მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბურჯანაძის პარტია ძალოვანებს ბრძანების გამცემის ვინაობის დასახელებას სთხოვს - 01 მარტი 2013

[მედიანიუსი]

„დემოკრატიული მოძრაობა“ ძალოვანი უწყებების ოთხასამდე თანამშრომელს მადლობას უხდის, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის მიტინგის ძალადობრივი გზით დარბევის ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადეს.

ნინო ბურჯანაძის პარტია მადლობას იმ ძალოვანებსაც უხდის, რომლებიც აქციის დარბევაში მონაწილეობის მიუხედავად, ბრძანებას მაინც არ დაემორჩილნენ და მშვიდობიან მომიტინგეებს არ სცემეს, ცალკეულ შემთხვევაში კი, ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებაშიც დაეხმარნენ.

„დემოკრატიული მოძრაობა“ აღნიშნულ ძალოვანებს თხოვნით მიმართავს, გამოეხმაურონ და ინფორმაცია მიაწოდონ იმ პირების შესახებ, რომლებმაც მათ აქციის ძალადობრივი გზით დარბევის შესახებ მისცეს ბრძანება.

„დემოკრატიული მოძრაობა“ მიესალმება იმ ოთხასამდე ძალოვანის გადაწყვეტილებას, რომლებმაც როგორც აღმოჩნდა, უარი განაცხადეს სისხლიან სადამსჯელო სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და არ შეასრულეს მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი ბრძანება. იმედს ვიტოვებთ, ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება სრულყოფილად წარიმართება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგება ყველა ის ადამიანი, რომლებმაც არა მხოლოდ დანაშაულებრივად დაგეგმეს და განახორციელეს ეს ვანდალური აქტი, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც საერთო ნაციონალური არხების მეშვეობით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ხელისუფლების შეკვეთით, ტყუილისა და ცილისწამების პროპაგანდას ეწეოდნენ, როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ასევე „სახალხო კრების“ ლიდერებისა და მხარდამჭერების მიმართ“,–აცხადებენ ნინო ბურჯანაძის პარტიაში.

მათი თქმით, ყველა იმ პირმა, რომლებმაც უკანონო ბრძანების წარმატებით შესრულებისათვის მაშინ პრემიებიც კი მიიღეს, კარგად უნდა იცოდეს, რომ ძალადობისა და ადამიანების წამებისათვის ის აუცილებლად აგებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით.

„სამწუხაროდ, ამ ადამიანების უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში ინარჩუნებს, უარეს შემთხვევაში კი დაწინაურებულია და იკავებს მაღალ თანამდებობებს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ რევანშის მომხრე, თუმც ამავდროულად ჩვენთვის წარმოუდგენელია იმ პირების მიმართ ამნისტიაზე თუ მიტევებაზე (მით უფრო, რომ პატიება არავის უთხოვია) საუბარი, რომლებიც წარმოადგენდნენ ხელისუფლების შუა და დაბალ რგოლს და კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანების მიმართ. თუ თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად თანამდებობრივი მდგომარეობისა არ ეცოდინება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, საქართველო ვერასოდეს დაადგება რეალურად დემოკრატიული განვითარების გზას“,– ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია