[მედიანიუსი]
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად და რომელ საათზე გაიმართება იგი. როგორც “მედიანიუსს” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნონა ყანდიაშვილმა განუცხადა, ამ დროისათვის შეხვედრის დეტალებზე არაფერია ცნობილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირება კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს დღის პირველ ნახევარში მთავრობის კანცელარიაში შეხვდებიან.
როგორც უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, შეხვედრის მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.
“საუბარი იმ საკონსტიტუციო ცვლილებას შეეხება, რომლის თანახმადაც, არ შეიძლება, არჩევნებში დამარცხებულმა პრეზიდენტმა დაითხოვოს არჩევნებში გამარჯვებული მთავრობა”, -- აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.
“ხვალ გამოჩნდება, აქვს თუ არა მსგავს შეხვედრებს აზრი”, -- მიიჩნევს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი.
როგორც უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განცხადაა, შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე არ უნდა იყოს. იგი მიიჩნევს, რომ მხარეებმა ოპოზიციურ პარტიებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებაზეც უნდა ისაუბრონ.
დეპუტატ გიორგი კანდელაკის მოსაზრებით კი, ცივილიზებულ ქვეყნებში პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს ბევრად ხშირად უნდა ხვდებოდნენ. იგი იმედოვნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას გაითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს პირველი მარტისათვის მთავრობის კანცელარიაში უნდა შეხვედროდნენ. ამის შესახებ იმავე დღეს, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. თუმცა, როგორც მაშინ თავად პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრაზე უარი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან ამის მიზეზად ვიზიტის გამო მოუცლელობა დაასახელა. ის, რომ პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს შორის 1 მარტის შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეული იყო, მოგვიანებით სხვა მინისტრებმაც დაადასტურეს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ინიციატივით ამასწინათ თავად მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა.