[მედიანიუსი]
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ მელორ ვაჩნაძეს 2 მარტს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე უცნობმა მამაკაცმა ზურგის არეში ბასრი საგნით დაჭრა.
როგორც ვაჩნაძემ „მედიანიუსს“ უთხრა, დაახლოებით 35 წლამდე მამაკაცმა ზურგის არეში იმ დროს დაჭრა, როდესაც ტელეფონზე საუბრობდა.
მისივე თქმით, ჭრილობის მიყენებისთანავე მან პიროვნება სახეზე დაინახა, თუმცა მისი ამოცნობა ვერ შეძლო.
„არ ვიცი, ვინ იყო. ჩვენს შორის არანაირი შელაპარაკება არ მომხდარა. ტელეფონზე ვლაპარკობდი და უცებ ზურგის არეში ბლაგვი საგანი დამისვა. არც მიცდია იქვე გამერკვია მიზეზი, რადგან იქვე ბევრი ადამიანი იყო და პანიკას მოვერიდე. ახლოს რომ მივსულიყავი, შეიძლებოდა მეორედაც დაესვა . უცებ რაც გავაკეთე ის იყო, რომ მეგობრებს შევატყობინე მომხდართან დაკავშირებით და საავადმყოფოში წაყვანა ვითხოვე“,–განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.
როგორც ვაჩნაძემ აღნიშნა, დიღომში, ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მრავლობითი ნაკერი დაადეს.
ვაჩნაძის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მედპერსონალმა მაშინვე აცნობა საპატრულო პოლიციას. ოპერაციის შემდეგ კი დაიკითხა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.