[მედიანიუსი]
ეროვნული ბიბლიოთეკიდან 10 მილიონი ბეჭვდითი ერთეულის დაკარგვის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, ჯერ კიდევ 1977 წლის საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიის მე-2 ტომის მიხედვით ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში სულ დაცული იყო 11 257 215 ბეჭვდითი ერთეული.
1981 წლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოცემული ცნობარით კი დაფიქსირებულია 13 387 282 ბეჭვდითი ერთეული, 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული ბეჭვდითი ერთეული შეადგენს 4 000 000.
„ათ მილიონიანი დანაკლისის გამო ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილმა თანამშრომლებმა მთავარ პროკურატურას მიმართეს, რის შედეგადაც გამოძიება დაიწყო. ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ დარღვევებზე ჯერ კიდევ კონტროლის პალატის 1997 წლის ანგარიშია აღნიშნული. ათწლეულებია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. გაურკვეველია ჯერ კიდევ 2006 წელს წიგნის პალატიდან ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადმოსული წიგნების რა რაოდენობა იქნა გადმოცემული, არ დათვლილა, ბეჭვდითი ერთეულები ისე გადმოვიდა ეროვნულ ბობლიოთეკაში.“,–განაცხადა პრესკონფერენციაზე ნიკოლოზ მჟავანაძემ
მისივე თქმით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასევე მძიმე მდგომარეობაა , სამკითხველო დარბაზებშიც და შენობები სასწრაფო რემონტს საჭიროებს.
ცნობისთვის: ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებით შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში სისხლის სამართლის ნომერ # 006200213009 საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.