[მედიანიუსი]
კაზინო “აჭარის” დაყადაღებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “მედიანიუსმა” გაარკვია, რომ ფიზიკური პირი, ვისი მოთხოვნის საფუძველზეც კაზინოს მოძრავი ქონება დაყადაღდა, ცოტა ხნის წინ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ბიზნესმენი, “სახალხო კრების” წევრი ივა ჩიღვინაძეა.
ჩიღვინაძე წინა ხელისუფლების პირობებში 2011 წლის 26 მაისის ცნობილი მოვლენების დროს დააპატიმრეს. მას “სახალხო კრების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე ერთ-ერთი პოლიციელის დაშავების თანამონაწილეობაში დასდეს ბრალი და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წელს პარლამენტმა ჩიღვინაძე პოლიტპატიმრად აღიარა და ამის შემდეგ იგი საპატიმროდან გათავისუფლდა.
ჩიღვინაძის ადვოკატი “მედიანიუსს” უდასტურებს, რომ კაზინო “აჭარის” ქონება მისი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღდა, თუმცა იგი მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.
ჩიღვინაძე აცხადებს, რომ მას 2009 წელს კაზინო “აჭარაში” არსებული წილი უკანონოდ, დავით კეზერაშვილმა და დავით იაკობაშვილმა ჩამოართვეს. იგი სასამართლოში ჩივის და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
“მედიანიუსთან” საუბარში კაზინო “აჭარაში” ზემოხსენებულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ კაზინო "აჭარის" მოძრავი ქონება დაყადაღდა. როგორც ,,მედიანიუსს” აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, დაყადაღებულია სულ 500 მოძრავი ერთეული. დაყადაღება კერძო პირის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა, რომელსაც კაზინო ,,აჭარის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი.
,,კერძო პირი უჩივის კაზინოს და სასამართლო პროცესის დასრულებამდე რომ არ გაიყიდოს, ან არ გასხვისდეს ქონება, პრევენციის მიზნით მან სასამართლოს მოსთხოვა ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დაუკმაყოფილა. ჩვენ დავიწყეთ ჩვეულებრივი საქმის წარმოება”, - განაცხადა აღსრულების ეროვნულ ბიუროს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.