[მედიანიუსი]
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მოსაზრებით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ისე უნდა გათავისუფლდეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა კონტროლისა და გავლენისაგან, რომ ახალი ხელისუფლების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არ მოექცეს.
მან ამის შესახებ ჟურნალისტებს მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორებსა და საზოგადოებრივი მაუწყებელის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ეს კანონპროექტი და არხზე მიმდინარე პროცესები იყო.
„მიმდინარე პროცესებზე თავიანთი შეშფოთება გადმომცეს და მათ შეშფოთებას მეც ვუერთდები. მივიჩნევ, რომ ეს მოვლენები სწრაფად უნდა დასრულდეს და იმის განცდა უნდა გაჩნდეს, რომ მაუწყებლობა ემსახურება ხალხს და არა ჯგუფურ ინტერესებს. მათ მოვახსენე, რომ პარლამენტის ამოცანაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ისე გათავისუფლდეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა კონტროლისა და გავლენისაგან, რომ ის ახალი ხელისუფლების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არ მოექცეს“, –– აღნიშნა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ გადამწყვეტი ჟურნალისტებისა და კოლექტივის აზრი უნდა იყოს.
მისივე თქმით, პარლამენტი ყველა შესაძლო და ცივილიზებულ ქვეყნებში არსებულ ნორმას მიიღებს, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახსრები, რომლითაც ტელევიზია ფინანსდება, გამჭირვალე იყოს.
"გადაწყვეტილებებს სინდისიერი და პროფესიონალი ადამიანები უნდა იღებდნენ, რომლებიც არ უყურებენ იმას, ვინ გაიმარჯვა არჩევნებში", – დასძინა დავით უსუფაშვილმა.