[მედიანიუსი]
პირობითი მსჯავრის გაუქმების მუდმივმოქმედი კომისია 28 მარტს შეიქმნება. როგორც ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძემ განუცხადა, კომისია არ განიხილავს პირობითი მსჯავრის გაუქმების თაობაზე იმ პირობით მსჯავრდებულთა საქმეებს, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლისა) აქვთ ჩადენილი. კომისია არ განიხილავს იმ პირთა საქმეებს, რომელთაც აქვთ კანონით დადგენილი რეჟიმის ერთზე მეტი მოქმედი დარღვევა, ასევე სასამართლოს მიერ გაგრძელებული აქვთ გამოსაცდელი ვადა და სასამართლოს მიერ გამოცხადებული იყო მათზე ძებნა, ან წარსულში არიან ნასამართლევი, ასევე კანონით დადგენილი წესის გარეშე აქვთ საზღვრის კვეთა ან კვეთის მცდელობა.
გიორგაძის ინფორმაციით, კომისიის მხრიდან პრიორიტეტი იმ პირობით მსჯავრდებულებს მიენიჭებათ, რომლებსაც გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე არაუმეტეს ერთი წელი აქვთ დარჩენილი.
პირობითი მსჯავრის გაუქმების მუდმივმოქმედი კომისია სხდომაზე ასევე განიხილავს განცხადებებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის თაობაზე.