[მედიანიუსი]
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას ურჩევს და სამეურვეო საბჭოს შეცვლისკენ მოუწოდებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია, სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედით აღძრას მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა.
საკანონმდებლო ორგანომ უნდა შეაფასოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორ გიორგი ბარათაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის კანონიერება და მოქმედი სამეურვეო საბჭოს შეცვლის გადაწყვეტილება მიიღოს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ პარლამენტს, მოხდეს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებების კანონიერების დადგენა. ასევე დაიწყოს ე.წ. ბორდის შეცვლის საპარლამენტო პროცედურა. ამასთან, პარლამენტმა უნდა დაიწყოს „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება და მაუწყებლის სამეურნეო საბჭოს დაკომპლექტება გადავიდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებაში. რაც შეეხება მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ამისთვის საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შექმნილი ვითარება არ პასუხობს მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობას, აღრმავებს კრიზისს და სახეზე გვაქვს ტელევიზიის თანამშრომელთა უმრავლესობის უნდობლობა სამეურვეო საბჭოს მიმართ, პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მაუწყებლის საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა და სამეურვეო საბჭოს შეცვლით საფუძველი შექმნას რეალური საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბებისთვის“–აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის გათავისუფლებით „მაუწყებლის შესახებ“ კანონი დაარღვია, რადგანაც სამეურვეო საბჭოს დირექტორის უნდობლობისთვის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3 ესაჭიროებოდა. სამეურნეო საბჭო შედგება 15 წევრისგან, გიორგი ბარათაშვილის გადაყენებას კი მხარი 9 მეურვემ დაუჭირა, უნდობლობის გამოცხადებისათვის კი, მხოლოდ 10 მეურვის მხარდაჭერა იყო საჭირო. ამასთან, საბჭომ განმეორებით სხდომაზე შეგნებულად არ მიიღო დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილების შეცვლის გადაწყვეტილება, რითაც მაუწყებელზე კრიზისული ვითარება გააძლიერა.