[მედიანიუსი]
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფლების და მხარდაჭერის” ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ონიანი პროკურატურას სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც ონიანმა დღეს პრაიმ-ტაიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2 მარტს ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე პროკურატურა ზეწოლას ახორციელებდა.
"ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ჩვენ ამოვიცანით სპეცსამსამხურების წარმომადგენლები და ისინი იქ იყვნენ იმისთვის, რომ პროკურატურის მეშვეობით უშუალო ზეწოლა განეხორციელებინათ სასამართლოზე. როდესაც ჩვენ დავინტერესდით, თუ ვინ იყვნენ ეს ხალხი, ისინი, უბრალოდ, ადგილიდან გაიქცნენ. ეს იყო აშკარა დარღვევა. გარდა ამისა პატრულის ფორმებში გამოწყობილი ადამიანები იყვნენ ე.წ. "პეპელას" სპეცრაზმის წარმომადგენლები. იყო უპრეცენდენტო მობილიზება კუდ-ისა და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლების. ამ ზეწოლის ფონზე კი სასამართლომ გამოიტანა აბსურდული გადაწყვეტილება და პირველი, რითაც სასამართლომ დაასაბუთა მისი გადაწყვეტილება, ეს იყო მიმალვის შიში, რაც უსაფუძვლოა" , -აცხადებს ონიანი.
მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან ახალაიასთვის სასამართლო პროცესიდან ერთი საათით ადრე ციხის ბუნტთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
"თუ ჩვენი პროკურატურა დღეს იქამდე წავიდა, რომ ფიქრობს ე.წ. კანონიერი ქურდები მოქმედებდნენ ახალაიას დავალებით, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ე მინდა გითხრათ, რომ მამარდაშვილის, ვიბლიანის, ცინდელიანის ჩვენებებით აქვს ახალაიას ბრალი წაყენებული, იმ კანონიერი ქურდების, რომლებმაც განაჩენი გამოუტანეს ახალაიას.. ამის შემდეგ როდესაც პროკურატურა შედის მსჯელობაში, რომ ეს ადამიანები ახალაიას დავალებით მოქმედებდნენ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს", - განაცხადა ონიანმა.
მისი თქმით, სამართლებრივი ბრძოლა პროკურატურის ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება.