[მედიანიუსი]
მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში რაიმე ტიპის გადასახადის შემოღების ამკრძალავი კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 89 ხმით 1-ის წიინააღმდეგ დაამტკიცა. ლაპარაკია უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება და სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებად განისაზღვრება. აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება იკრძალება. შესაბამისი ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ კანონებში შევა.
მათში ჩაიწერება, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ძირითადი სასწავლო-აღმზრდელობითი და კვებითი მომსახურებისთვის გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება აკრძალულია.
პროექტის თანახმად, საბავშვო ბაღებში სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებსა და სამუშაო რეჟიმის დებულებას, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულო დაამტკიცებს. საკანონმდებლო ინიციატივა სხვა ცვლილებებსაც ითვალისწინებს.
საკანონმდებლო პაკეტი ძალაში 2013 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა.