედ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე დაინტერესდა ძველი ხელისუფლება, კერძოდ, იმ დროინდელი შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელთანაც ადრე მქონდა გარკვეული სახის შეხება. კერძოდ, 2007 წელს მიმდინარეობდა მშენებლობა ქალაქ გორში და იმდროინდელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები დაგვიბარა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც გაგვაცნო აღნიშნული მშენებლობის პროექტი და შემოგვთავაზა მიგვეღო მონაწილეობა. შეხვედრები გვქონდა ძველ შს სამინისტროს შენობაში, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობდა. ბოლოს ვანო მერაბიშვილმა დამიბარა 2011 წლის ნოემბერში, რომელიც შეხვედრისას შეეხო არა სამშენებლო საქმიანობის, არამედ ტელეკომპანია "იმედის" თემას. ჩვენს გარდა შეხვედრას არავინ ესწრებოდა, მერაბიშვილმა მითხრა, რომ პანამაში არსებობდა კომპანია "რააქ ჯორჯია ჰოლდინგი", რომელიც ფლობდა "ჯორჯიან მედია ფროდაქშენის" 90%-იან წილს (ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებლის) და აღნიშნული წილიდან გარკვეული ნაწილი უნდა შემეძინა მე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამემუქრა ჩემი ბიზნესის ლიკვიდაციით და ამასთან, გამაფრთხილა, რომ ყველაფერი მარტო ბიზნესის წართმევით არ დამთავრდებოდა, ასე ვთქვათ მისი მხრიდან იყო მუქარა. აქვე დავამატებ, რომ არ მინდოდა საერთოდ მიმეღო მონაწილეობაამ პროექტში, ვინაიდან ვიცოდი, ადრე თუ გვიან პრობლემები შემექმნებოდა, თუმცა სხვა გზა არ მქონდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე ჩემს ოჯახს და ბიზნესს საფრთხე დაემუქრებოდა", - აცხადებს მიქელაძე.