მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოსა და აზერბაიჯანში ოპიატებისა და ოპიოიდების ბოროტად მოხმარების ოდენობა გაორმაგდა - 07 მარტი 2013

[მედიანიუსი]

გაეროს მიერ ნარკოტიკების შესახებ მიღებული საერთაშორისო კონვენციების განხორციელების მიზნით დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანოს – ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სააგენტოს (INCB) ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოსა და აზერბაიჯანში ოპიატებისა და ოპიოიდების ბოროტად მოხმარების ოდენობა გაორმაგდა.

აღნიშნულ ანგარიშში, რომელიც 2012 წელს ეხება, ნათქვამია, რომ ახალი რეპორტის შედეგების დაჯამების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანში წინა კვლევის ჩატარების პერიოდთან შედარებით (რომელიც 2–4 წლის წინ ჩატარდა) ოპიოიდებისა და ოპიატების ბოროტად მოხმარების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

აზერბაიჯანში 15–დან 64 წლამდე ასაკის ადამიანებში ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად მოხმარების დონე 0,2 პროცენტიდან (2008 წლის მონაცემით), გასულ წელს 1,3 – 1,7 პროცენტამდე გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოს, ზემოხსენებული ასაკის ადამიანებში ოპიოიდებისა და ოპიატების მოხმარების ოდენობა 0.6 პროცენტიდან (2006 წლის მონაცემით) გასულ წელს 1.3–1.4 პროცენტამდე გაიზარდა.

გაეროს ეგიდით შექმნილი ზემოხსენებული ორგანო ქვეყნების ხელისუფლებებსა და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს სიტუაციის გამოსწორების რეკომენდაციებით მიმართავს.

ზემოხსენებულ მონაცემებს ეთანხმება სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც „მედიანიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ კვლევაში დაფიქსირებული შედეგი ძალიან მძიმეა.

“მე ჯერ გაეროს დასკვნა არ მინახავს, მოგვიანებით გავეცნობი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ კვლევა საქართველოშიც გაკეთდა და იქაც დაახლოებით იგივე მონაცემი იყო... ნარკოტიკების მოხმარების გაორმაგებაზე საუბარი არ იყო იქ, მაგრამ დაახლოებით 1,5-ჯერ გაზრდაზე იყო საუბარი. ფაქტია, რომ აქაური კვლევითაც ეს დასტურდება“, – განუცადა ნარკოლოგმა „მედიანიუსს“.

ზურაბ სიხარულიძე ფიქრობს, რომ საქართველოში ნარკოტიკების გამოყენების შემთხვევები კუსტარული ნარკოტიკის, დეზომორფინის, იგივე „ნიანგის“ მოხმარების ზრდის ხარჯზე გაორმაგდა.

„კუსტარული ნარკოტიკების მოხმარებამ ძალიან მოიმატა. ე.წ. ნიანგის მოხმარება გაიზარდა“, – ამბობს იგი და დასძენს, რომ სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელება საქართველოში ძალიან არაკონტროლირებადია. შავ ბაზარზე იყიდება კოდეინის შემცველი ძალიან ბევრი პრეპარატი, საიდანაც შემდეგ დეზომორფინს ამზადებენ.

როგორც ცნობილია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს ხელისუფლების ძველი მაღალჩინოსნები და მათ შორის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ნარკომანიის დონე შემცირებული იყო. პრეზიდენტმა შესაბამისი განცხადება გასულ წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისასაც გააკეთა, თუმცა ზემოხსენებული კვლევის მონაცემები საპირისპიროს მეტყველებს. ზურაბ სიხარულიძე ფიქრობს, რომ როდესაც აღნიშნული განცხადებები კეთდებოდა, პრეზიდენტი და ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, სავარაუდოდ, ძალიან მძიმე ნარკოტიკებზე მაგალითად, ჰეროინზე აპელირებდნენ და არა დეზომორფინზე.

„თუმცა ესეც ძალიან მძიმე ნარკოტიკია. ჰეროინის ტიპის ნარკოტიკების მოხმარება მთელ მსოფლიოშია შემცირებული და ახლა კუსტარული ნარკოტიკები ვრცელდება აქტიურად, ასე რომ... ის მონაცემები, რაც ამ კვლევაშია, ძალიან მძიმეა. როცა ამბობდნენ, რომ ქვეყანაში დაიკლო ნარკომანიამ და პრეზენტაციებს აკეთებდნენ: ჩვენ ნარკომანია დავამარცხეთ საქართველოში... რეალური სურათი სულ სხვა გვაქვს, სულ მაგას ვიძახდით, რომ კატასტროფაა... ეგენი ახლა დააბრალებენ 1 ოქტომბრის შემდეგ გაიზარდა ნარკოტიკების მოხმარებაო, მაგრამ ასე არ არის – 3 წლის მანძილზე ხდება ამის ინტენსიური ზრდა. სულ მაგას ვიძახით, რომ სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელბა საქართველოში არის ძალიან არაკანტროლირებადი... ანუ ამ პროცესმა ერთი სეგმენეტიდან მეორე სეგმენტში გადაინაცვლა“, – უთხრა მან „მედიანიუსს“.

ანგარიშის მიხედვით, ნარკოტიკების მოხმარება მთელ მსოფლიოში გაიზარდა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია