[მედიანიუსი]
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სასამართლოს გაძლიერებაზე ესაუბრა. მან ამის შესახებ დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საკითხებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ სასამართლო საქართველოში იყოს უფრო მეტად და ძლიერად წარმოდგენილი, როგორც დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი სისტემა.
"ვისაუბრეთ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებისგან არის გადმოდგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სასამართლოს მიმართ იყვნენ სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლება. გადაწყვეტილებების ობიექტური შემფასებელი უნდა იყოს და ობიექტურად უყურებდეს სასამართლოს საქმიანობას არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც, რათა სასამართლო იყოს, პირველ რიგში, თავისუფალი კორუფციისგან, თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, რომელიც არის ამ ქვეყანაში“, –– აღნიშნა კონსტანტინე კუბლაშვილმა და დასძინა, რომ პოლიტიკოსებს თავიანთი მოსაზრებები აქვთ, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობას ეს ყველაფერი არ უნდა შეეხოს.
„ნებისმიერი შეხვედრა, რომელიც წაადგება სასამართლოს დამოუკიდებლობას, მისასალმებელია და ამაში ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას“, –– აღნიშნა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მისი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა მოიწონა სასამართლოს ინიციატივა, რომელიც პროკურორებთან, ადვოკატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სასამართლო პრაქტიკის საკითხებზე მსჯელობის გამართვას გულისხმობს.