[მედიანიუსი]
თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულ გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროს გიგი კალანდაძეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორი ბრალდება მოეხსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლე ეკა არეშიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პროკურატურის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაზე.
მოსამართლის თქმით, გიგი კალანდაძის მიმართ, რომელსაც ბრალი პირველად გასული წლის 8 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის, შემდეგ კი 12 და 19 ნოემბერს პროკურატურის მხრიდან წარედგინა, ბოლო ორი ბრალდების დადგენილება უნდა გაუქმდეს. მოსამართლის განმარტებით, 8 ნოემბრის შემდეგ გიგი კალანდაძე თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა ოფიციალურად პრეზიდენტს გათავისუფლებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი.
„შესაბამისად, კალანდაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა მხოლოდ 5 დეკემბერს და 12 და 19 ნოემბრის მდგომარეობით იგი მითითებული თანამდებობის პირი იყო. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საბრალდებო დოკუმენტები, რომლებიც 12 და 19 ნოემბერს არის მიღებული, უნდა გაუქმდეს და საქმეში დაუშვებლად იქნეს ცნობილი”, –– განაცხადა ეკა არეშიძემ.
მისივე თქმით, უნდა გაუქმდეს გიგი კალანდაძისთვის დაკისრებული გირაო, რომელიც მას მეორედ 10 000 ლარის სახით შეეფარდა და თანხა გენშტაბის ყოფილ უფროსს უკან დაუბრუნდეს.
გასული წლის 12 და 19 ნოემბერს წარდგენილი ბრალდებებით, რომლებიც დღეს ოფიციალურად გაუქმდა, კალანდაძეს ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა.