[მედიანიუსი]
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს გარანტია მისცა, რომ ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მცდელობები არ არსებობს და თუ ამის შესახებ შეიტყობს, აუცილებლად ჩაერევა.
ივანიშვილმა ამის შესახებ დღეს კუბლაშვილთან დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოში განხორციელებულ პროცესებში კუბლაშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მისი თქმით, მათ, უპირველესად, ერთმანეთი გაიცნეს.
„მისი გაცნობა ჩემი სურვილი იყო. საუბარი შეეხებოდა იმას, რომ სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ახალი გუნდისგან და, რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს და ირწმუნოს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. ეს იყო საუბრის ძირითადი თემა. ვისაუბროე იმაზეც, რომ რეფორმების გატარება აუცილებელია. ბატონ კოტეს აქვს მზაობა და თანახმაა, იმის მიუხედავად, რომ ეს იუსტიციის სამინისტროსგან, ახალი გუნდისგანაა ინიცირებული, იგი ამ რეფორმების 80 პროცენტზე მეტს ეთანხმება და მას აქვს ობიექტური კითხვები", –– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, იგი კარგად იცნობს კოტე კუბლაშვილის ბიოგრაფიას და წარსულს და მიაჩნია, რომ არსებობს იმის ყველანაირი საფუძველი, რომ მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დარჩენილ დროში ღირსეულად დაასრულოს.
"სასამართლო საქართველოში ობიექტური და დამოუკიდებელი უნდა იყოს. კუბლაშვილს იმ პროცესებში, რაც სასამართლოში განხორციელდა, დიდ წვლილი აქვს შეტანილი და მონაწილეობა აქვს მიღებული. გასაგებია, რომ კითხვები არსებობს, არ მინდა, ახლა ისე გამოვიდეს, რომ მხოლოდ პოზიტივზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვიცით და ბატონი კოტეც მეთანხმება, რომ საზოგადოებაში არის გარკვეული სკეპტიციზმი, არსებობს კითხვები სასამართლოსადმი, წარსულისადმი, თუმცა ბევრიც გაკეთებულა და ამ პოზიტივში ბატონ კოტესაც აქვს წვლილი შეტანილი“, –– აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი ინფორმაციით, შეთანხმება ნაწილობრივ შედგა.
„სადღაც ვერ ვთანხმდებით, მაგრამ პრინციპებში შევთანხმდით და შევთანხმდით იმაში, რამდენად ბევრი კითხვაა დღევანდელი სასამართლოსადმი. მაგრამ იმაზე ვთანხმდებით, რომ სასამართლო მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა გახდეს. მე მას მივეცი გარანტია, რომ არ არსებობს ჩემი და ჩემი გუნდის წევრების მხრიდან მცდელობები სასამართლოზე ზეწოლისა და თუ ეს გავიგე, აუცილებლად ჩავერევი. ბატონო კოტე ამაში დავარწმუნე. ჩვენ ვისაუბრეთ როგორ განვვითარდეთ და წინ წავიდეთ და არავითარი სიტყვა იმპიჩმენტი არ წამოგვცდენია, ამაზე საუბარი არ გვქონია", –– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.