[მედიანიუსი]
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლითაც სასამართლო პროცესების აუდიო–ვიდეო გადაღება დასაშვები გახდა, პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. სათანადო ცვლილებები სასამართლოების შესახებ კანონში შედის.
როგორც ცნობილია, თავის დროზე ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პროექტის ფარგლებში, პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში სასამართლო პროცესების აუდიო-ვიდეო ჩაწერის სავალდებულო უზრუნველყოფის ნორმაც ჩაიდო. თუმცა, როგორც საკითხის განხილვისას აღინიშნა, იქმნებოდა საკანონმდებლო კოლიზია, რადგან მისი ზემდგომი ორგანული კანონი –– საერთო სასამართლოების შესახებ გადაღებების შესაძლებლობას კვლავ ზღუდავდა.
როგორც მაშინ დეპუტატები შეთანხმდნენ, აღნიშნული კანონის ამ მხრივ კორექტირება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე მოხდებოდა.
პარლამენტის მიერ დღეს მიღებული კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატ ვახტანგ ხმალაძისა და უმცირესობის დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა. მიღებული ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.