[მედიანიუსი]
საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პროცესი აგროვადების გათვალისწინებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პარალელურად მიმდინარეობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე მხოლოდ კომბინირებული ბარათები, მეორე ეტაპზე კი ნომინალური ბარათები დარიგდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 11 თებერვლიდან კომბინირებული ბარათების გაცემა ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო.
დღეის მდგომარეობით კომბინირებული ბარათები უკვე დარიგდა ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, თეთრიწყარო, დმანისი, წალკა), კახეთის რეგიონში (საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა), შიდა ქართლის რეგიონში (კასპი, ქარელი, გორი, ხაშური), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (მცხეთა, დუშეთი, თიანეთი) და იმერეთის რეგიონში (საცხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, ვანი, ბაღდათი, წყალტუბო, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია). ხვალიდან კომბინირებული ბარათების დარიგება დაიწყება ხარაგაულის და ხონის რაიონებში, ასევე აჭარის ა/რ ტერიტორიაზე (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო).
დღეიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, დმანისი, წალკა) ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებაც დაიწყო. ეტაპობრივად ნომინალური ბარათები მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯამში დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს.
0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა;
0.25 - ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. 1 ჰა-ზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება 2 კომპონენტისგან: 1. ნიადაგის ხვნა, ხნულის დადისკვა/გაფხვიერება;
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი - 300 ლარის ღირებულებით.
ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;
0.25-ჰადან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;