[მედიანიუსი]
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დღევანდელ შეხვედრას წინსვლად არ მიიჩნევს, რადგან მისი შეფასებით, ეს იყო “შეხვედრა შეხვედრისთვის”.
როგორც ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი და სააკაშვილის შეხვედრა “ჩემი შენ გითხარის” ტიპის საუბრის ფონზე ჩატარდა. მან რამდენჯერმე შეახსენა პრეზიდენტს, რომ ეს შეხვედრა ამ უკანსკნელის ინიციატივით იმართებოდა და სთხოვა, რომ უფრო მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა თავისი პოზიცია. საბოლოო ჯამში, სააკაშვილი სამ საკითხზე შეჯერდა, რომელთაგან ერთი მან კარგად ვერ გაიგო.
“ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იყო შეხვედრისთვის. მე რამდენჯერმე შევახსენე სააკაშვილს, რომ მისი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა და იქნებ ჩამოეყალიბებინა, თუ რისი თქმა სურდა. რამდენიმე შეხსენების შემდეგ მე თითით ვითვლიდი და სამამდე ავედი საბოლოო ჯამში. მისი პირველი თხოვნა იყო, რომ მედია უნდა გავათავისუფლო ყოველგვარი ზეწოლისაგან და თურმე უპრეცედენტო რამ ხდება საქართველოში მედიასთან დაკავშირებით. ამას ჩემი შენ გითხარიო ჰქვია, რასაც მე ღიმილით ვპასუხობდი. მეორე, მითხრა, რომ სასამართლო უნდა გავათავისუფლო ზეწოლისაგან, მესამე კარგად ვერ გავიგე... როგორც საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით, ხალხზე მასიურ დევნას და ძალადობას უნდა მოეღოს ბოლო. აი, სამი საკითხი ჩამოყალიბდა. მე ვცდილობდი კონსტრუქციული ვყოფილიყავი და ვახსენებდი, რომ მისი თხოვნით მივედი ამ შეხვედრაზე. შევახსენე საინტერესო საკითხები მაგალითად ჩემი წერილი, რომელსაც ამდენ ხანს საჯაროდ პასუხი ვერ გასცა და პოზიცია არ ჩამოაყალიბა”, - განაცხადა პრემიერმა.
ივანიშვილის თქმით, ზემოხსენებულ ღია წერილზე დასმული კითხვის საპასუხოდ პრეზიდენტმა მას ძალიან საინტერესო რამ უთხრა: თქვა, რომ საქართველო ჩვეულებრივი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა.
“შემდეგ მე დავუკონკრტე: რას ნიშნავს ჩვეულერბივი, როცა პრეზიდენტს შეუძლია მთავრობა დანიშნოს პარლამენტთან შეთანხმების გარეშე. ამის შემდეგ მან თქვა, რომ რამდენიმე მაგალითს მომიყვანს, სადაც ასეთი კონსტიტუცია არსებობს, თუმცა ვერც ერთი მაგალითი ვერ მოიყვანა და შემპირდა, რომ მოიძიებს, საჯარო განცხადებას გააკეთებს და რამდენიმე ქვეყანას დაასახელებს, სადაც პრეზიდენტს მსგავსი უფლებები აქვს”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერს თქმით, მან პრეზიდენტს სთხოვა, რომ მან და მისმა გუნდმა ევროპასთან და ამერიკასთან მხოლოდ იმ საკითხებზე ლაპარაკს, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი, თავი დაანებონ და ისაუბრონ ისეთ თემებზე, რაც საქართველოს ინტერესებში შედის. რაზეც სააკაშვილმა უთხრა, რომ ეს მისი აზრი იყო და სინამდვილეში მსგავსი არაფერი ხდებოდა.
“მოკლედ, ჩემი შენ გითხარის საუბარი იყო, რასაც მე მოვუწოდებდი, იგივეს მომიწოდებდა სააკაშვილიც”, - აღნიშნა მან.
პრემიერის თქმით, მისი სურვილია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მოახერხონ და საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებად დარჩნენ. სწორედ ეს იყო მისთვის ამ შეხვედრის მთავარი მიზანი. იგი მზად არის ამისათვის პრეზიდენტს მომავალშიც შეხვდეს, თუმცა იმედოვნებს, რომ თუ სამომავლოდ მათ შორის შეხვედრა კიდევ გაიმართება, ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის.